„ევროკავშირს არ სჭირდება მეორე ორბანი და მეორე უნგრეთი“ — დენიელ ფრიდი
ყოფილი ამერიკელი დიპლომატების ნაწილი მიიჩევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები, როგორიც არის უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის ინიციირება, ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების დადანაშაულება, USAID-ის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები და ბოლოს, ევროპული ტურნეს გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა იყო, მხოლოდ აშორებს საქართველოს ევროპულ მომავალს. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იტყობინება.
„მე მსურს ვნახო, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მაგრამ ნათელი უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის ქართველებისთვის, რომ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, სურს მას, რომ საქართველო რუსეთის დომინირების სფეროში დატოვოს თუ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. ეს ორი ერთმანეთთან შეუსაბამო რამაა“, – ამბობს დენიელ ფრიდი, ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
ამავე კონტექსტში ექსპერტები, რომლებიც „ამერიკის ხმას“ ესაუბრნენ, ვიქტორ ორბანის მაგალითსაც იხსენებენ. უნგრეთის პრემიერმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ევროკავშირი უკრაინასთან დაკავშირებით „სათადარიგო გეგმაზე“ უნდა გადავიდეს, კიევისთვის მასშტაბური სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგზავნა კი სულაც არაა გამართლებული.
„ევროკავშირს არ სჭირდება მეორე ორბანი და მეორე უნგრეთი“, – ამბობს დენიელ ფრიდი და დასძენს, რომ საქართველოს მთავრობა „ფსონს არასწორ ცხენზე დებს“ და იმის ნაცვლად, რომ მეგობრებსა და დემოკრატებს ესაუბროს, პარტნიორებთან უცხოვდება და მათ შორდება:
„საქართველო არასწორ ცხენზე დებს ფსონს. ორბანი ევროპაში იზოლირებულია, ის რუსეთისა და ჩინეთის მეგობარია. დიქტატორებზე ფსონის დადება შეცდომაა. და ეს თავად უნგრეთსაც კარგად უნდა ახსოვდეს“, – ამბობს დენიელ ფრიდი და განმარტავს, რომ ევროკავშირს სწორედაც რომ აღარ სჭირდება ქვეყანა, რომელთანაც უნგრეთის მსგავსად, დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, სერიოზული კითხვები და პრობლემები ექნება. ამიტომ ბუდაპეშტი არ არის საუკეთესო მაგალითი თბილისისთვის:
„ევროკავშირში გაწევრიანება ხუმრობა არაა. ევროკავშირი არ მიიღებს ქვეყნებს, რომლებიც მის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, მას უკვე საკმარისი პრობლემები აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც უნგრეთია, სადაც ორბანი პუტინსა და პეკინს ემეგობრება. ევროპას არ სჭირდება კიდევ ერთი უნგრეთი და ისინი არ მიიღებენ ამას. ამავე გზით აღარ წავლენ“, – ფიქრობს ყოფილი დიპლომატი.
მისი აზრით, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ნაბიჯი გამოიყურება თითქმის ისე, რომ ის „განზრახ ისახავს მიზნად საქართველოს დასუსტებას, ევროპელი პარტნიორების გაუცხოებით, იმით, რომ მას რუსეთზე დაყრდნობის გარდა, სხვა არჩევანი არ დარჩეს… მთავრობას უნდა ახსოვდეს, რომ 2008 წელს საქართველოს თავს არც ევროკავშირი დასხმია და არც შეერთებული შტატები და არ წაურთმევია მისი ტერიტორია, ეს პუტინის რუსეთი იყო. ჩემთვის მისტიკურია ის, თუ რას აკეთებს „ქართული ოცნება“ და საქართველოს მთავრობა”, – ამბობს ფრიდი.
ყოფილი დიპლომატი ხშირად იმეორებს, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მას რთულ პირობებში აყენებს და ქვეყნის მთავრობისგან ფრთხილი პოლიტიკა გასაგებია, თუმცა ხსნის, რომ საქართველოს დასავლელ მეგობრებზე თავდასხმებით და მათთან გაუცხოებით, ის რუსეთის მიმართ თავს კიდევ უფრო სუსტ პოზიციაში იგდებს.
„სანამ რუსეთი შინ რეპრესული დიქტატურა და ტირანია, გარეთ კი აგრესორია, საქართველოსთვის ძნელი იქნება ერთდროულად ევროპული მომავლის კანდიდატიც იყოს და კრემლისადმი განსაკუთრებით მეგობრულიც… საქართველო თავად ისუსტებს თავს ევროპასთან გაუცხოებით. გგონიათ პუტინი დააჯილდოებს ქვეყანას, რომელიც მის მიმართ დავქემდებარებულ პოზიციაშია? გგონიათ ესაა რუსების გზა? ისინი ამ დაქვემდებარებას, მორჩილებას ჩათვლიან მეტის წართმევის ლიცენზიად. ქართველებს ამის ასახსნელად ამერიკელი არ სჭირდებათ. მათ ჩემზე უკეთ იციან, რა განზრახვა აქვს რუსეთს და როგორ მოახდენს ის მათი ქმედებების ინტერპრეტაციას“, – ამბობს დენიელ ფრიდი.