რატომ ამოჭრეს 40 წამი კალაძის ინტერვიუდან

თბილისის მერმა და „ ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, ჯერ თქვა, რომ სკოლებში ბავშვთა კვებაზე ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტში კანონპროექტი წარადგინა, შემდეგ კი იგივე ცნობა უარყო.

კალაძემ ასეთი კანონპროექტის არსებობის შესახებ 20 ოქტომბერს, იმედთან ინტერვიუს დროს განაცხადა. ინტერვიუს მიმდინარეობისას მან უარყოფითად შეაფასა ნიკა მელიას დაპირება თბილისის საჯარო სკოლებში ბავშვთა უფასო კვებასთან დაკავშირებით, შემდეგ კი განმარტების სახით დაამატა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სკოლებში კვების საკითხის მოსაგვარებლად პარლამენტში თავის დროზე კანონპროექტიც კი შეიტანა.

„აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ თქვენ არ ვიცი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, მაგრამ ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს პარლამენტშიც კი აქვს შეტანილი ამასთან დაკავშირებით განსახილველად კანონპროექტი, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია…,“ – ამბობს კახა კალაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ეს ინტერვიუ ტელეკომპანია „იმედში“ 20 ოქტომბერს ჩაიწერა. თუმცა, თუ დღეს ინტერვიუს ჩანაწერს ჩართავთ (იმედის ვებგვერდზე ან ფეისბუკზე), ნახავთ, რომ მისი მიმდინარეობისას, ერთი ნაწილი, დაახლოებით, 40 წამი ამოჭრილია, კერძოდ 23:19 საათიდან 23:20 საათამდე. ეს ის პერიოდია, რა დროსაც კალაძე კანონპროექტზე საუბრობს.

ნეტგაზეთმა ინტერვიუს ეს ნაწილი საკაბელო ტელევიზიით ე.წ. გადახვევის ფუნქციით ნახა.

პარლამენტის ვებგვერდზე, სადაც ყველა განსახილველად დარეგისტრირებული ვებგვერდია თავმოყრილი, აღნიშნული კანონპროექტი არ ფიქსირდება. ამიტომ, დღეს 25 ოქტომბერს თავად კალაძეს მივმართეთ კითხვით, საიდან აქვს მას  ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს უკვე პარლამენტისთვის წარდგენილ კანონპროექტზე. მან გვიპასუხა, რომ ინტერვიუს დროს ახსენა არა კანონპროექტი, არამედ ის, რომ ამ საკითხის “განხილვები” მიმდინარეობდა.

„განხილვები მიმდინარეობდა-მეთქი, შეიმუშავა არ მითქვამს. მაგაზე გითხარით, იყო ამაზე საუბარი, მიმდინარეობდა განხილვები-მეთქი. შეიმშავა რომ მეთქვა, მაშინ მიღებული იქნებოდა,“ – გვიპასუხა კალაძემ.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას, ჩვენი კითხვიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დღის ბოლოს უწყებიდან წერილობით გვიპასუხეს და გვითხრეს, რომ ამ საკითხზე განხილვები მიმდინარეობს. უწყების პასუხში საუბარი პარლამენტისთვის წარდგენილ კანონპროექტზე არ არის. სანაცვლოდ სამინისტრო ამბობს, რომ: საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა კვების, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტის გაუმჯობესების და სკოლის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა, ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.

„მიმდინარე ეტაპზე უკვე დასრულდა სკოლის ექიმისა და სკოლაში სამედიცინო მომსახურების სივრცის მოწყობის სტანდარტზე მუშაობა, რომლის ფორმალიზება მოხდება უახლოეს პერიოდში. 2020 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ასევე დაიწყო სკოლის კვების მოდელზე, კვების რაციონზე, განფასებასა და სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებზე მუშაობა. ამავდროულად, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის მიერ, მომზადდა სკოლებში მოსწავლეთა კვების საერთაშორისო პრაქტიკასა და ადგილობრივი კვლევის შედეგებზე დამყარებული ეროვნული, პირველადი მოდელი. აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრა 2021 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა, საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა კვების მოდელთან დაკავშირებული დეტალები და პილოტური პროექტის დაწყების საკითხები,“ – წერია ოფიციალურ პასუხში.

უწყება ასევე დასძენს, რომ ეს სამუშაო პროცესი აქტიურად გაგრძელდება.

კანონპროექტი არის ხედვა გარკვეულ საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უწყება ან პარლამენტის წევრი პარლამენტს სთავაზობს. სამინისტროები პარლამენტში როგორც წესი უკვე მთავრობის დონეზე შეჯერებულ და განხილულ კანონპროექტებს წარადგენენ და თუ მას დეპუტატთა უმრავლესობა მხარს დაუჭერს,  შემდეგ უკვე კანონად იქცევა. რეგისტრაციის შემდეგ კანონპროექტი პარლამენტის ვებგვერდზე შესაბამის ბაზაში ქვეყნდება.


მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში გამოჩნდა  „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერები ახალი დაპირებებით – „უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში“. მანამდე ანალოგიური ხედვით არაერთი სხვა პოლიტიკური პარტია (ლეიბორისტები, პატრიოტთა ალიანსი) თუ საზოგადობრივი ჯგუფი გამოსულა.

ბანერემა მალევე გამოიწვია დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება. გააქტიურდა დისკუსია – უნდა იყოს თუ არა საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება უფასო?

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

უფასო კვება სკოლებში – შესაძლებლობა თუ უბრალო დაპირება

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.