ახალი ამბები

ვინ რა (არ) დაკარგა ეროვნულ მუზეუმში — დეტალები ხმაურიანი პრესკონფერენციიდან

ეროვნული მუზეუმიდან 2005 წლის შემდეგ ექსპონატი არ დაკარგულა — ეს იყო მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი 14 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან, პირდაპირ თუ ირიბად, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ მუზეუმის მისამართით გახმიანებულ არაერთ ბრალდებას უპასუხა, თუმცა თითქმის ყველა შემთხვევაში მოერიდა შეფასებებს წულუკიანის პოლიტიკისა თუ მისი გადაწყვეტილებების მიმართ.

ჟურნალისტების გარდა, დღევანდელ პრესკონფერენციაზე კითხვებს ეროვნული მუზეუმის დირექტორატის ერთ-ერთი წევრი და წულუკიანის მინისტრობისას ხელოვნების მუზეუმის დირექტორად დანიშნული ნიკა ახალბედაშვილიც სვამდა: ის მუზეუმიდან გასულ და უკან არდაბრუნებულ ექსპონატებზე პასუხისმგებლობას დავით ლორთქიფანიძეს აკისრებს.

“არ არის სერიოზული დარღვევა”

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, როგორც 1852 წელს თბილისში დაარსებული ”კავკასიის მუზეუმის” სამართალმემკვიდრე, 2004 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა.

კულტურის სამინისტროს სსიპ-ს, რომელიც თბილისსა და რეგიონებში მოქმედი მთელი რიგი მუზეუმების ერთობას წარმოადგენს, დაარსებიდან დღემდე დავით ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს.

კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, მუზეუმში “რეორგანიზაცია” ჩატარდა: არაერთი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მინისტრი მათ არაპროფესიონალიზმზე საუბრობს, გათავისუფლებული მუშაკები კი — დევნაზე, განსხვავებული შეხედულებების გამო.

ერთ-ერთი კრიტიკული განცხადება, რომელიც კულტურის სამინისტრომ ეროვნულ მუზეუმზე გაავრცელა, ხსენებულ ორგანიზაციაში ჩატარებულ აუდიტს უკავშირდება.

ვინ რა (არ) დაკარგა ეროვნულ მუზეუმში — დეტალები ხმაურიანი პრესკონფერენციიდან

თეა წულუკიანი 

აუდიტის დასკვნაში საუბარია ხარვეზებზე ფონდების აღრიცხვა-შეჯერების პროცესში, რიგ შემთხვევებში ექსპონატების არასათანადოდ შენახვაზე, პრობლემებზე სამუზეუმო ფასეულობების დაცვის კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით და სხვა დეტალებზე.

სამინისტროს შეფასებით, “მძიმე დარღვევები” გამოვლინდა, დავით ლორთქიფანიძემ კი 14 თებერვლის პრესკონფერენციაზე დასძინა, რომ აუდიტს მუზეუმში სერიოზული დარღვევა არ აღმოუჩენია.

[ფინანსური] აუდიტი ტარდება ყოველწლიურად. არცერთი ფაქტი, რაც იყო აუდიტის შესწავლის საგანი, არ არის სერიოზული დარღვევა… ეს არის ის პროცესი და რეკომენდაციები, რომლებიც ყველა ორგანიზაციაში მიმდინარეობს.

თუ არის უზუსტობები ან გადაცდომები, ეს არის ტექნიკური, ბუნებრივი და საქმიანი. ჩვენ მოხარული ვიქნებით — და ყოველთვის ასე იყო — თუ მივიღებთ მხარდაჭერას ამა თუ იმ ხარვეზის გამოსასწორებლად”, — აღნიშნა ეროვნული მუზეუმის დირექტორმა.

ვინ რა (არ) დაკარგა ეროვნულ მუზეუმში — დეტალები ხმაურიანი პრესკონფერენციიდან

დავით ლორთქიფანიძე პრესკონფერენციაზე. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

მან ასევე ისაუბრა მუზეუმის კოლექციების შენახვა-ინვენტარიზაციის პროცესზე:

“რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებდით, რომ ჩვენი კოლექციები იყოს უკეთესად შენახული, უფრო თანამედროვე ტექნოლოგიით და მეთოდოლოგიით აღრიცხული.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი და მე მივესალმები კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომ ხელი შეუწყოს [ამ პროცესს], მოხდეს უფრო დეტალური აღრიცხვა.

ამასთან, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის ძალიან შრომატევადი: კოლექციების აღრიცხვა არ არის უბრალოდ ინვენტარიზაცია”.

დაიკარგა თუ არა ექსპონატები 2005 წლის შემდეგ

დავით ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს გადაჭრით უთხრა, რომ  მას შემდეგ, რაც ეროვნული მუზეუმი მისი ხელმძღვანელობით მუშაობას შეუდგა, არცერთი ექსპონატი არ დაკარგულა.

“საუბარი, რომ მუზეუმიდან 2005 წლიდან რამე იკარგება, არის არასწორი”, — დასძინა მან.

ექსპონატების, კერძოდ, ტილოების დაკარგვის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გასული წლის დეკემბერში ისაუბრა. ის აღნიშნავდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს საელჩოებისთვის გაგზავნილი 117 ექსპონატიდან, რომელთა შორის, ძირითადად, “ძვირადღირებული ფერწერული ტილოებია”, სავარაუდოდ, 53, დაკარგულად მიიჩნევა.

“შესაბამისად, აქ გამოძიება იქნება დასაწყები, როგორც კი ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდება”, — ამბობდა წულუკიანი.

მოგვიანებით, 2022 წლის იანვარში მინისტრმა დასძინა, რომ ხელოვნების მუზეუმში ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ მასალები საგამოძიებო უწყებებს გადაეცემოდა. მანვე ახსენა “სავალალო შედეგები”, რომლებიც, წულუკიანის მტკიცებით, მუზეუმიდან აწ უკვე გათავისუფლებული თანამშრომლების პასუხისმგებლობაა.

ვინ რა (არ) დაკარგა ეროვნულ მუზეუმში — დეტალები ხმაურიანი პრესკონფერენციიდან

ხელოვნების მუზეუმი

დავით ლორთქიფანიძის განმარტებით, საქართველოს საელჩოებს ქართველი მხატვრების ტილოები განსაკუთრებით აქტიურად გადაეცემოდათ 90-იან წლებში. გენერალური დირექტორის თქმით, არაერთ ტილოს თან არ ახლდა სათანადო დოკუმენტაცია.

“ჩვენ ეს აღმოვაჩინეთ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გალერეა შემოვიდა მუზეუმის შემადგენლობაში, სადღაც 2007-08 წლებში”, — აღნიშნა ლორთქიფანიძემ და იქვე დასძინა, რომ მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ გარკვეული ნამუშევრები დაკარგული იყო, საელჩოებს შესაბამისი წერილები გაუგზავნეს.

ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი ხსენებულ წერილებზე ლაპარაკობდა, როცა საუბარში ნიკა ახალბედაშვილი ჩაერთო, რომელიც თეა წულუკიანის მინისტრობისას ხელოვნების მუზეუმის დირექტორად დაინიშნა.

ახალბედაშვილი, რომელიც ეროვნული მუზეუმის დირექტორატის ერთ-ერთი წევრია,  დარბაზიდან ახმიანებდა რეპლიკებს. ის  ამტკიცებდა, რომ რიგი ნამუშევრები მუზეუმში არასრულად დაბრუნდა 2012-13 წლებში — მაშინ, როცა დირექტორი ლორთქიფანიძე იყო.

ვინ რა (არ) დაკარგა ეროვნულ მუზეუმში — დეტალები ხმაურიანი პრესკონფერენციიდან

ნიკა ახალბედაშვილი პრესკონფერენციის დარბაზში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“როდის გავიდა? რომელ წელს წავიდა გალერეიდან?” — მიმართა ლორთქიფანიძემ ახალბედაშვილს და აღნიშნა, რომ ყველა ეს ნამუშევარი 90-იან წლებშია გატანილი: მაშინ, როცა ეროვნული მუზეუმი არ არსებობდა და, შესაბამისად, არც თავად იყო დირექტორი.

ახალბედაშვილმა არ დაასახელა სადავო ნამუშევრების მუზეუმიდან გასვლის თარიღი, თუმცა ჟურნალისტების მიერ არაერთგზის დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ეს მაშინ მოხდა, როცა უფლებამოსილი პირი სწორედ დავით ლორთქიფანიძე იყო.

“ახლა ბატონი დავითი თუ ამბობს, რომ მე იმ დროს არ ვიყავი, როდესაც წავიდაო, მისი პრობლემა სწორედ ის არის, რომ რომ დაბრუნდა, მას უნდა მოეკითხა თითოეული მათგანი და არ უნდა უკვირდეს, როცა ვინმე ამბობს, რომ მუზეუმი გამოშიგნულია”, — დასძინა ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა და დაამატა, რომ ნამუშევრების საქმეს პროკურატურა იძიებს.

საპასუხოდ დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ პირიქით, ეროვნული მუზეუმის ძალისხმევით დაბრუნდა საელჩოებიდან ნახატების “80%-ზე მეტი”.

“ყველა საელჩოში იყო გაგზავნილი წერილი და ამ ხნის მანძილზე დაბრუნდა 427 [ნამუშევარი] 448-დან. ანუ, ჩვენი მოთხოვნით დაბრუნდა და თქვენ მეკითხებით, რა უნდა მექნა მე.

ყველა ეს ნამუშევარი გასულია 2005 წლამდე. თუ ვინმეს საწინააღმდეგო აქვს, დაამტკიცოს”, — აღნიშნა მან.

პროექტები რუსთაველის ფონდში

“დაკარგული” ნამუშევრები არ არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც დავით ლორთქიფანიძე და ნიკა ახალბედაშვილი ვერ თანხმდებიან.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ახალბედაშვილმა ეროვნული მუზეუმის დირექტორატის სხდომაზე მუზეუმის მიერ რუსთაველის ფონდში გაგზავნილი 13 პროექტის დაფინანსების პროცესის შეჩერების საკითხი დააყენა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც, ახალბედაშვილის თქმით, გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ზემოხსენებული პროექტები ფონდს დასაფინანსებლად გაუგზავნა მუზეუმის დირექტორატის წევრთა “გვერდის ავლით”.

ნიკა ახალბედაშვილის განცხადებით,  ეს საკითხი ლორთქიფანიძეს დირექტორატთან უნდა შეეთანხმებინა, ვინაიდან სწორედ ის განისაზღვრა მუზეუმის მმართველ ორგანოდ გასული წლის აპრილში, თეა წულუკიანის ბრძანებით.

დირექტორატის უმრავლესობის — 5-დან 4 წევრის — გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე პროექტებისთვის გრანტის გამოყოფის მოთხოვნა რუსთაველის ფონდში არ უნდა გაიგზავნოს. გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ ლორთქიფანიძე წავიდა.

ვინ რა (არ) დაკარგა ეროვნულ მუზეუმში — დეტალები ხმაურიანი პრესკონფერენციიდან

ნიკა ახალბედაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“სრული პასუხისმგებლობით მინდა, განვაცხადო, რომ რუსთაველის სამეცნიერო ფონდი არის ძალიან მნიშვნელოვანი დაწესებულება ჩვენი ქვეყნისთვის… იქ გამარჯვებული პროექტები გადიან დიდ ფილტრებს.

…ყველა ეს პროექტი[რომელიც გავიდა ეროვნული მუზეუმიდან], განხილული იყო წინა წლის მარტში სამეცნიერო საბჭოზე და სისტემაში აიტვირთა მაისში… მე მიმაჩნია, რომ ამ პროექტებზე უარი არ უნდა ვთქვათ”, — აღნიშნა ლორთქიფანიძემ პრესკონფერენციაზე.

ჟურნალისტებმა ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს ჰკითხეს, მისი აზრით, რას ემსახურება დირექტორატის გადაწყვეტილება პროექტების დაფინანსების პროცესის შეჩერებაზე.

“ძალიან ადვილია ახალი დაპირისპირების მოძებნა. ჩემი სურვილია, ეს თემა მორიგებით დამთავრდეს და მოხდეს ისე, რომ არ დაიჩაგრონ მეცნიერები — ადამიანები, რომლებიც პირუთვნელად ასრულებენ თავიანთ საქმეს”, — უპასუხა მედიას ლორთქიფანიძემ.

ვინ რა (არ) დაკარგა ეროვნულ მუზეუმში — დეტალები ხმაურიანი პრესკონფერენციიდან

ნინო ჯაყელი კითხვას უსვამს ნიკა ახალბედაშვილს. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ნიკა ახალბედაშვილის პოზიცია უცვლელია. პრესკონფერენციის დასასრულს, ეროვნული მუზეუმის ქვის ხანის ფონდის კურატორმა, ნინო ჯაყელმა მას ჰკითხა:

“2007 წლიდან არის რუსთაველის ფონდი დაარსებული, არასოდეს ასეთი წინააღმდეგობა მეცნიერებს არ შეხვედრიათ. რა მოხდა ახლა, რატომ გვსჯით ასე?” — რაზეც ახალბედაშვილისგან ასეთი პასუხი მიიღო:

“ეს ჰკითხეთ გენერალურ დირექტორს, რომელმაც, სამწუხაროდ, არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს საკითხი გამოეტანა დირექტორატზე. მან გვერდი აუარა დირექტორატს…”

უცნობია, როგორ გადაწყდება ხსენებული 13 პროექტის ბედი. ახალბედაშვილმა რუსთაველის ფონდის დირექტორს უკვე მიმართა წერილით, მხედველობაში მიიღოს დირექტორატის გადაწყვეტილება.

“დარწმუნებული ვარ, ხელმძღვანელობას აქვს კეთილი მიზნები”

დავით ლორთქიფანიძეს ჟურნალისტებმა არაერთგზის სთხოვეს, შეეფასებინა თეა წულუკიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მუზეუმთან დაკავშირებით. ძირითად შემთხვევებში, ეროვნული მუზეუმის დირექტორი თავს იკავებდა პირდაპირი შეფასებებისგან.

საპასუხოდ კითხვისა, ხომ არ არის ეროვნული მუზეუმის გარშემო განვითარებული პროცესები “კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიება”, ლორთქიფანიძემ დასძინა:

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის ხელმძღვანელობას აქვს კეთილი მიზნები. შეიძლება, ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე ტენდენციური, არაკომპეტენტური ინფორმირება.

მე არ მინდა, ვიყო მკვეთრი შეფასებაში, რაც თქვენ ბრძანეთ. მე იმედი მაქვს, რომ ყველა საკითხი გადაწყდება”.

ლორთქიფანიძეს ასევე ჰკითხეს, გამორიცხავს თუ არა, რომ პროცესი მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მიდის. მუზეუმის დირექტორის თქმით, თავის საქმეს ასრულებს და ამას გააკეთებს ბოლომდე.

ვინ რა (არ) დაკარგა ეროვნულ მუზეუმში — დეტალები ხმაურიანი პრესკონფერენციიდან

კულტურის სამინისტრო

“თუ სახელმწიფო, ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, მე დავემორჩილები”, — დაამატა მან და იქვე აღნიშნა, რომ მუზეუმი არ იმსახურებს “შეურაცხყოფებს”, რომლებიც მისი მისამართით ხმიანდება .

“დირექტორატში უმცირესობაში ხართ. შეცვლილი დებულებისა და დირექტორატის ფონზე, რა ბერკეტები გაქვთ, რომ რაც თქვით, გააკეთოთ?” — მიმართა ჟურნალისტმა მუზეუმის დირექტორს, რაზეც ლორთქიფანიძემ მიუგო:

“სადამდეც შესაძლებელია, შევეცდები, ლოგიკით და არგუმენტებით გავაგრძელო… შეიძლება, მოხდეს პოზიციების დაახლოება, შეიძლება—  ვერ მოხდეს. უნდა შევეცადოთ”.

პრესკონფერენცია უკვე დასრულებული იყო, როცა მუზეუმის თანამშრომელმა, ნინო ჯაყელმა, ჯერ კიდევ დარბაზში მყოფ ნიკა ახალბედაშვილს მიმართა კითხვით, რატომ არ ხვდება თანამშრომლებს, როგორც დირექტორატის წევრი.

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის რეპლიკას, რომ ის არც მედიის წარმომადგენლებს ელაპარაკება, ახალბედაშვილმა ასე უპასუხა:

“თქვენ ხართ მხარე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გაგრძელება. თქვენ ხელოვნების მუზეუმი და კულტურა არ გაინტერესებთ”.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.