მელია: უკვე რაც შემიძლია დავადასტურო, შიმშილობას 300-ზე მეტი ადამიანი იწყებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც დღეს მასობრივი შიმშილობის აქცია დააანონსა, აცხადებს, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით, მისი ინფორმაციით, პროტესტს 300-ზე მეტი ადამიანი უერთდება.
მელია „მთავარ“ არხთან აცხადებს, რომ სია ახლა შედგენის პროცესშია და დარწმუნებულია, რომ პროტესტის ამ ფორმაში ენმ-ს კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეუერთდება. ამ წუთებში ენმ-ის ცენტრალურ ოფისთან კარვებს შლიან.
„ახლა სია დგება, უკვე რაც შემიძლია დავადასტურო, 300-ზე მეტი ადამიანია. მე დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი შემოუერთდება“, – ამბობს ნიკა მელია „მთავარ არხთან“.
მანამდე, მელიამ განაცხადა, რომ შიმშილობის აქცია არ შეწყდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან არ გათავისუფლდება. რაც შეეხება ლოკაციას, მელიამ თქვა, რომ მათ შიმშილობის დაწყება პარტიის ცენტრალურ ოფისთან გადაწყვიტეს, რათა ხელი არ შეეშალათ საახალწლო ღონისძიებებისთვის, რომელიც რუსთაველის გამზირზეა დაგეგმილი, ასევე, იმ პროცესისთვის, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმართება, სადაც სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება.
შიმშილობის აქციაში მონაწილეობას გეგმავს თავად ნიკა მელიაც.