ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის, ასევე ბორჯომის და უნივერსიტეტის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, რომ დაკავებულია ოპოზიციურ პარტია „გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი.
ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შსს-ს პრესამსახურში განუცხადეს.
შსს-ს ცნობით, თავად თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ზურაბ ჯაფარიძეს თავს დღეს გორში მაშინ დაესხნენ თავს, როცა ის ბორჯომისკენ მიდიოდა “ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის” ბანაკში, სადაც სპიკერი უნდა ყოფილიყო.
თავდასხმა მოხდა ბორჯომში აღნიშნულ ბანაკზეც, სადაც ძალადობრივი ჯგუფები მივიდნენ – ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ისინი ყვირიან, აგინებენ, საღებავებს და სავარაუდოდ, ქვებს ესვრიან ბანაკის მიმართულებით. ამ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სხვისი ქონების განზრახ დაზიანების, სს კოდექსის 187 – მუხლით დაიწყო- ასე განუცხადეს “ნეტგაზეთს” შსს-ში.
რაც შეეხება უნივერსიტეტში მომხდარ დაპირისპირებას, ამ ფაქტზეც გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
დღეს მომხდარ ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურნენ დიპლომატები და პოლიტიკოსები. ჩეხეთის ელჩმა მომხდარს “საშინელება” უწოდა.