ახალი ამბები

ჯაჭვლიანის თქმით, „ოცნების“ დეპუტატობის დროს ბინაში ფარული ვიდეოკამერები იპოვა

ჯაჭვლიანის თქმით, „ოცნების“ დეპუტატობის დროს ბინაში ფარული ვიდეოკამერები იპოვა

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, რომ 2015 წელს, როცა პარლამენტის წევრი იყო, ქუთაისში, საცხოვრებლად ნაქირავებ ბინაში სათვალთვალო ვიდეოკამერები აღმოაჩინა. ამის შესახებ მან „ტვ პირველზე“ ისაუბრა.

ჯაჭვლიანის თქმით, აღნიშნულ ბინაში „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ დეპუტატთან, ლუკა კურტანიძესთან ერთად ცხოვრობდა და ვიდეკამერების აღმოჩენის თვითმხილველები მათი ცოლებიც არიან.

„2015 წელს ლუკა კურტანიძე შემოვიდა პარლამენტში. ლუკას ვუთხარი, წამოდი ჩემთან სახლში, მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდი. 3-ოთახიანი ბინაა, ორი საძინებელი მაქვს, არ გინდა დაქირავება და მეუღლესთან ერთად, როცა გინდა, იყავი ჩემთან-მეთქი. დილას დგება ლუკა და მეძახის და მაჩვენებს ვიდეოკამერას, რომელიც მის საძინებელშია დამონტაჟებული. მეორე საძინებელშიც იყო ვიდეოკამერა. ორი წელი თურმე იღებდნენ, რას საქმიანობს სოსო ჯაჭვლიანი სახლში“, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

კითხვაზე, იყო თუ არა ეს კამერები ხელისუფლების დამონტაჟებული, ჯაჭვლიანი პასუხობს:

„არ ვიცი, ვისი დამონტაჟებულია. აბა, ვინ დაამონტაჟებდა. შეიძლება, ნაციონალების დამონტაჟებული იყო. ყველაფერი შეიძლება“, – პასუხობს ჯაჭვლიანი.

ჯაჭვლიანის თქმით, ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს უამბეს.

„ირაკლის როცა ვუთხარით ეს, ირაკლიმ [თქვა] ვაა… ესა…. ისაა… როგორ შემრცხვა, იცი?! რა უნდა ეთქვა“, – ჰყვება ჯაჭვლიანი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები საკუთარ დეპუტატებს უთვალთვალებდნენ, ჯაჭვლიანი პასუხობს:

„ალბათ, ეტყობამ თვითონ როგორც აზროვნებენ, ისეთი ვეგონე მე.  რა უნდა გადაეღოთ? ვინ უნდა მომეყვანა იქ? ან რა უნდა ჩამედინა იმაზე მეტი, რასაც პირში ვეუბნებოდი ყველას. შემრცხვა. ახლა ვიფიქრე, როგორია, შენ ატეხო აყალ-მაყალი, ერთი ამბავი, იმიტომ, რომ რა უნდა გადაეღოთ ჩემზე? წარმოგიდგენია, მე რომ ამას გამიკეთებენ?“, – განაცხადა ჯაჭვლიანმა.

კითხვაზე, რატომ არ თქვა ამის შესახებ აქამდე, ჯაჭვლიანი პასუხობს, რომ „სადაც საჭირო იყო, ყველგან“ თქვა.

„ახლა ხო გვისმენენ. თუ საჭიროა, მოვალ და ვისაც გინდათ და სადაც გინდათ, იქ დაგელაპარაკებით და დამკითხეთ“, – განაცხადა ჯაჭვლიანმა.

ჯაჭვლიანმა პირდაპირი ეთერიდან ლუკა კურტანიძეს მიმართა, რომ თუ მისი ნაამბობის შესახებ ჰკითხავენ, წმინდა ნიკოლოზის ხატს ხელი დაადოს და სიმართლე თქვას. ჯაჭვლიანის თქმით, თუ კურტანიძე იტყვის, რომ ეს სიმართლე არაა, მაშინ ბოდიშს მოიხდის.

„მე მოვიხდი ბოდიშს, რომ ეს ტყუილია“.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.