ირანში 6 და 7 წელი მიუსაჯეს ჟურნალისტებს, რომელთაც მაჰსა ამინის სიკვდილი გააშუქეს
ირანის სასამართლომ აშშ-სთან თანამშრომლობისა და სხვა ბრალდებებით დააპატიმრა ჟურნალისტები, რომელთაც გასულ წელს მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილი გააშუქეს.
31 წლის ნილუფარ ჰამედიმ კომაში ჩავარდნილი ამინის დაღუპვის ფაქტი გაახმაურა, ელანე მოჰამადიმ კი — მისი დაკრძალვა გააშუქა. ორივე მათგანი ბეჭდური მედიისთვის მუშაობდა.
ირანის სასამართლოსთან აფილირებული სააგენტოს, “მიზანის” თანახმად, 1-წლიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, ჰამედის 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მოჰამადის კი — 6-წლიანი.
როგორც სააგენტო AP წერს “მიზანზე” დაყრდნობით, ბრალდებებს შორის იყო აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობა, შეთქმულება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და სისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდა. დაპატიმრებული ჟურნალისტები ბრალდებებს უარყოფენ.
აშშ-ში მოქმედი “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” განცხადებით, ჰამედისა და მოჰამადის გასამართლება წარმოადგენს ჟურნალისტიკის კრიმინალიზების მცდელობას ირანის ხელისუფლების მხრიდან.
მიმდინარე წლის მაისში გაერომ ორივე ჟურნალისტი პრესის თავისუფლების პრიზით დააჯილდოვა.
მაჰსა ამინის სიკვდილი
22 წლის ქურთი ქალი, მაჰსა ამინი, ირანის ე.წ. მორალის პოლიციამ გასული წლის სექტემბერში დააკავა. მას სავალდებულო თავსაბურავთან დაკავშირებული წესების დარღვევას ედავებოდნენ. დაკავებიდან მალევე, ამინი კომაში ჩავარდა და 3 დღეში დაიღუპა.
ხელისუფლება ქალის სიკვდილს ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირებდა, თუმცა სწრაფად გავრცელდა მისი ოჯახის განცხადებები, რომელიც თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ამინის დაკავებისას სცემეს.
მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაწყებული დემონსტრაციები, რომლებმაც მალევე მიიღო მმართველი რეჟიმის საწინააღმდეგო სახე, არაერთგზის შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ისლამური რესპუბლიკისთვის, მისი არსებობის ისტორიაში.
უფლებადამცველთა ცნობით, აქციების ჩახშობისას უსაფრთხოების ძალებმა 500-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, საიდანაც 71 არასრულწლოვანი იყო. დაკავებულთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა. 7 ადამიანი, დაკავების შემდეგ, სიკვდილით დასაჯეს.
გარეკანის ფოტო: Radio Farda