შეუძლიათ, ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინებიც წარმოადგინონ და შევუძენთ — სააგენტო “ქართლში” მცხოვრებ დევნილებზე
დევნილთა სააგენტო სანატორიუმ “ქართლის” ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც დასძენს, რომ მუშაობს ოჯახების გრძელვადიანი განსახლების საკითხებზე და მათი დროულად გადაჭრის გზებზე.
23 იანვრის განცხადებაში უწყება იმეორებს, რომ შენობაში მცხოვრები პირები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ. ამასთან, სააგენტო კვლავ საუბრობს დევნილთა განსახლების ორ გზაზე:
1. დევნილ ოჯახებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომლის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ექვივალენტს ლარში.
2. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.
დევნილებმა ხსენებული შეთავაზებები არაერთგზის უარყვეს. ისინი ამბობენ, რომ 550 დოლარად უკვე ექსპლუატაციაში შესული ბინების მოძიებას ვერ ახერხებენ; მეორე მხრივ, არ ენდობიან სახელმწიფოს დაპირებას ქირის თანხით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
23 იანვრის განცხადებაში სააგენტო დასძენს, რომ ქირასთან დაკავშირებით მისი მხრიდან გაცემულია ადმინისტრაციული დაპირება ერთწლიანი ქირის გადახდის შესახებ.
მეორე მხრივ, უწყების თქმით, “სურვილის შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ, ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინებიც წარმოადგინონ და სააგენტო მათ ამ საცხოვრებელ ფართს შეუძენს”.
“მიმდინარე მენაშენეთა კონკურსის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მენაშენეთა ასოციაციასთან, სამშენებლო კომპანიებთან და ამ პროცესის შესახებ, ყოველკვირეული ანგარიშის სახით, წერილობით ეცნობება დევნილ მოსახლეობას”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
სააგენტოს თქმით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლებისა და მათთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით, თბილისის, ზუგდიდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებთან მიწის მოძიებისა და სააგენტოსთვის გადმოცემის სამუშაოები მიმდინარეობს.
“ქუთაისში ახალი კორპუსების ასაშენებლად, ადგილი უკვე შერჩეულია და მშენებლობა მიმდინარე პროექტების ფარგლებში გაგრძელდება”, — ამატებს უწყება.
დევნილების მოთხოვნა კვლავაც უცვლელია: ავარიული შენობიდან დროულად გაყვანა, სახელმწიფოს მიერ ბინების მოკლე დროში მოძიება-შეძენა და ოჯახების შესახლება.
ადგილობრივების განცხადებით, სანატორიუმის შენობაში 140-150 ოჯახი ცხოვრობს. მათი ბინების ფართობები ძირითადად 12-15 კვადრატული მეტრს შეადგენს.
16 იანვარს “ქართლში” მცხოვრებმა 52 წლის კაცმა, ზურაბ ჭიჭოშვილმა, თავი მოიკლა. ოჯახის წევრები და მეზობლები ამბობენ, რომ მან ეს ნაბიჯი პროტესტის ნიშნად გადადგა – რადგან „ქართლი“ ცხოვრებისთვის შეუსაბამოა.
ამავე თემაზე:
“ქართლში” მცხოვრები დევნილები შიმშილობას და აქციებს აანონსებენ