რა ქვეყანაა რუსეთი, რომელსაც საავადმყოფოების, სამშობიაროების ეშინია და ანგრევს მათ? — ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 9 მარტს ქალაქ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმა “ომის დანაშაულია”.
“ბავშვთა საავადმყოფო. სამშობიარო. რით ემუქრებოდნენ რუსეთის ფედერაციას? რა ქვეყანაა ეს – რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ეშინია საავადმყოფოებისა და სამშობიაროების და ანგრევს მათ?
ორსული ქალები აპირებდნენ სროლას როსტოვის მიმართულებით? სამშობიაროში ვინმე რუსულენოვან ხალხს შეურაცხყოფდა? ეს რა იყო? საავადმყოფოს დენაციფიკაცია?” — დასძინა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას და განაგრძო:
“ეს უკვე სისასტიკის მიღმაა. ყველაფერი, რასაც დამპყრობლები უკეთებენ მარიუპოლს, სისასტიკის მიღმაა. ევროპელებო! უკრაინელებო! მარიუპოლის მოსახლეობავ!
დღეს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ რუსეთის ამ ომის დანაშაულის დასაგმობად, რომელიც ასახავს მთელ ბოროტებას, რაც დამპყრობლებმა შემოიტანეს ჩვენს მიწაზე”.
ზელენსკი სამშობიაროზე თავდასხმას უწოდებს “საბოლოო მტკიცებულებას… რომ უკრაინელების გენოციდი ხდება”.
“ევროპელებო! თქვენ ვერ იტყვით, რომ არ დაგინახავთ რა დაემართათ უკრაინელებს, რა დაემართა მარიუპოლის მოსახლეობას. თქვენ დაინახეთ. თქვენ იცით”, — დასძენს ის.
მანვე მოუწოდა დასავლეთს, გააძლიეროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და წნეხი მოსკოვზე, რათა ამ უკანასკნელმა ომი შეწყვიტოს.
“ჩვენ ერთად უნდა დავუბრუნოთ გამბედაობა ზოგიერთ დასავლელ ლიდერს, რათა საბოლოოდ გააკეთონ ის, რაც უნდა გაეკეთებინათ [რუსეთის] შემოჭრის პირველ დღეს.
ან დახურეთ უკრაინის ცა რუსული რაკეტებისა და ბომბებისათვის, ან მოგვეცით მოიერიშე თვითმფრინავები, რომ ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ყველაფერი. პაუზა გადაწყვეტილების გარეშე, უბრალოდ, სასიკვდილო გახდა”, — თქვა ზელენსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება და ამ დროისთვის 35 000 ადამიანია გაყვანილი.
9 მარტს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ძალებმა სამხრეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში საავადმყოფო დაბომბეს. მათი ინფორმაციით, დანგრეულია ბავშვთა და სამშობიარო განყოფილებები.
უკრაინის ცნობით, დაშავებულია 17 პირი, რომელთა შორისაც არის როგორც საავადმყოფოს პერსონალი, ისე — პაციენტები. უკრაინული მედია იუწყება, რომ აფეთქებები სამშობიარო და პედიატრიულ განყოფილებებს შორის, ეზოში მოხდა.
დონეცკში უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, პავლო კირილენკოს თქმით, დაშავებული ბავშვების რაოდენობა “მადლობა ღმერთს, ნულია”.
“იმედი მაქვს, ასეც დარჩება”, — დასძინა მან.
მარიუპოლში განვითარებული პროცესების ფონზე, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოითხოვა დასავლეთისგან უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება. აღნიშნულზე ნატო უარს ამბობს, მიიჩნევს რა, რომ ეს ომში პირდაპირ ჩართვას გამოიწვევს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
ვრცლად:
რუსეთმა მარიუპოლში საავადმყოფო დაბომბა, დაშავდნენ პაციენტები და პერსონალი — უკრაინა