“დასხდნენ პარლამენტში, უარი თქვან აქციებზე…” — კობახიძე ოპოზიციას პირობებს უყენებს
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე დისკუსიის განახლებისთვის ოპოზიციციას წინაპირობებს უყენებს.
“საჭიროა ის, რომ ოპოზიციური პარტიები დასხდნენ პარლამენტში — ეს ერთი. მეორე — მათ განგრძობითად, გარკვეული რაციონალური პერიოდის განმავლობაში უნდა აჩვენონ, რომ სურთ, ჩაერთონ კონსტრუქციულ საპარლამენტო ცხოვრებაში. ამას სჭირდება დამტკიცება. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ამ ყველაფერს. მათ უნდა შეცვალონ დღის წესრიგი. მათ უნდა შეცვალონ რიტორიკა. უარი თქვან რევოლუციაზე, რიგგარეშე არჩევნებზე, აქციებზე (როგორი მცირიცხოვანიც არ უნდა იყოს) და ა.შ. ამის შემდეგ უნდა ჩაერთონ საპარლამენტო ცხოვრებაში, დავაკვირდეთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. “ნაციონალური მოძრაობის” მესიჯია, რომ არ აპირებენ ჩაერთონ საპარლამენტო ცხოვრებაში, ერთადერთში, რაშიც აპირებენ მონაწილეობა მიიღონ, არის კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირეით. “დიდი ბოდიში” — არის ჩვენი პასუხი”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.
მანამდე “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და “ქართულ ოცნებას” დეკემბრის ბოლომდე მისცა ვადა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების კალენდრის წარმოსადგენად. ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები არის ერთადერთი მიზანი, რატომაც ენმ პარლამენტში რჩება. ამასთან, მელია ფიქრობს, რომ “ქართულ ოცნებას” შანტაჟი გაუვა პატარა პარტიებთან.
პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნები (ვადამდელის ჩათვლით) სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. თუმცა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ ამ ცვლილებების მიღების აუცილებლობა არ არსებობს, კანონპროექტის განხლვა არ გრძელდება და “ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე”. კობახიძის თანახმად, 2%-იანი ბარიერი შეიძლება იყოს მმართველი გუნდის კეთილ ნებაზე დამოკიდებული “საჩუქარი” პარტიებისთვის, ისიც 2024 წლიდან.
“როცა არ უნდა მივიღოთ [საკონსტიტუციო ცვლილებები], ეს იქნება საგაზაფხულო თუ საშემოდგომო სესიაზე, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ეს ცვლილებები უნდა ამოქმედდეს აუცილებლად 2024 წლიდან, ანუ რიგგარეშეზე არ გავრცელდება არც თეორიულად და არც პრაქტიკულად”, — თქვა ირაკლი კობახიძემ.
ენმ საკონსტიტუციო ცვლილებების კალენდრის წარმოსადგენად კუჭავას ერთთვიან ვადას აძლევს