დღეს საქართველოს ჰყავს ევროსკეპტიკური ხელისუფლება — ინტერვიუ ნატა საბანაძესთან
„დღეს საქართველოს ჰყავს ევროსკეპტიკური ხელისუფლება, რომელიც შესაბამისად იყენებს ევროსკეპტიკურ დისკურსს საკუთარი ნაბიჯების გასამართლებლად“, – ამბობს ნეტგაზეთთან ინტერვიუში ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატა საბანაძე.
საბანაძე ამჟამად აშშ-ში, საიროს ვანსის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორია. ის ასევე არის საერთაშორისო ურთიერთობებსა და საგარეო საკითხებში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მრჩეველი.
ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილ ხელმძღვანელს ნეტგაზეთი საქართველოს მიერ ევროკომისიის პირობების შესრულების პროცესზე, ხელისუფლების მხრიდან ევროპარლამენტარებისა და ზოგადად, დასავლეთის მიმართ აგრესიულ რიტორიკასა და იმ მოვლენებზე ესაუბრა, რომელსაც ბოლო პერიოდში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში თვალს ვადევნებთ.
მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკომისიისაგან მიიღო 12 პირობისგან შემდგარი გეგმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოში გარკვეული პროცესები განვითარდა. ერთი მხრივ, ოპოზიციის მოთხოვნით პრეზიდენტმა ჩანიშნა რიგგარეშე სხდომა, სადაც ამ საკითხებზე უნდა ემსჯელათ, თუმცა ის მმართველმა გუნდმა ჩაშალა და მეორე მხრივ, ხელისუფლებამ შექმნა სამუშაო ჯგუფები, რომელშიც ჯერ ყველა ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობს. როგორ შეაფასებდი ამ გარემოებებს, რამდენად ადეკვატურად იწყებს ქვეყანა მუშაობას 12 პირობის დასაკმაყოფილებლად? როგორ აღიქმება ბრიუსელში ეს პროცესი?
ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მხოლოდ რეფორმების განხორციელებაზე არ არის საუბარი. ამ პროცესში განმსაზღვრელია ჩართულობა — ეს არ უნდა იყოს მხოლოდ „ოცნების“ პროცესი. ეს არ არის ევროკავშირის მოლოდინი. პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და ყველა პოლიტიკური ძალა, ასევე სამოქალაქო საზოგადოება, უნდა იყოს ჩართული ამ გეგმის შესრულებაში. დეპოლარიზაცია ამას გულისხმობს. ეს არ გულისხმობს აზრთა სხვადასხვაობის დასრულებას, კამათის დასრულებას, ან ყველაფერზე თანხმობის მიცემას. ეს უბრალოდ გულისხმობს მოლაპარაკებების პროცესის შექმნას.
ევროკავშირიდანაც მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ ჩაერთონ თუნდაც „ოცნების“ სამუშაო ჯგუფებში. ეს ძალიან ლოგიკურია ევროპელებისგან იმიტომ, რომ კონტინენტური, ტრადიციული ევროპული დემოკრატია კოალიციურ მმართველობას ეფუძნება. ეს ხანდახან გულისხმობს რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების მქონე პარტიების დროებით შეთანხმებას, რომელიც იქმნება მოლაპარაკებების საფუძველზე. თუ ესენი ერთი მაგიდის გარშემო არ დასხდნენ, ეს ვერასოდეს ვერ შედგება. ბელგიაში, სადაც მე ვიყავი, გვქონდა იმის გამოცდილება, რომ თვეების განმავლობაში არ იყო მთავრობა, მაგრამ იმდენად ძლიერი ინსტიტუტები იყო, რომ ქვეყანა მაინც ფუნქციონირებდა. ეს შეთანხმების ტრადიცია რომ არ იყოს და ბელგია ამის ძალიან კარგი მაგალითია. ლინგვისტურად დაყოფილი პოლიტიკური სპექტრი მაინც ახერხებს კონსენსუსის მიღწევას და მთავრობის ჩამოყალიბებას.
ამიტომ ამ ხალხისთვის გაუგებარია იმის აღქმა, აპრიორი რატომ უნდა თქვა უარი რაღაც პროცესში ჩართვაზე. რა თქმა უნდა, სკეპტიციზმი არის და ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეიძლება შოუა და ისიც კარგად იციან, რომ დიდი ალბათობით, „ოცნებას“ არ უნდა ამ გეგმის შესრულება იმიტომ, რომ ამ გეგმის შესრულება, რეალურად, რეჟიმის ფუნდამენტურ ცვლილებას გულისხმობს. ძალაუფლების კონცენტრაციის ის ხარისხი, რომელიც დღეს საქართველოში ერთი პოლიტიკური პარტიის ხელშია, ამ 12 პუნქტის შესრულებით დაინგრევა. ამიტომ ამის სურვილი, ალბათ, არ აქვს, მაგრამ პროცესი უნდა შეიქმნას და დაიწყოს, ყველა უნდა ჩაერთოს. შეხედონ პარტიებმა რა ხდება და მერე იმის საფუძველზე, როგორ წარიმართება ეს მოლაპარაკებები, შეიძლება ჩაიშალოს, მაგრამ როგორ წარიმართება მერე შეგიძლია ამაზე უარის თქმა. ასეთი მიდგომაა და ამიტომაც არის ევროპელების მხრიდან გარკვეულწილად ზეწოლაც კი, რომ ოპოზიციური პარტიები შევიდნენ ამ პროცესში და მერე გააკრიტიკონ.
გარკვეულწილად დეპოლარიზაციაც ამას გულისხმობს, რომ ერთი მაგიდის გარშემო დასხდნენ. „ოცნების“ მხრიდან სესიის ბოიკოტი ასევე აბსოლუტურად გაუგებარი იყო. როდესაც სრული უმრავლესობა აქვთ პარლამენტში, სიმბოლური ნაბიჯი შეიძლება ყოფილიყო, რომ მისულიყვნენ და რაღაც თემებზე ემსჯელათ. მერე რა, რომ სხვამ მოიწვია სესია. ამის ბოიკოტი დასტურია იმის, რომ ეს არ არის პროცესი, რომელიც კარგი შედეგის მიღების სურვილით მიმდინარეობს. ეს იყო ჩემთვის ამის დადასტურება. მაგრამ მნიშვნელოვანია მცდელობა მაინც, რომ რაღაც საერთო მიდგომა გამოიძებნოს.
ასეთი რიტორიკის ფონზეც შეუძლებელია რეალური დეპოლარიზაცია და დემოკრატიული პოლიტიკური პროცესისთვის სივრცის შექმნა. დღეს საქართველოში ეს სივრცე აღარ არსებობს იმიტომ, ერთ ძალას აქვს სრულიად მონოპოლიზებული ძალაუფლება და ერთმანეთს ოპონენტები ექცევიან არა როგორც პოლიტიკურ მეტოქეს, არამედ როგორც მტერს, რომელიც უნდა დაამარცხო და გაანადგურო და არა კომპრომისზე წახვიდე. სამწუხაროდ, ეს არის მოდელი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და აბსოლუტურად საპირისპიროა იმის, რასაც ევროპული დემოკრატიული მოდელი წარმოადგენს.
ორ წელიწადში პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარდეს, თუ რამე არ შეიცვალა, სავარაუდოდ, ეს არჩევნები კოალიციურ მთავრობამდე მიგვიყვანს. ორი წელია დარჩენილი და აბსოლუტურად არანაირი სურვილი და წინაპირობა არ არის შექმნილი იმისთვის, რომ ვიფიქროთ, საქართველოში ეს შესაძლებელი იქნება. ეს არის ძალიან სამწუხარო და მგონი ისევ კრიზისამდე მიგვიყვანს თუ ამ ხისტი პოზიციებიდან ყველა არ დაიძრა და სადღაც შუაში არ შეხვდნენ ერთმანეთს.
ცოტა ხნის წინ საქართველოში გაიმართა ევროპარლამენტარების ვიზიტი. მათ განცხადებებში თვალშისაცემი იყო, რომ ხშირად საკუთარი ინიციატივით საუბრობდნენ იმაზე, რომ ევროკავშირი არ არის ომის მომხრე და საქართველოში არანაირი ომის დაწყება არ სურს. ნათელია, რომ ისინი ამაზე „ოცნების“ პროპაგანდის გასაქარწყლებლად საუბრობდნენ. ის, რომ თბილისში მყოფ ევროპარლამენტარებს ამაზე უწევთ საუბარი,რაზე მეტყველებს?
ეს არის პასუხი იმ აბსურდულ ბრალდებებზე, რომელიც მოდის ხელისუფლებისგან და მმართველი გუნდისგან. საოცარი ბრალდებაა. მე მესმის ეს ლოგიკა როგორც ააწყვეს – აი, უკრაინაში ომია და ამის გამო მისცეს სტატუსი. რეალურად, მართლა გაიხსნა ეს ფანჯარა და ჩვენც მოგვეცა ევროპული პერსპექტივა, რომელსაც ერთი საუკუნეა ველოდებით და თურმე ეს არ ყოფილა კარგი და რადგან ჩვენთან ომი არ არის, იმიტომ არ მოგვცეს სტატუსი. ისეთი პროცესია შექმნილი, რომ სხვაზე მოხდეს პასუხისმგებლობის გადატანა – „ეს ჩვენი ბრალი არ არის, ჩვენ მშვიდობას ვინარჩუნებთ და ამის გამო არ მოგვცეს და დაგვსაჯეს“. მოლდოვა გამონაკლისია, მაგრამ ეს ავიწყდებათ.
ევროკავშირს დააბრალო, რომ ვიღაცის ომში ჩათრევის სურვილი აქვს, სრული აბსურდია. ეს არის ჩანასახშივე მშვიდობისთვის შექმნილი პროექტი, რომელსაც ძალიან უჭირს არა მხოლოდ ომის სიტუაციაში, არამედ კონფლიქტშიც კი თავის ადგილის პოვნა. თავიდან ბოლომდე ემყარება მოლაპარაკებებს და მოლაპარაკებების საფუძველზე მშვიდობიანი თანაცხოვრებას და ემსახურება მისი გაუმჯობესების მიზანს.
რატომ უნდა უნდოდეს ევროკავშირს საქართველოს ომში ჩათრევა? დახმარების სათხოვნელად ხომ ისევ მათთან მივალთ? ძალიან აბსურდული სიტუაციაა, მაგრამ მე მესმის რატომაც აკეთებენ [ევროპარლამენტარები] ამას. იმიტომ, რომ პასუხი ხომ უნდა გაეცეს იმ ბრალდებებს, რომელიც რეალურად ამ მშვიდობის პროექტის წინააღმდეგ აქვს ჩვენს ხელისუფლებას. ძალიან გასაკვირია ასეთი პოზიციონირება.
მიზეზი არ ვიცი, მაგრამ მე მგონია, რომ ეს რიტორიკა ომთან დაკავშირებით რეალურად ემსახურება იმას, რომ საქართველოში პროდასავლური სენტიმენტები შემცირდეს. ქვეყანაში ერთადერთი რამეზე იყო კონსენსუსი, რომ ქვეყანა დასავლეთისკენ უნდა წავიდეს და ამ მაღალი მხარდაჭერით მეც თავი მომქონდა ბრიუსელში როცა ვიყავი.
შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ევროსკეპტიკური ხელისუფლება, რომელიც შესაბამისად იყენებს ევროსკეპტიკურ დისკურსს საკუთარი ნაბიჯების გასამართლებლად.
თქვენ ბრიუსელში მუშაობის დიდი დიპლომატიური გამოცდილება გაქვთ, ევროკავშირის რომელი პარტნიორი ქვეყნისაგან გახსენდებათ ისეთ აგრესიული რიტორიკა ევროპარლამენტარებისა და ზოგადად დასავლეთის მიმართ, როგორიც ეს ბოლო პერიოდში ისმის თბილისიდან?
ამდენი წელი ელჩი ვიყავი, მე არ მახსოვს ასეთი კონფრონტაციული დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორების მიმართ. ის, რომ ორი დღის განმავლობაში ზედიზედ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი და ევროკომისიის პრესსპიკერი გამოდიან და საკუთარ ელჩებს იცავენ საქართველოს, პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლების თავდასხმისგან, წარმოუდგენელი ამბავია.
ქვეყნებისგან, რომლებიც არც წევრობას ითხოვენ და არც ასოცირებას და სხვა ტიპის დამოკიდებულება აქვთ, შეიძლება იყოს ხისტი რიტორიკა. მაგრამ ახლო პარტნიორისგან, რომელიც რეალურად დგას და კარზე აკაკუნებს და ამავე დროს ისე პოზიციონირებს, როგორც დღეს საქართველო იქცევა, ეს არის ურთიერთგამომრიცხავი. რასაც ამბობს „ოცნება“, რომ ჯერ კიდევ უნდა ქვეყნის ევროინტეგრაცია და როგორც იქცევა, ერთმანეთისგან გამომრიცხავია.
იმიტომაც არ მივიღეთ ის კანდიდატის სტატუსი – ერთი კვირით ადრე მთელი ევროპარლამენტი გამოლანძღეს, ერთი თვით ადრე ნიკა გვარამია ციხეში ჩასვეს… ყველაფერი გაკეთდა ამისთვის. არც დიპლომატიური არხებით უაქტიურიათ დიდად და მოლდოვა მშვენიერი მაგალითია, რომლის ხელისუფლებაც საოცრად აქტიურობდა. კონსპირაციებში არ წავალ, მაგრამ მართლა არ მესმის. დღეს, რეალურად, ქვეყანა მიდის იზოლაციისკენ. მე ამას ვხედავ. ძალიან სასიხარულოა, რომ ევროპარლამენტარები ჩამოვიდნენ, მაგრამ ჩამოვიდნენ იმიტომ, რომ გაერკვნენ რა ხდება.
ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი იყო ბაქოში რამდენიმე დღის წინ და ძალიან სამწუხაროა, რომ თუნდაც ერთი საათით მაინც არ ჩამოვიდა საქართველოში. ეს არის ნიშანი, რომ ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც ევროკავშირისთვის წამყვან პარტნიორ ქვეყნად ითვლებოდა, არ ჩამოვიდა. ეს არის დამაფიქრებელი ნიშანი. ხელისუფლება ამ შეურაცხმყოფელი რიტორიკით ევროკავშირს ომში ჩათრევას აბრალებს, თან იძახის, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა. რამდენად აბსურდულია. ამბობენ, კანდიდატობა ნიშნავს ომში ჩათრევასო და მაშინ რატომ შეიტანეს განაცხადი?!
თუმცა მმართველი გუნდი, რომლისგანაც აქამდე ჩვენ ვისმენდით, რომ ევროპაშიც არიან ადამიანები, რომელთაც საქართველოს ომში ჩართვა სურს და აქ მეორე ფრონტის გახსნის გეგმაში „10-ზე მეტი ევროპარლამენტარია“ ჩართული, ახლა ამ ბრალდებებს უარყოფს. თქვენი აზრით, რას უკავშირდება „ქართული ოცნების“ წევრების რიტორიკის შეცვლა? ეს შეიძლება აღვიქვათ რომ უკან დაიხიეს და შესაძლოა მსგავსი რიტორიკა შემცირდეს?
გააჩნია როგორ განვითარდება მოვლენები. ცოტა სასაცილოდ გამოიყურება ამდენი ხნის განმავლობაში ერთს ამბობდნენ და მერე გამოდიან და აბა, ზუსტად გვითხარით, სად და როდის ვთქვითო, ე.ი. ყველას მოესმა. მე ამას სერიოზულად ვერ აღვიქვამ. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო სიტუაციური კომენტარი, რადგან საქართველოში საკმაოდ მაღალი დონის დელეგაცია იყო ევროპარლამენტარების, მათ შორის, ბატონი დევიდ მაკალისტერის სახით [ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე] და გარკვეულწილად თავისი ტონიც შეარბილეს.
მაგრამ ამ მიმართულებით რადიკალურ ცვლილებას არ ველი. იმიტომ, რომ ევროკავშირისგან არ ველი შესაბამისად პოზიციების შერბილებასაც. ამის მიზეზი ხომ უნდა იყოს და ხელისუფლება არ აძლევს ამის მიზეზს. ამბობს, რომ ჩვენ ასეთები ვართ და როგორიც ვართ, ისეთი უნდა მოგწონდეთ და ეს არის ევროპული სტანდარტით მოსაწონი. ეს არ არის დემოკრატია, ეს არის ჰიბრიდული ავტორიტარიზმი, რომელიც სამწუხაროდ, არამხოლოდ საქართველოშია.
მას შემდეგ, რაც ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციები გამოქვეყნდა, იმასთან დაკავშირებით თუ რა იგულისხმება ამა თუ იმ პუნქტში, განსაკუთრებით, დეოლიგარქიზაციაში, აზრთა სხვადასხვაობაა. პრეზიდენტისგანაც მოვისმინეთ, რომ საჭიროა მთავრობამ ევროკომისიასთან იმუშაოს და დააზუსტოს, რა იგულისხმება ამ პუნქტებში. თქვენ რამდენად ხედავთ ამის საჭიროებას, როგორ ფიქრობთ, მთავრობას აქამდეც ხომ არ უნდა გაეკეთებინა ეს და რა მექანიზმი არსებობს ამისათვის ბრიუსელში?
ბრიუსელთან მუშაობის უამრავი მექანიზმი არსებობს, ეს არის დედაქალაქი, რომელიც საოცრად ღიაა ჩვენ მიმართ და მე ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ თითოეულ პუნქტზე უნდა ყოფილიყო მუშაობა, არა მხოლოდ დეოლიგარქიზაციაზე. ჩემთვის დეოლიგარქიზაცია ისევე, როგორც დეპოლარიზაცია, გარკვეულწილად აბსტრაქტული მოთხოვნაა და ეს ასეც არის დატოვებული იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი პუნქტი, 12-დან 10 თუ შესრულდა, მაშინ მივიღებთ დეპოლარიზაციასაც და დეოლიგარქიზაციასაც. ყველა დანარჩენი პუნქტი ემსახურება დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერებას, მართლმსაჯულების გაძლიერებას და საქართველოში ფუნდამენტურ ცვლილებებს.
მაგრამ თუ ეს პოლიტიკური პინგ პონგის ნაწილი გახდებოდა, შეიძლებოდა მისვლა, გარკვევა და ასევე კონკრეტული გეგმის გაწერაც, დანარჩენი 10 პუნქტის შესრულებით როგორ მივალთ საბოლოო ჯამში დეოლიგარქიზაციამდეც. რაც პრეზიდენტმა თქვა, ეს უნდა გაკეთებულიყო და ეს არის იმის ნიშანი, რომ დღეს რეალურად არ არის ჩართულობის ისეთი სურვილი, როგორიც ადრე გვქონდა. ყველა საბაბს, შესაძლებლობას, ყველა ფორმატს ვიყენებდით იმისთვის, რომ ბრიუსელთან კონტაქტი და კავშირები გაძლიერებულიყო და ახალი შექმნილიყო.
შარლ მიშელის შეთანხმება ჩემთვის წყალგამყოფია, მართლა ამ პერიოდიდან დაიწყო უკუსვლა ევროკავშირთან ურთიერთობებში, როცა მათგან გამოწვდილი ხელი ავუკარით და ასე ვაგრძელებთ.
ერთადერთი კომუნიკაცია ბრიუსელთან, რაც ამ დრომდე ოფიციალურად ვნახეთ, პრემიერ-მინისტრის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტისადმი მიწერილი წერილია, სადაც მას ევროპარლამენტის რეზოლუციისგან და ევროკომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციისგან გამიჯვნა მოსთხოვა. თქვენ როგორ შეაფასებდით პრემიერის ამ წერილს?
მე ძალიან დამწყდა გული, როდესაც ეს წერილი ვნახე. ვთვლი, რომ ეს არ უნდა იყოს ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის წერილის მიწერის საბაბი. ბევრი სხვა თემაა, რომელიც ქვეყანას ადარდებს, მათ შორის, კანდიდატის სტატუსი და თუნდაც ის 12 პუნქტი. ის, რაც ჩვენ დაგვაახლოებს ევროკავშირთან, ეს არ იყო ამ წერილის მიზანი და სამწუხაროა. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ცოტა შეურაცხმყოფელიც იყო ამის წაკითხვა.
ევროპარლამენტისგან გამიჯვნა მოსთხოვო ევროკომისიის პრეზიდენტს ასევე გაუგებარია. ესენი სხვადასხვა განშტოებაა და რომც უნდოდეს, ამას ვერ გააკეთებს და თავიდანვე განწირული თხოვნაა. მას არ ეხება. ეს ევროპარლამენტის რეკომენდაცია იყო თავიდანვე და ამიტომ შეეძლო მას გაეთვალისწინებინა ან არა. ამიტომ ინსტიტუტების ელემენტარული ცოდნაა, რომ ასეთი რამ არ ხდება. ძალიან პრობლემური წერილი იყო, მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამ დროს იყო ბაქოში.
იმის მიღმა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილის გავრცელება ევროკომისიის ბაქოში ვიზიტის დროს დაემთხვა, თქვენ რამეს ხედავთ?
ძალიან ცუდი დამთხვევა იყო. ის, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი აგერ ბაქოში იყო და ჩვენთან არ ჩამოვიდა და ჩვენ ასეთი ტიპის წერილი გავაგზავნეთ, ცოტა შეუსაბამოა როგორც პოლიტიკურ რეალობასთან, ისე ჩვენი ქვეყნის სურვილებთან და ამბიციებთან.
გასულ კვირაც ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსის საკითხის განხილვას 2023 წლის ბოლომდე გადადებს. ერთი მხრივ, საქართველოს მეტი დრო რჩება პირობების შესასრულებლად. თუმცა, მეორე მხრივ, ხომ არ ნიშნავს ეს შესაძლებლობის ფანჯრის ხელიდან გაშვებას და ასოცირებულ ტრიოსგან დაშორებას?
ძალიან დიდი რისკია და ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენ ამ ტრიოს არ ჩამოვშორდეთ. რეალურად, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ის ძალა, რომელიც ძალიან აქტიურად ლობირებდა ამ ტრიოს ჩამოყალიბებას. რეალურად, ეს ჩვენთვის ნიშნავდა სამხრეთ კავკასიიდან ევროკავშირის საზღვრებთან გადასვლას, ქვეყნის მოხვედრას პოლიტიკურად ახალ სივრცეში. ეს შესაძლებელი იყო და ამას ძალიან აქტიურად ვლობირებდით.
ამიტომ ჩემთვის ერთ-ერთი შიში როდესაც ჩვენ პერსპექტივა მივიღეთ და მათ კანდიდატის სტატუსი, იყო ის, რომ სამეულში რღვევის რისკი გაჩნდა. ქვეყანას, რომელსაც მართლა უნდა წევრობა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინას და მოლდოვას რაც შეიძლება სწრაფად დავეწიოთ. წლის ბოლომდე მოცემული 6 თვე იყო კარგი შესაძლებლობა. ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება ბრიუსელის მხრიდან, მათ რეალურად უნდოდათ საქართველოც ამ ტრიოს ფორმატში ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ არ მივეცით ამის შესაძლებლობა. მაგრამ იყო გზავნილი, რომ მოკლე გზა მაინც რჩება იმისთვის, რომ დავწეოდით. ახლა ეს გადავადება ამ გზას აგრძელებს.
მეორე მხრივ, ის, რაც მოგვიანებით უნდა მოხდეს, ეს არის ყველა კანდიდატის და პერსპექტივის მქონე ქვეყნის ერთიანად განხილვას, ანუ ტექნიკური გადავადებაც არის. ერთი მხრივ კარგია, რომ იქნებ დავეწიოთ მათ, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ უკრაინას და მოლდოვას მოლაპარაკებები გაუხსნეს, ახალ ეტაპზე გადავიდნენ და ჩვენ ისევ აქ დავრჩით, ეს კიდევ უფრო ჩამოგვაშორებს მათ და რისკები უფრო იზრდება.
ბოლოს მინდა გკითხოთ, კარლ ჰარცელზე, რომელმაც საქართველოში თავის დიპლომატიური მისია დაასრულა. ბოლო დღეებია სწორედ ის გახდა „ქართული ოცნების“ სამიზნე. მმართველი პარტიის თავმჯდომარის შეფასებით მან უარყოფითი როლი ითამაშა ევროკავშირთან ურთიერთობებში და საქართველოს როგორც სუვერენულ სახელმწიფოს არ განიხილავდა. ხოლო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჰარცელს მეტის გაკეთება შეეძლო. რაზე მეტყველებს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირის ელჩის კრიტიკა მას შემდეგ, რაც მან თავისი მისია დაასრულა?
ერთი მხრივ, ეს მეტყველებს პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობაზე. ჩვენ გვესმის, რომ საქართველო ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, რომ რატომღაც ცუდი წარმოდგენა აქვს ჩვენზე. არ ვიცი ირაკლი კობახიძე რა ტიპის სუვერენიტეტზე საუბრობს, საერთოდ, ჩვენ ყოველთვის გვინდოდა ევროკავშირის მაქსიმალური ჩართულობა. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვთვლიდით, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის ერთადერთი გზა.
რატომ გვინდა ევროკავშირში? – ევროკავშირში გაწევრიანება გარკვეულწილად სუვერენიტეტის გაყოფასაც გულისხმობს. ისევ იმას ვუბრუნდებით, რომ ეს ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტებია.
მაგრამ ამას გარდა, ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო ეს განცხადებები იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ძალიან კარგად იმუშავა და სხვა თუ არაფერი, ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტი არსებობს. ეს არ არის დიპლომატიური ეტიკეტი, რომ უახლოეს სტრატეგიულ პარტნიორის ელჩს ასე დაემშვიდობო. ძალიან ბევრი რაღაც გაკეთდა ამ პერიოდში. შეიძლება იყო უკმაყოფილება, ეს გასაგებია და ამის გამორიცხვა შეუძლებელია, მაგრამ ასეთი ტიპის თავდასხმა იმ ხაზის გაგრძელებაა, რასაც უკვე ვხედავთ. ეს დასავლელ პარტნიორებთან კონფრონტაციაა და ჰარცელი პირველი არ იყო, მანამდე აშშ-ის ელჩი იყო.
დასავლეთის მხარდაჭერა ჩვენთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა. საქართველო არაა სუპერსახელმწიფო, ის არის სუსტი, ძალიან მოწყვლადი ქვეყანა უმძიმეს რეგიონში და უსაფრთხოების კუთხით ძალიან დიდი გამოწვევების მქონე. რეალურად, დასავლეთის მხარდაჭერით ვსულდგმულობთ და ასეთი კონფრონტაცია ამ კუთხითაც გაუგებარია.