პენიტენციური: პოლონელი ექიმი სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის მალულად გატანას ცდილობდა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსაკვლევად საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი პოლონელი ექიმი ექსპრეზიდენტისგან აღებული ნიმუშის “მალულად გატანას” ცდილობდა. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგიც გამართა.
“ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა თავად სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას.
ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას”, — აღნიშნავს უწყება და ავრცელებს ვიდეომასალასაც, რომელიც, მისივე ცნობით, ზემოთ აღწერილი შემთხვევის ფრაგმენტს ასახავს.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კადრებში “ნაჩვენებია მხოლოდ ის კადრები, სადაც ხდება ქაღალდში გადახვეული ნიმუშის ამოღება და არ არის ნაჩვენები, თუ როგორ მალულად იყო ის განთავსებული ექიმის ფეხსაცმელში, უშუალოდ პალატაში”.
14 ივლისს გამართულ ბრიფინგზე რატი ბრეგაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, მომხდარზე პოლონეთის საელჩოს პოზიცია მოისმინოს.
“გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთის საელჩო ჩართული იყო ექიმების ჩამოყვანის პროცესში და იყო მათი რეკომენდატორიც, მივმართავ თხოვნით საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ მოისმინოს საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით”, — დასძინა ბრეგაძემ.
ევროკავშირის მხარდაჭერილი პოლონური სამედიცინო მისიის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ 12 ივლისს მოინახულეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ჩალაძემ, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ პენიტენციური სამსახურის განცხადებაში აღწერილ შემთხვევაზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა დარწმუნებულია, რომ დიპლომატიური პროტოკოლის მიხედვით, ამ განცხადებას პასუხს გასცემენ იმ მისიის ხელმძღვანელები, რომლითაც პოლონელი ექიმები ჩამოვიდნენ.
მისივე სიტყვებით, “მსოფლიოს ზეწოლა, რომელიც იზრდება “ქართულ ოცნებაზე”, არის ისტერიის გამომწვევი და არ არის გასაკვირი “ქართული ოცნების” ისტერიული ქცევა”.