მაკრონი და პუტინი სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე შეთანხმდნენ
სატელეფონო საუბრის შემდეგ ვლადიმერ პუტინი და ემანუელ მაკრონი უკრაინის საკითხზე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
მაკრონის ადმინისტრაციის ოფიციალური განცხადების თანახმად, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის (უკრაინა, რუსეთი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) შეხვედრის მიზანი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების აღებაა.
ამასთანავე, სატელეფონო საუბრისას ითქვა, რომ მხარი უნდა დაეჭიროს სიტუაციის დიპლომატიურ მოგვარებას. ამისთვის, მომავალ დღეებსა და კვირებში „ინტენსიური დიპლომატიური სამუშაო ჩატარდება“. გაიმართება შეხვედრა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან-ივ ლე დრიანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის – სერგეი ლავროვს შორის.
20 თებერვლის მნიშვნელოვანი მოვლენები:
- უკრაინაში მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.
- აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი კვლავ აპირებს ომს. CNN-თან ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახეზეა ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს უკრაინაში რეალურ შეჭრას. ამასთანავე, CBS წყაროზე დაყრნობით ამბობს, რომ აშშ-ს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსულმა სამხედრო მეთაურებმა უკრაინაში შეჭრის გაგრძელების ბრძანება მიიღეს.
- რაც შეეხება უკრაინას, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მხარს უჭერს სამმხრივმა საკონტაქტო ჯგუფის და ამატებს, რომ უკრაინა „სიჩუმის რეჟიმზე“ გადადის.
- რუსეთმა და ბელარუსმა გაახანგრძლივა ერთობლივი სამხედრო წვრთნები. აღნიშნული წვრთნები ბელარუსში, უკრაინის საზღვართან მიმდინარეობს. ის 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები გაგრძელდება „დონბასში ვითარების გამწვავების გამო“.
- 20 თებერვლის დილას, უკრაინამ თქვა, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით, დონბასში რუსეთმა ცეცხლი 136-ჯერ გახსნა, დაიღუპა 2 სამხედრო, დაშავდა 4.