პოლონეთის არჩევნები: I ეგზიტპოლით შესაძლოა მთავრობა ოპოზიციამ ჩამოაყალიბოს
პირველი ეგზიტპოლი პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებიდან აჩვენებს, რომ მმართველი პარტია (PIS) ლიდერობს, თუმცა შესაძლოა, სამთავრობო კოალიცია არა მან, არამედ ოპოზიციამ შექმნას.
IPSOS-ის ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთში საპარლამენტო არჩევნებზე შედეგები ასე ნაწილდება:
- კანონისა და სამართლიანობის პარტია (PiS): 36.8%
- სამოქალაქო კოალიცია (KO): 31.6%
- მესამე გზა: 13%
- ახალი მემარცხენეები (Lewica): 8.6%
- კონფედერაცია: 6.2%
ეგზიტპოლის ამ შედგების თანახმად, მმართველი პარტია (PiS) პარლამენტში 200 მანდატს მოიპოვებს, მთავარი ოპოზიციური ძალა, დონალდ ტუსკის KO – 163 ადგილს, “მესამე ძალა” – 55 მანდატს, ხოლო მემარცხენეები 30-ს. გარდიანის მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა სამთავრობო კოალიცია ოპოზიციამ დააკომპლექტოს.
მოსალოდნელია, რომ ტუსკის პოლიტიკური ძალა კოალიციას შექმნის “მესამე ძალასა” და მემარცხენეებთან. იმისათვის, რომ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვონ და შესაბამისად მთავრობა ჩამოაყალიბონ, მათ 230 მანდატი ესაჭიროებათ.
ოპოზიციონერმა დონალდ ტუსკმა უკვე გამოაცხადა გამარჯვება. მისი თქმით, პოლონეთში “ბოროტი დროება” და PiS-ის მმართველობა სრულდება.
თუმცა, ჯერ მხოლოდ ეგზიტპოლის შედეგია ცნობილია, რაც გარდიანის თანახმად, არ არის გამორიცხული, რომ რეალურ შედეგებს არც დაემთხვეს, როგორც ეს უკვე მოხდა სლოვაკეთში მიმდინარე თვეში.
პოლონეთში ერთამენთს ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა უპირისპირდება – მმართველი „კანონი და სამართალი“, რომელიც მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას, და ყოფილი პრემიერისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის კოალიცია.
სავარაუდოდ, გამარჯვებულს, ვინც არ უნდა იყოს, სხვა, მცირე პარტიებთან მოუწევს კოალიციის ფორმირება.
არჩევნებთან ერთად ჩატარდება მმართველი ძალის მიერ ინიცირებული რეფერენდუმი მიგრანტების მიღების, საპენსიო ასაკის ზრდის და სხვა საკითხების შესახებ.
რა განასხვავებს ორ ძირითად ძალას?
ძირითადი განსხვავებები სოციალურ პოლიტიკაში მდგომარეობს. „კანონი და სამართალი“, რომელიც 2015 წლიდანაა პოლონეთის ხელისუფლებაში, ულტრაკონსერვატიულ პოზიციებზე დგას – მისი მმართველობის დროს პოლონეთში, ფაქტობრივად, აიკრძალა აბორტები. პარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამული ასპექტი „ტრადიციული ღირებულებების“ დაცვაცაა. ტუსკის კოალიცია ამომრჩეველს კი აბორტის შემზღუდავი კანონმდებლობის შერბილებას და ლგბტქ+ თემის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ჰპირდება.
საგარეო ურთიერთობებს რაც შეეხება, მთავარი სხვაობა ევროკავშირთან ურთიერთობებშია – ამჟამინდელ ხელისუფლებას ბრიუსელთან დაძაბული ურთიერთობები აქვს, ხოლო ტუსკის დაპირება მათი გაუმჯობესებაა. თუმცა, შესაძლო კოალიციაში შემავალმა სუბიექტებმა შეიძლება შეცვალონ პოლიტიკა უკრაინის მიმართ.
ვინ და ვისთან შეიძლება შევიდეს კოალიციაში?
ორი ძირითადი ძალის გარდა, პარლამენტში შესასვლელი ბარიერის [ხმათა 8%] გადალახვის შანსი კიდევ რამდენიმეს აქვს. „როიტერსის“ ცნობით, ესენია:
- „მესამე გზა“ – ორი პარტიის მემარჯვენე-ცენტრისტული ალიანსი, რომელიც თავს ორი მთავარი პარტიის ალტერნატივად წარადგენს. მათი პროგრამის ძირითადი ასპექტებია საგადასახადო სისტემის გამარტივება, მცირე ბიზნესის დახმარება და განათლებაზე მეტი სახსრების გამოყოფა;
- „ახალი მემარცხენეები“, რომელთა პროგრამაც მოიცავს შრომითი კანონმდებლობის ცვლილებებს, პროფკავშირების გაძლიერებას, თანდათანობით 35-საათიანი სამუშაო კვირის შემოღებას, 35-დღიან შვებულებას, ქალების უფლებებისთვის ბრძოლას, აბორტის შეზღუდვის შემსუბუქებას და ლგბქტ+ თემის უფლებების დაცვას. ისინი შეიძლება, კოალიციაში შევიდნენ ტუსკის ალიანსთან.
- „კონფედერაცია“ – ულტრა-მემარჯვენეთა პარტია, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ეწინააღმდეგება, 15 სახის გადასახადის გაუქმებას აპირებს და ამომრჩეველს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას ჰპირდება. პარტიის ლიდერმა, სლავომირ მენცენმა მათი მხარდაჭერები აღწერა, როგორც ხალხი, ვისაც „არ სურს ებრაელები, ჰომოსექსუალები, აბორტები, გადასახადები და ევროკავშირი“.
რა შედეგებს უნდა ველოდოთ?
„რიტორიკა არჩევნების ირგვლივ ხშირად ეგზისტენციალური ხასიათისაა, ამომრჩევლები ხმას აძლევენ არა მარტო კონკრეტული საკითხების – მიგრაციის, აბორტების და ეკონომიკის გამო, არამედ იმის გამოსარკვევად, თუ როგორ ქვეყნად ყოფნა სურს პოლონეთს“, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“. ქვეყნის მომავლისთვის არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე საუბრობენ ძირითადი პარტიების ლიდერებიც.
ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევების თანახმად, პირველ ადგილს იკავებს „კანონი და სამართალი“, თუმცა მას არ ეყოფა ხმები მთავრობის მარტო ფორმირებისთვის და კოალიციაში პარტნიორები დასჭირდება. სავარაუდოდ, ეს სწორედ „კონფედერაცია“ იქნება. ტუსკის „სამოქალაქო ალიანსის“ პარტნიორებად „მესამე გზა“ და „ახალი მემარცხენეები“ მოიაზრებიან.