„პრობლემა სკოლაში კი არა, მშობელშია“ – რეპეტიტორების მოდა თუ შესაბამისი სწავლების არარსებობა სკოლებში?
საქართველოში სხვადასხვა კლასის მოსწავლის კერძო რეპეტიტორთან მომზადების ტენდენცია ყოველწლიურად მზარდია და კრიტიკულ მაჩვენებელს დამამთავრებელ კლასში აღწევს, როდესაც აბიტურიენტები უმაღლესში ჩასაბარებლად, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის იწყებენ მზადებას. განათლების სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, რეპეტიტორის ინსტიტუტის ფართო გამოყენებას თან ახლავს თავისი უარყოფითი გავლენა და შედეგი. მშობლების ნაწილი კი, რეპეტიტორებთან მომზადების აუცილებლობას სკოლაში განათლების შესაბამისი დონის არარსებობის გამო ხედავს.
განათლების სპეციალისტი, გიორგი გახელაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ დღეს სკოლა ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის სკოლებში განათლების ხარისხის კლება. მისი თქმით, მაშინ, როდესაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსახვედრად მოთხოვნა და სასკოლო განათლების ხარისხი ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის, მშობლები დამატებით საგანმანათლებლო მომსახურეობით სარგებლობენ.
„თავდაპირველი მიზეზი, რაც რეპეტიტორებთან მომზადებას განაპირობებს, საჭიროებაა. უმეტესწილად, ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნებს სკოლა ვერ უზრუნველყოფს, ამას თავისი რამდენიმე მიზეზი აქვს: ერთი ის, რომ არ მოხდა სასკოლო და მისაღები საგამოცდო პროგრამების ურთიერთდაახლოება, შესაბამისად, არის უთანაბრობა. მეორე – უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ადგილების რაოდენობა კვლავაც მზარდი გვაქვს. მესამე მიზეზი კი არის ის, რომ უმაღლესი სასწავლებლების გარეშეც, ჩვენს სკოლებში განათლების ხარისხი კლებისკენ მიდის“, – აცხადებს გიორგი გახელაძე.
სპეციალისტი ამბობს, რომ ბოლო ორი წელიწადია, საქართველოში გაღარიბების წელია. შემოსავლების, რეპეტიტორული ხარჯების მკვეთრი კლება გვაქვს და გაღარიბებასთან ერთად, სარეპეტიტორო ბაზარი, სავარაუდოდ, შემცირებულია.
„2019 წლის ჩათვლით, მზარდი იყო არა მარტო აბიტურიენტების, არამედ უფრო დაბალ კლასელების მომზადება. დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურეობით სარგებლობდნენ ისინი, ვისი ამოცანაც იყო, სკოლის წარმატებით დასრულება და შემდეგ უმაღლესში ჩაბარება, – ეს მოდა ჩვენთან შენარჩუნებულია წლებია უკვე და ვისაც საშუალება ჰქონდა და აქვს, რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან იწყებენ მომზადებას, რაც განპირობებულია, სასკოლო განათლების ხარისხის უკმაყოფილებით.
„ჩვენთან, საზოგადოების უმეტესობა, სკოლას განიხილავენ არა როგორც დაწესებულებას, რომელიც თვითკმარი განათლების კერა უნდა იყოს ადამიანისთვის, არამედ მხოლოდ უმაღლესისთვის საფეხურს. შესაბამისად, როდესაც უმაღლესში მოსახვედრად მოთხოვნა და სასკოლო განათლების ხარისხი თანხვედრაში არ არის, იქ უკვე, ვისაც ამის საშუალება აქვს, სარგებლობს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურეობით“, – გვითხრა გიორგი გახელაძემ.
აბიტურიენტის მშობელი მანანა მიქაძე, რომელიც ასევე სკოლის პედაგოგია, EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, რომ პრობლემა არა თუ სკოლაში, მშობელშია, რომელიც საკმარისად არ არის ჩართული შვილისთვის განათლების მიცემაში და მხოლოდ კერძო რეპეტიტორებთან მისი მომზადებით არის დაკავებული.
„რატომღაც, ყოველთვის სკოლისა და მასწავლებლებისკენ მიდიან, მე კი მგონია, რომ მშობელთა ჩართულობა არის უფრო ნაკლები. მშობელი ფიქრობს, რომ მისი საქმე მხოლოდ შვილის რეპეტიტორთან მომზადება და ფულის გადახდაა, რაც მიუღებელია, მან შვილს ცოდნის მიღებაში უნდა შეუწყოს ხელი. მარტო მასწავლებელმა კი არ უნდა ასწავლოს კითხვა ან მოამზადოს გამოცდებისთვის, მშობლის როლი უნდა გაიზარდოს.
„რეპეტიტორები ზოგს მართლა სჭირდება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მოდას აყოლაც არის. რეპეტიტორი მოსწავლეს მოსთხოვს. მაინც ბავშვზე მგონია დამოკიდებული და ის არის მთავარი, თუ უნდა სწავლა, ისწავლის. მესმის ხოლმე მასწავლებლების კრიტიკა და მთლად ასე არ არის საქმე. პედაგოგი ვარ მე თვითონ და ნამდვილად გულს ხვდება არასამართლიანი კრიტიკა. შიდა სამზარეულო ვიცი. სკოლა, ოჯახი და ბავშვი, – ეს ჯაჭვი უნდა იყოს მთავარი“, – გვითხრა მანანა მიქაძემ.
კიდევ ერთი მშობელი, მაია ანდრონიკაშვილი, რომლის შვილიც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს, თვლის, რომ მოსწავლეების რეპეტიტორებთან მომზადება ერთგვარი ტენდენციაა და შესაბამისი ცოდნის გაცემა სკოლასაც შეუძლია. თუმცა ის ასევე ამბობს, რომ განათლებაში სისტემური პრობლემა არსებობს, რაც საჭიროებს შეცვლას, რათა ცოდნას უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭოს.
„სკოლას შეუძლია მოსწავლეს მისცეს შესაბამისი განათლება, თუმცა, მშობელთა უმრავლესობას მაინც მიაჩნია, რომ მე-12 კლასში, მოსწავლემ არა სკოლაში, არამედ მაინცდამაინც რეპეტიტორთან უნდა იაროს და ამაში ფულს იხდიან. მშობლებს ჰგონიათ, რომ გადახდილი ფულით შეძენილი ცოდნა უფრო მყარია და ამით, შესაძლოა, ბავშვმა შესაფერისი ქულა მიიღოს. მიმაჩნია, რომ მოსწავლემ სკოლაში უნდა იაროს და მიიღებს იმ ცოდნას, რაც ეროვნულ გამოცდაზე დასჭირდება. ჩემი შვილიც დადიოდა რეპეტიტორთან, რადგან ეს არის მიმბაძველობა. მე-12 კლასში უმრავლესობა კერძო რეპეტიტორთან დადის, ამიტომ მე, როგორც მშობელი, იძულებული გავხდი, ჩემი შვილიც მეტარებინა. მგონია, რომ ის სკოლაში მიიღებდა იმ ცოდნას, რასაც კერძო მასწავლებლისგან იღებდა.
„ზოგადად, ვფიქრობ, რომ განათლებაში სისტემური პრობლემაა, აუცილებელია რაღაცები შეიცვალოს, რომ ცოდნას უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭოს. ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელი ქულა, ბარიერი ძალიან დაბალია. უმაღლეს სასწავლებლებში ეროვნული გამოცდებით უფრო მაღალქულიანი აბიტურიენტები უნდა ჩაირიცხონ, იმ დაბალქულიანმა კი, მეტი ცოდნა მიიღოს, შემდეგ ჩააბაროს და ისე მოხვდეს უმაღლეს სასწავლებელში“, – გვითხრა მაია ანდრონიკაშვილმა.
მშობლის ამ იშვიათ ოპტიმისტურ განწყობას სკოლის შესახებ, სრულად აქარწყლებს ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, ნინო ლორთქიფანიძე. ინგლისური ენის სპეციალისტი, რომელიც წლებია აბიტურიენტებთან მუშაობს გვეუბნება, რომ დღეს სკოლა მოსწავლეს ვერ აძლევს ცოდნის იმ დონეს, რაც მას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდება.
„განათლების დონე სკოლებში ძალიან დაბალია. მე, როგორც ინგლისური ენის რეპეტიტორმა, შემიძლია ვთქვა, რომ ინგლისურ ენაში აბიტურიენტების დონე ძალიან არასახარბიელოა. მაშინ, როდესაც ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს მოეთხოვებათ B1 დონის ჩაბარება, იშვიათი შემთხვევაა, როდესაც დონის დასადგენი ტესტის დაწერისას აღმოჩნდება, რომ ბავშვი ამ დონეზე უკვე ფლობს ინგლისურ ენას.
„შემიძლია ვთქვა, რომ აბიტურიენტების უმეტესობის ცოდნა A1-A2 დონეზე მერყეობს, რაც არასაკმარისია ეროვნულ გამოცდაზე ტესტის დასაწერად. ასევე, რაც ყველაზე ცუდია არის, ბავშვებს სკოლაში საერთოდ არ ასმენინებენ ტექსტებს, შესაბამისად, ძალიან რთულია მოსწავლემ ეროვნულ გამოცდაზე შეასრულოს მოსმენის დავალება და გამსვლელი ქულა მაინც მიიღოს, რეპეტიტორთან მომზადების გარეშე. ხშირად უჭირთ მათ თემების დაწერა, რადგან სკოლაში თითქმის არასდროს სთხოვენ ამ დავალების შესრულებას და რაც მთავარია, ძალიან დაბალია მათი საუბრის დონე უცხო ენაში, რაც ძალიან დიდი პრობლემაა“, – განაცხადა ინგლისური ენის რეპეტიტორმა, ნინო ლორთქიფანიძემ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.
აბიტურიენტი, რომელიც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს, EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ დღეს სკოლა მოსწავლეს შესაბამის ცოდნას ვერ აძლევს და მშობელთა უმეტესობა სწორედ ამიტომ მიმართავს რეპეტიტორობის ინსტიტუტს. ილია ვეკუას თქმით, მნიშვნელოვანია, სკოლებში განათლების ხარისხმა აიწიოს და აუცილებელია, ამ საქმეში გარკვეული რესურსი ჩაიდოს.
„სკოლა ვერ გაძლევს სათანადო განათლებას ეროვნული გამოცდებისთვისაც კი, მაგრამ ვთვლი, რომ გამოცდაზე ჩემით შემიძლია ისეთი რაღაცების დაწერა, რომ რეპეტიტორთან ზედმეტი თანხა არ გადავიხადო და მივაღწიო იმ შედეგს, რასაც მაგალითად, მომზადებული ბავშვი. მე პირადად არ მომზადებულვარ კერძო რეპეტიტორთან.
„იმისთვის, რომ მოსწავლეებს რეპეტიტორთან მომზადება არ დასჭირდეთ, პირველ რიგში, სკოლებში უნდა გამოსწორდეს განათლების ხარისხი. არ ვამბობ, რომ ცუდია, თუმცა, უფრო მაღალი ხარისხის მიღება შეგვიძლია, რადგან საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც შეიძლება განათლების დაბალი დონით გამოირჩეოდეს. სკოლებში სასურველი რესურსი რომ ჩაიდოს, შეიძლება იგივე შედეგი დაიდოს, რასაც ევროპის წამყვანი ქვეყნები დებენ, უბრალოდ ხანგრძლივი პერსპექტივაა და მოკლე ვადაში ვერ მოხერხდება“, – უთხრა ილია ვეკუამ EDU.ARIS.GE-ს.
მოამზადა თამარ შუკვანმა