„ბავშვების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში“ – უახლესი კვლევის შედეგებს UNICEF აქვეყნებს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38 პროცენტი განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს. 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ჩატარებული კვლევის მიზანი იყო საქართველოში მაცხოვრებელ ბავშვთა კეთილდღეობის რამდენიმე საკვანძო ასპექტის გაზომვა და საქართველოში ბავშვის კეთილდღეობის მრავალ ასპექტზე მონაცემეთა მოგროვება, მათ შორის: ბავშვთა ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ დახმარებაზე, კვება სკოლის პერიოდში, მატერიალური და სოციალური დანაკლისი, აღზრდის მეთოდები და ფუნქციური სირთულეები. კვლევაში ჩართული იყო 1,279 რესპონდენტი და შეგროვდა ინფორმაცია მათ შინამეურნეობაში მცხოვრებ 2.438 ბავშვზე.
კვლევის ერთ-ერთი მიგნების თანახმად, გამოიკვეთა, რომ სასკოლო პერიოდში კვება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში. საკვების მიღების ბარიერები უფრო მეტადაა გავრცელებული მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის (45 პროცენტი), ვიდრე ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვებს შორის (28 პროცენტი). სკოლაში საკვების მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერია საკვები ობიექტის არარსებობა სკოლის სიახლოვეს (ეს მიზეზი დასახელდა შემთხვევების 36 პროცენტში). ფინანსური ბარიერები ასევე დასახელებულია მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც საერთოდ არ იკვებებიან სასკოლო საათებში.
კითხვაზე, უნდა უზრუნველყოფდეს თუ არა სკოლა ბავშვს საკვებით, სასკოლო ასაკის ბავშვების შობლების/ოჯახის წევრების დიდი უმრავლესობა დადებითად პასუხობს (83.2%).
გარდა ამისა, კვლევისას გამოკითხული რესპონდენტების (74.2%), მათ შორის მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების მშობლების, უმრავლესობა მზად არის, გადაიხადოს თანხა სასკოლო კვების პროგრამებში, თუკი ეს თანხა მათთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ცხრილზე იხილეთ მიზეზები, თუ რატომ არ იკვებებიან ბავშვები სასკოლო საათების განმავლობაში:
კიდევ რა დაადგინა ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ:
- სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28 პროცენტი არ დადის საბავშვო ბაღში. მათგან, ბავშვების 22 პროცენტი არ დადის მშობლის არჩევანის საფუძველზე, ხოლო 6 პროცენტი ვერ დადის ბარიერების გამო. ყველაზე გავრცელებული ბარიერებია ზოგიერთ სოფელში სკოლამდელი დაწესებულებების არარსებობა და ბავშვის მომლოდინეთა სიაში მოთავსება;
- 2021-2022 სასწავლო წელს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 98 პროცენტი ესწრებოდა სკოლას, უნივერსიტეტს ან/და პროფესიულ განათლებას, ხოლო ბავშვების 2 პროცენტამდე განათლების სისტემის მიღმა იყო დარჩენილი;
- კერძო მასწავლებლების მომსახურებას იყენებს 6-17 წლის ასაკის ბავშვების 19 პროცენტი და ამდენივეს სურს, მაგრამ ვერ ახერხებს, ისარგებლოს აღნიშნული სერვისით. კერძო მასწავლებლების მომსახურების მიღებისყველაზე გავრცელებული ბარიერი არის ფინანსების ნაკლებობა, რომელიც აღნიშნულია შემთხვევების 87 პროცენტში;
- საგანმანათლებლო მასალების ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა; ბავშვების 45 პროცენტს არ აქვს ერთი საგანმანათლებლო ნივთი მაინც, რომელიც ისურვეს, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ. საგანმანათლებლო ნივთები, რომლებიც ბავშვებს ყველაზე ხშირად აკლიათ არის ლეპტოპები/კომპიუტერები (29 პროცენტი), შემდეგ მოდის სახატავი მასალები, წიგნები და მუსიკალური ინსტრუმენტები;
- მშობლების დიდი უმრავლესობა კმაყოფილია სკოლამდელი და სასკოლო განათლებისა და ჯანდაცვის მომსახურებით;
- ბავშვების 12%-მა ვერ მიიღო საჭირო სამედიცინო მკურნალობა (სრულად ან ნაწილობრივ), ხოლო 5%-მა ვერ მიიღო საჭირო მედიკამენტები. ორივე შემთხვევაში ძირითადი ბარიერები ფინანსური იყო;
- ბავშვების 62 პროცენტის მშობლებმა/ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ იყენებენ ბავშვების აღზრდის მხოლოდ არაძალადობრივ მეთოდებს. ფსიქოლოგიური აგრესია, როგორიცაა ყვირილი და ბავშვისთვის დამამცირებელი სახელების წოდება დაფიქსირდა ბავშვების 29 პროცენტის შემთხვევაში, ხოლო ბავშვების 5 პროცენტიდაექვემდებარა ფიზიკურ დასჯას, როგორიცაა ცემა, სილის გაწნა, ყურის აწევა ან დარტყმა. სასტიკი ფიზიკური დასჯა, მაგალითად – მთელი ძალით ცემა, შეეხო ბავშვების ერთ პროცენტზე ნაკლებს.
UNICEF-ის ინფორმაციით, კვლევის ინსტრუმენტის შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ „გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის ოფისი“ Innocenti და „გაეროს ბავშვთა ფონდის“ საქართველოს ოფისი. კვლევის შედეგები არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ამჟამად კონტროლირებად რეგიონებში მაცხოვრებელი ბავშვების რეპრეზენტატული. ანგარიშის მთავარი სამიზნე აუდიტორია არის ბავშვებისთვის სხვადასხვა მომსახურების გამწევი დაინტერესებული მხარეები, რომელთა შორისაც არიან შესაბამისი სამინისტროები, ადგილობრივი ხელისუფლებები, ბავშვის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციები და ზოგადად – ფართო საზოგადოებაც.
ამავე თემაზე: