დანია და ნიდერლანდები უკრაინას F-16-ებს გადასცემენ – ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი
ნიდერლანდები და დანია უკრაინას ამერიკული წარმოების F-16 საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემენ. აღნიშნულის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა 20 აგვისტოს, თავის ქვეყანაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, თვითმფრინავების გადაცემა მნიშვნელოვანი მოტივაცია იქნება უკრაინის ძალებისთვის, რომლებიც რუსეთის ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევას აწარმოებენ.
როგორც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ უთხრა ზელენსკის, თვითმფრინავების გადაცემის ვადები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მალე იქნებიან მზად უკრაინული ეკიპაჟები და ქვეყნის ინფრასტრუქტურა F-16-ების მისაღებად.
ზელენსკიმ “ისტორიული” უწოდა თვითმფრინავების გადაცემის შესახებ განაცხადს.
“42 თვითმფრინავი. და ეს მხოლოდ დასაწყისია”, – წერს ზელენსკი პოსტში, რომელიც ნიდერლანდებთან გაფორმებულ შეთანხმებას ეხება. მეორე მხრივ, როგორც სააგენტო AP News აღნიშნავს, ნიდერლანდებისა და დანიის საერთო განცხადებაში, რომელიც F-16-ების გადაცემასთან დაკავშირებით გაკეთდა, თვითმფრინავების რაოდენობა დაკონკრეტებული არ არის.
“ჩემთვის საამაყოა, რომ დანია, ნიდერლანდებთან ერთად, გაგზავნის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში რუსეთისა და მისი უგუნური აგრესიის წინააღმდეგ.
დანიის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია…” — აღნიშნავს დანიის თავდაცვის მინისტრი იაკობ ელემან-იენსენი.
სანამ ორი ქვეყნის ეს გადაწყვეტილება გაცხადდებოდა, ნიდერლანდებმა და დანიამ პარასკევს თქვეს, რომ აშშ-მა მათ ნებართვა მისცა, გადასცენ კიევს ამერიკული F-16-ები.
ვაშინგტონი ამბობს, რომ F-16-ები – ისევე როგორც ამერიკული “აბრამსის” ტანკები – გრძელვადიან პერსპექტივაში გადამწყვეტი იქნება.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს 2022 წლის თებერვლიდან აწარმოებს. დიდი ხანია, კიევი მსოფლიოს ქვეყნებისგან საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას ითხოვს.
გარეკანის ფოტოზე: უკრაინის პრეზიდენტი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი. AP Photo