ახალი ამბები

ფარცხალაძის მიმართ გამოძიებას კვლავ არ იწყებენ — რას ნიშნავს ეს?

ფარცხალაძის მიმართ გამოძიებას კვლავ არ იწყებენ — რას ნიშნავს ეს?

აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებიდან ოთხი დღე გავიდა, თუმცა მიუხედავად ისეთი სერიოზული ბრალდებებისა, როგორიც რუსულ „ეფესბესთან“ კავშირებია, ქვეყნის შიგნით ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მხოლოდ ის თქვა, რომ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, თუმცა ეს არ ნიშნავს გამოძიების დაწყებას.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი, იურისტი გურო იმნაძე აღნიშნავს, მტრული სახელმწიფოს ინტერესების გაძლიერებაზე მუშაობა, რაზეც აშშ-ის განცხადებაშია საუბარი, რამდენიმე მიმართულებით ქმნის დანაშაულის ნიშნებს, რაც გამოძიების დაწყების საფუძველია.

მიუხედავად ამისა, იურისტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი განცხადება არ ტოვებს განცდას, რომ უწყება აღნიშნული საქმის გამოძიებითაა დაინტერესებული. სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებაზე მორიგი გამოძიების დაწყება კი, რაც სუს-მა დღეს დააანონსა, იმნაძის თქმით, ამ ეჭვებს ამყარებს და აქცენტების გადატანას ისახავს მიზნად:

“მაშინ, როცა მკაფიო ნიშნები იყო იმის შესახებ, თუ ვინ მოქმედებს ამ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ვის შეიძლება სურდეს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, უცხო მტრული სახელმწიფოს გავლენების გაძლიერება… ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ფარცხალაძე და ამაზე ყოფილიყო რეალური აქცენტები… ჩვენ სუს-ისგან ვნახეთ პირიქით, [სიტუაციის] ხელოვნურად შემოტრიალება, თითქოს უკრაინიდან იგეგმება ქვეყნის შიგნით არეულობის მოწყობა“, — აღნიშნავს იურისტი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ხაზინის განცხადებაში, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას ხედავს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი, რაც უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. GDI-ს ხელმძღვანელის თქმით, ასეთ დროს გამოძიება საქართველოს პროკურატურასაც უნდა დაეწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კი, თავის მხრივ, მარიკაშვილის თქმით, არ უნდა დაეშვა, რომ ასეთი პერსონა მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშნულიყო:

„ეს არ არის რაღაც რიგითი შემთხვევა, აქ საუბარია ჩვენს პარტნიორ ქვეყანაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ქვეყანაზე, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი მექანიზმებით, რომელიც აკეთებს განცხადებას, რომ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს კავშირი ჰქონდა რუსეთის FSB-სთან. ამას სჭირდება გამოძიება“ ,— აცხადებს მარიკაშვილი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელსაც „ნეტგაზეთის“ რესპონდენტები ფარცხალაძის მიმართ გახმიანებული ბრალდებების შემდეგ ქვეყნის შიგნით რეაქციებზე დაკვირვებით გამოკვეთენ, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებზე ამ პროცესის გავლენაა.

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი კახა ქემოკლიძე, რომელიც წლების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმიანობდა, მიიჩნევს, რომ ფარცხალაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებიდან გამოჩნდა, რომ ამერიკისა და საქართველოს სპეცსამსახურებს შორის ნდობა განულებულია.

ქემოკლიძის თქმით, სხვაგვარად ასეთი ინფორმაცია საჯაროდ ან საერთოდ არ გახმიანდებოდა, ან მისი დღის სინათლეზე გამოტანა მოგვიანებით მოხდებოდა, მანამდე კი სახელმწიფოს ექნებოდა შესაბამისი რეაგირება:

„ჯანსაღი პარტნიორობის სცენარში ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, წინმსწრებად, თვეებით ადრე მიეწოდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. ის ამას სერიოზულად მიიღებდა, იქნებოდა პოლიტიკური ნება პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ ამ საქმეს გაჰყოლოდნენ ბოლომდე და ბატონ ფარცხალაძესთან ერთად, თუკი იარსებებდა რაიმე ტიპის სადაზვერვო ქსელი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახორციელებდა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე, ახორციელებდა დამატებით აგენტურულ საქმიანობას, ამის გამოვლენა და განეიტრალება მოხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს ამერიკელებისთვის სასარგებლო იქნებოდა, ისევე როგორც ქართული კონტრსადაზვერვო საქმიანობისთვის. ეს იქნებოდა ორმხრივი სარგებლის მქონე პროცესი, რომელიც გაანეიტრალებდა ამ ყველაფერს“ ,— აცხადებს კახა ქემოკლიძე.

მისი თქმით, იმის ფიქრის საბაბს, რომ ასე არ მომხდარა, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები აძლევს, რომელთათვისაც ფარცხალაძის სანქცირება იმდენად მოულოდნელი იყო, მესიჯბოქსის დალაგებაც ვერ მოასწრეს და ჯერ სრულიად გაემიჯნნენ ყოფილ გენერალურ პროკურორს, დღეს კი უკვე მის დაცვაზე გადავიდნენ და „ეჭვების ინსტრუმენტალიზებას აწარმოებენ“ მოსაზრების გამყარებით, რომ რაკი ამერიკელები მტკიცებულებებს არ მიაწვდიან, თითქოს ისინი არც არსებობს. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები თავდაპირველად მიუთითებდნენ, რომ ფარცხალაძეს 10 წელია პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონია, დღეს კი ამბობენ, რომ აშშ-მა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რის საფუძველზე მას სანქციები დაუწესეს.

ქემოკლიძის თქმით, მტკიცებულებების მოთხოვნა არის პროფესიული აბსურდი, რადგან, მისი განმარტებით, სანქცირებაზე პასუხისმგებელ უწყებას, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტსაც კი არ ექნებოდა დეტალური მასალები ნანახი, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნიდა ამერიკული სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდოლოგიასა და წყაროებს.

“დარწმუნებული იყავით, რომ დეტალების დონეზე აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს, რომელიც სანქცირებაზეა პასუხისმგებელი, არც ექნებოდა კონკრეტული დეტალები მიწოდებული ცენტრალური სადაზვერვო დეპარტამენტის მიერ, რადგან ეს უნივერსალური კანონია. მსგავსი ტიპის დეტალები არ საჯაროვდება იმიტომ, რომ თითოეულმა წვრილმანმაც კი შესაძლებელია რუსეთის სპეცსამსახურებს ის ინფორმაცია მიაწოდოს, რაც მათ დაეხმარება გაშიფრონ მათი [ამერიკული სპეცსამსახურების] საქმიანობის მეთოდოლოგია და ამ ინფორმაციის წყაროები“, — აღნიშნავს პოლიტიკოსი.

ქემოკლიძე აღნიშნავს, რომ საკითხზე სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინტერესში უნდა იყოს, რადგანაც ფარცხალაძეზე გახმიანებულმა ბრალდებებმა, მისი თქმით, სისტემის შიგნით გააჩინა კითხვები. თუ დადასტურდა, რომ ყოფილი გენპროკურორის მიმართ წაყენებული ბრალდებები რეალურია, ქვეყანას შესაძლოა კოლოსალური ზიანი მიადგეს.

„დაწყებული საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის და პირდაპირ მტრული სახელმწიფოს ხელში აღმოჩენით, დამთავრებული ადგილობრივ შიდაპოლიტიკურ პროცესებზე პირდაპირი თუ ირიბი ზეგავლენის მოხდენის თვალსაზრისით. ამაზე მეტი ზიანი რა უნდა მიადგეს ქვეყანას. საზოგადოების ინტერესი რა შუაშია, შენ ფაქტობრივად სადაზვერვო საქმიანობა აგიყირავდა, თუ დადასტურდა ის ფაქტი, რაც გითხრეს. ამიტომ შენი კონტრსადაზვერვო კუთხით ინტერესი უნდა არსებობდეს, როგორც ინსტიტუციის, და ამიტომაც უნდა იწყებდე გამოძიებას და არა მოკვლევას“ ,— აღნიშნავს ქემოკლიძე.

ქემოკლიძე მიიჩნევს, რომ სწორედ ფარცხალაძის გარშემო შექმნილ ვითარებას უკავშირდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი განცხადებაც. პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი მიიჩნევს, რომ სწორედ გენპროკურორის სანქცირებამ დააჩქარა „ქართული ოცნების“ მხირდან ამ „კოზირის“ ახლა გამოყენება:

„სუსის დღევანდელი განცხადება, ჩემი აზრით, ერთ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი არის, ვისაუბროთ არა ამ ძალიან სერიოზულ საკითხზე, რომელიც ფარცხალაძის შესაძლო ჯაშუშობას ეხება, არამედ იმაზე, რაც შემოგვთავაზეს. ჩემი აზრით, ეს არის საინფორმაციო ველზე ნარატივის ფორმირების ძალიან მახინჯი  და იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ნახევრად სახუმარო გახდა, რადგან ხალხმა უკვე სათვალავი დაკარგა, იმდენი მსგავსი ტიპის განცხადება აქვთ გაკეთებული.

ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთ მიზანს ემსახურება. მე დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მოახლოვდებოდა არჩევნები, ამგვარ განცხადებებს გააკეთებდნენ, მაგრამ ფარცხალაძის ამ ძალიან სერიოზულმა საქმემ, რომელიც, ჩემი აზრით, გაგრძელდება, ნაადრევად გაასროლინათ ეს ტყვია. დარწმუნებული ვარ, ამას ინახავდნენ არჩევნების მოახლოებისთვის და არა ახლა, ამ დროისთვის“, — აღნიშნავს ქემოკლიძე.


ამერიკის შეერთხებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.

ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.

ნასამართლობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება აუდიტის სამსახურის იმდროინდელი უფროსის და ამჟამად დევნილობაში მყოფი ლაშა თორდიას ცემის ფაქტიც.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.