“ოცნებას” რომ მოენდომებინა, ამაზე ნათლად თავს ვერ წარმოაჩენდა პარტნიორების წინაშე – მელია
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ ირაკლი კობახიძესთან მომხდარი დაპირისპირებით “ქართულმა ოცნებამ” პარტნიორ ქვეყნებს საკუთარი სახე აჩვენა.
მელიას თქმით, იმის გამო, რომ დაპირისპირების შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან “ქართული ოცნების” აქტივისტები შეიკრიბნენ, მას შენობაში მყოფმა ელჩებმა სთხოვეს, რომ “პროვოკაციას არ წამოგებოდა”.
“ყველამ ძალიან კარგად დაინახა, განსაკუთრებით ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფოს ელჩებმა, თუ რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რას აწყობდნენ. მათი უმორჩილესი თხოვნა იყო, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ფხიზლად და არ წამოვგებულიყავით პროვოკაციას, რომელსაც აქ აწყობდა რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად ძალადობს. “ქართულ ოცნებას” რომც მოენდომებინა, ამაზე ნათლად საკუთარ თავს ასე ვერ წარმოაჩენდა მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე[…]
თუკი დღემდე ვინმემ არ იცოდა რეჟიმის დეფინიცია, დაინახა თბილისის შუაგულში. როგორ შეიძლება თქვა, რომ ამ ვითარებას რაიმე პლუსი აქვს, მაგრამ თუ ასე მივუდგებით, ერთადერთი დადებითი მხარე შეიძლება ჰქონოდა, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ყველა ელჩმა დაინახა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ წლების განმავლობაში”, – განაცხადა მელიამ.
დღეს, 23 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, ირაკლი კობახიძემ და ნიკა მელიამ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაიწიეს. დაპირისპირების შემდეგ კი ევროკავშირის წარმომადგენლობასთან “ქართული ოცნებისა” და ენმ-ის მხარდამჭერები ნიკა მელიას და ირაკლი კობახიძის შეიკრიბნენ.
მელია და კობახიძე ევროკავშირის ოფისთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ