ქართულის გამოცდის თემაში მსჯელობასა და ანალიზს უფრო დიდი ყურადღება ექცევა თუ მასალის ცოდნას? – აბიტურიენტების მორიგი კითხვები და პასუხები „ნაეკისგან“
კახეთის რეგიონის სკოლების მეთორმეტეკლასელებისათვის ღია კარის დღის ჩატარებული შემდეგ, დღეს გამოცდების ეროვნული ცენტრი იმ კითხვებსა და პასუხებს აქვეყნებს, რომელ საკითხებზეც 10 თებერვალს, 2022 წლის აბიტურიენტების მონაწილეობით ისაუბრეს.
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრები აბიტურიენტებისთვის Microsoft Teams-ის პროგრამით ტარდება.
აბიტურიენტების კითხვები კი ამ ღია კარის დღეზე ამგვარად ჟღერდა:
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგისტრაცია სამ ეტაპად მიმდინარეობს. რას ნიშნავს ეს?
– აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც სამ ეტაპად ტარდება: ძირითად ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე შეეძლებათ, თუმცა ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული რიცხვები დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.
– რეგისტრაციის დროს შემოქმედებითი ტური რომ ავირჩიო, ამ ტურის თანხაც უნდა ჩავრიცხო?
– თანხა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ანგარიშზე არ ირიცხება. შემოქმედებითი ტურის არჩევის შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად თქვენ უნდა მიმართოთ შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას.
– თუ შეიძლება მოგვწერეთ რეგისტრაციის საფასური.
– ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლობის მსურველი პირებისათვის რეგისტრაციის საფასურია 50 ლარი.
– ვაბარებ ქართულ ენაში მოსამზადებელ პროგრამაზე (ზოგად უნარებს აზერბაიჯანულად) და მაინტერესებს, ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ ნებისმიერ ფაკულტეტზე ჩაბარების უფლება მაქვს?
– ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელების უფლება (გამოცდების გარეშე) გაქვთ იმავე უმაღლესი სასწავლებლის ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
– ოქროსა და ვერცხლის მედლების გამო რაიმე პრივილეგიით თუ სარგებლობს აბიტურიენტი?
– ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში განიხილება. ჩარიცხვის შემდეგ შესაძლოა გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლოთ, რადგან ზოგიერთ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას აქვს სტიპენდია გამოყოფილი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი პირებისათვის.
– ქართულის გამოცდის თემაში მსჯელობასა და ანალიზს უფრო დიდი ყურადღება ექცევა თუ მასალის ცოდნას?
– ორივეს, რადგან მასალის ცოდნის გარეშე მსჯელობა და ანალიზი ძალიან გაგიჭირდებათ.
– რა უნდა გავითვალისწინოთ ქართულის გამოცდაზე იმისათვის, რომ ნაშრომი მაქსიმალურად სრულფასოვანი იყოს და მაღალი შეფასება მივიღოთ?
– კარგად უნდა გაიაზროთ დავალების პირობა, ძალიან ყურადღებით წაიკითხოთ საანალიზოდ შემოთავაზებული ტექსტი, ყურადღება უნდა გაამახვილოთ პრობლემის აქტუალურობაზე და ჩამოაყალიბოთ თქვენი დამოკიდებულება. გაეცანით წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმებს, რაც შეგიქმნით წარმოდგენას, თუ რას მიექცევა ყურადღება შეფასებისას.
– ინგლისური ენის ტესტს თუ შეეხო წელს ცვლილება, რას გვეტყვით ამ გამოცდის შესახებ?
– არა, ტესტური მასალის სირთულის დონე ისევ არის B1, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების ადეკვატურია. ტესტის დავალებები პირველიდან მეხუთეს ჩათვლით დახურული ტიპისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი პასუხი პასუხების ფურცლის სათანადო გრაფაში უნდა მონიშნოთ (ჯვარედინად გადახაზოთ). მეექვსედან მერვეს ჩათვლით კი ღია სახის დავალებებია მოცემული; აქ პასუხი პასუხების ფურცელზე შესაბამის ადგილას უნდა დაწეროთ. გახსოვდეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი. 2022 წლის ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთია.
– მაინტერესებს, ისტორია თუ მოიცავს მსოფლიო და საქართველოს ისტორიის საკითხებს უძველესი დროიდან XX საუკუნის ჩათვლით?
– ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის საგამოცდო პროგრამა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და მოიცავს მსოფლიო და საქართველოს ისტორიის საკითხებს პრეისტორიული ხანიდან XX საუკუნის ჩათვლით. საქართველოს ისტორია განხილულია არა დამოუკიდებლად, არამედ მსოფლიო ისტორიის კონტექსტში, მსოფლიო ისტორიაში მიმდინარე პროცესების ჭრილში. ისტორიის ტესტი ამოწმებს როგორც ფაქტობრივ ცოდნასა და მისი გამოყენების უნარს, არამედ ისეთ მაღალ სააზროვნო უნარებს, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, ისტორიულ პროცესებს შორის მიმართების დადგენა, პრობლემის გააზრება, ანალიზი და შეფასება.
– ფიზიკის გამოცდაში თუ იგეგმება ცვლილებები?
– 2022 წელს ფიზიკის ერთიანი ეროვნული გამოცდის ფორმატში ცვლილება არ შესულა – ტესტის მაქსიმალური ქულაა 63; საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი 3 საათი. მინიმალური კომპენტეციის ზღვარი კვლავ 25%-ზე მეტი იქნება.
ამავე თემაზე:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე