ახალი ამბები

უნივერსიტეტებში საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლები შეიქმნება – რას მისცემს უმაღლესებს ახალი ინიციატივა

უნივერსიტეტებში საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლები შეიქმნება – რას მისცემს უმაღლესებს ახალი ინიციატივა

უმაღლესი დაწესებულება უფლებამოსილი იქნება შექმნას საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას – ამის შესახებ „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წერია, რომელიც პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 28 თებერვალს პირველი მოსმენით განიხილა. კანონპროექტის ავტორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გახლავთ, ინიციატორი კი საქართველოს მთავრობა.

როგორც გაცხადდა, ამ სიახლემ ქართულ უნივერსიტეტებში უცხოელი აკადემიური პერსონალის ინტეგრაცია უნდა გამოიწვიოს.

როგორც საკანონმდებლო ცვლილების შესახებ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, შემოთავაზებული ცვლილება მიზნად ისახავს შეიქმნას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულის ცალკე სახეობის – „საერთაშორისო სკოლის“ ან/და ,,საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის“ ჩამოყალიბების შესაძლებლობა, რომლის ფუნქციონირებაც და ადმინისტრირებაც შესაძლებელია განხორციელდეს საგანმანათლებლო ორგანიზაციების, პროგრამათა ადმინისტრატორების ან საგანმანათლებლო სფეროში მოქმედი უცხოური კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ.

“შესაბამისად, წინამდებარე ცვლილების ძირითადი მიზანია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებში შექმნილ „საერთაშორისო სკოლას“/,,საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას“ ჰქონდეთ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის IV და V თავების მიერ განსაზღვრულისაგან განსხვავებული სტრუქტურა და მართვის ორგანოების არჩევის/დანიშვნის წესი და შედარებით ფართო დამოუკიდებლობა იმისათვის რომ განსაზღვრონ და განახორციელონ აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა. „საერთაშორისო სკოლა“/,,საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა“, უფლებამოსილი იქნება განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამების სწავლება ნებისმიერ საფეხურზე სხვადასხვა სპეციალობით (სამაგისტრო სადოქტორო სკოლა მხოლოდ სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების საფეხურებზე ანალოგიურად ,,Graduate school“-ისა)“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საპარლამენტო კომიტეტისთვის ამ ცვლილების წარმდგენმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ ინიციატივა ასე ახსნა:

„ცვლილებების შეტანა განპირობებულია იმით, რომ ასეთი პრაქტიკა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს, რაც ითვალისწინებს საჯარო თანამშრომლობის საერთაშორისო ელემენტების შემცველ სხვადასხვა ფორმას საგანმანათლებლო სფეროში. ეს ხელს უწყობს საგანმანათლებლო სფეროს ინტერნაცოინალიზაციას, განვითარებას, ზრდის განათლების სისტემის ხარისხს კონკრეტულ პროგრამაზე. საქართველოში ეს რეგულაცია უმაღლესი განათლების შესახებ კანონში არ იყო გათვალისწინებული და შესაბამისად, ამ ცვლილებით იქნება შესაძლებელი, რომ საერთაშორისო სამაგისტრო სადოქტორო სკოლის შექმნის შესაძლებლობა ჰქონდეს უნივერსიტეტს საერთაშორისო პარტნიორობით. ეს ყველაფერი, საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, უცხოელი აკადემიური პერსონალის საერთაშორისო სკოლაში ინტეგრაციის, აკადემიური პერსონალის სტატუსის მიღების წესის და პირობების შექმნის საჭიროებამ განაპირობა, რაც თავისთავად იმოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური და სამეცნიერო პროცესის წარმატების ინდიკატორზე“.

მომხსენებლის განცხადებით, ცვლილება განპირობებულია იმითაც, რომ როდესაც არსებობს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს უნივერსიტეტსა და საერთაშორისო პარტნიორს შორის, ხშირ შემთხვევაში, მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ პროცესებში გარკვეულწილად შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით. ახალი რეგულაცია კი მათი მხრიდან უფრო მეტ ჩართულობას განაპირობებს, რაც ხელს შეუწყობს ამ სისტემის სათანადო დონეზე განვითარებას.

კანონპროექტის მიხედვით, საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტი შემუშავდება და მტკიცდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტისაგან დამოუკიდებლად. მის ბიუჯეტს შეიმუშავებს და დაამტკიცებს მისი მმართველი, რექტორთან შეთანხმებით.

ასევე იხილეთ:

„განათლების სისტემა პროფესიონალ უმუშევრებს გვაწვდის“ – ვინ სჭირდება შრომის ბაზარს და ბიზნესს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.