26 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა, მათგან სამი პროცედურის დარღვევით განაწესეს — „სასამართლოს გუშაგი“
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგი“ იტყობინება, 2023 წლის 3 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 26 მოსამართლე. მათგან 23 მოსამართლე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, 2020 წლის 1 დეკემბრიდან ახორციელებდა სამოსამართლო საქმიანობას, ხოლო, 3 – 2019 წლის 3 ივნისიდან (ალექსანდრე ლომიძე, ფატი ფურცხვანიძე და ლელა ჭინჭარაული).
როგორც ორგანიზაცია აცხადებს, სამივე მოსამართლე გამოსაცდელ ვადაში იმყოფებოდა და ყოველწლიურ შეფასებას ექვემდებარებოდა.
„ვინაიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად არ იყო დაკომპლექტებული (პარლამენტი არ ირჩევდა არამოსამართლე წევრებს), საბჭომ, კანონით დადგენილი წესით შეფასების გარეშე, სამ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა მათ წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის დასრულებამდე, 2022 წლის 2 ივნისს გაუხანგრძლივა.
საბოლოოდ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აღნიშნულ მოსამართლეების უვადო გადანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო არა გამოსაცდელი ვადის დაწყებიდან 3 წლის თავზე, როგორც ამას “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი ითვალისწინებდა, არამედ – 4 წლის შემდეგ“, — აცხადებს „სასამართლოს გუშაგი“.
შედეგად, როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, მოსამართლეები — ალექსანდრე ლომიძე, ფატი ფურცხვანიძე და ლელა ჭინჭარაული — კანონით განსაზღვრული 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის ნაცვლად, 4 წელი ეწეოდნენ სამოსამართლეო საქმიანობას.
რაც შეეხება დანარჩენს 23 მოსამართლეს, ესენი არიან:
- ია ბარამიძე,
- ქეთევან ბერეკაშვილი,
- ირმა გოგალაძე,
- ნინო გოგატიშვილი,
- ირინა გოგოლაძე,
- თეონა ეპიტაშვილი,
- გვანცა ვარდანიძე,
- გრიგოლ ვატიტაძე,
- ვერიკო ზათიაშვილი,
- თეა თაყაძე,
- ქეთევან თხელიძე,
- ლაშა კლდიაშვილი,
- კონსტანტინე კოპალიანი,
- არჩილ კოჭლამაზაშვილი,
- ნათია მარშანია,
- ბაია ოტიაშვილი,
- გიზო უბილავა,
- ნინო შერბაკოვი,
- კობა ჩაგუნავა,
- გვანცა ჩიქოვანი,
- ლელა ცაგარეიშვილი,
- ირაკლი ხუსკივაძე,
- მიხეილ ჯინჯოლია.
„სასამართლოს გუშაგის“ თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ნინო გიორგაძის გარდა, ყველა მოსამართლე დანიშნა უვადოდ, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 1 დეკემბერს ეწურებოდათ.
„რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ნინო გიორგაძის არდანიშვნა, რომელსაც საბჭომ გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობაც კი არ მისცა, ატარებს სანქციის შინაარსს მოსამართლის წინააღმდეგ“, — მიიჩნევს „სასამართლოს გუშაგი“.
ფოტოზე: მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია/იუსტიციის უმაღლესი საბჭო