ახალი ამბები

რა, სად და როგორ უნდა ჩააბაროთ სამაგისტრო გამოცდებისთვის – მოკლედ და მარტივად

რა, სად და როგორ უნდა ჩააბაროთ სამაგისტრო გამოცდებისთვის – მოკლედ და მარტივად

აბიტურიენტებთან ერთად, საგამოცდო ციებ-ცხელების დრო მაგისტრანტობის მსურველი სტუდენტებისთვისაც იწყება. წინასწარი ვარაუდით, 2022 წლის სამაგისტრო გამოცდები ივლისის თვეში ჩატარდება, მასში მონაწილეობის სურვილი 9,500-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა.

ისევე როგორც აბიტურიენტებში, მაგისტრანტობის მსურველებშიც ბევრი შეკითხვა დაგროვდა, იმაზე თუ რა სახით ტარდება გამოცდები, როგორია შეფასების სისტემა, რამდენი საკითხისგან შედგება ტესტები და ა.შ. ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას ამ სტატიაში შევეცდებით:

საგამოცდო გზამკვლევის მიხედვით, წინა წელს დამკვიდრებული ტესტირების ფორმატი 2022 წელსაც შენარჩუნდება და გამოცდაზე კვლავ ერთი ტიპის ტესტი იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული ტესტი ოთხი ნაწილისგან იქნება შედგენილი:

  • წაკითხულის გააზრება, სადაც 3 ტექსტს და 21 ტესტურ დავალებას შეხვდებით. ამ ნაწილის საგამოცდო დრო 75 წუთით იქნება განსაზღვრული.
  • ანალიტიკური წერა, სადაც ორი ვრცლად დასაწერი დავალება იქნება მოცემული: „მსჯელობითი ანალიზი“ და „თემა მოცემულ საკითხზე“, მათ დასაწერად მონაწილეებს 70 წუთი ექნებათ.
  • ლოგიკური ნაწილი, სადაც გამოცდის მონაწილეს 17 ტესტური დავალების დაწერა მოუწევს. ლოგიკური ნაწილისთვის საგამოცდო დრო ასევე 70 წუთი იქნება.
  • რაოდენობრივი მსჯელობა, სადაც 19 ტესტური დავალება, მათემატიკური ამოცანებისა და მაგალითების სახით იქნება მოცემული. დავალების შესასრულებლად 75 წუთი იქნება გამოყოფილი.

ზემოთ ჩამოთვლილ ყველა საკითხს განსაზღვრული აქვს მაქსიმალური შესაძლო ქულა და კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, ანუ ის ზღვრული ქულა, რომლის ვერ გადალახვის შემდეგაც მონაწილე ვერ აბარებს გამოცდას:

  • წაკითხულის გააზრების საკითხის შემთხვევაში, მაქსიმალური ქულა 21-ია. კომპეტენციის მინიმალური ზღვარი კი 30%. ანუ, იმისთვის, რომ ტესტი ჩაბარებულად ჩაითვალოს, გამოცდის მონაწილემ, მინიმუმ, 6,3 ქულა უნდა მოიპოვოს.
  • მაქსიმალური ქულა 18-ია ანალიტიკური წერის შემთხვევაში, მინიმალური ქულა კი 5,4 ქულით განისაზღვრა.
  • ლოგიკური მსჯელობის მაქსიმალური ქულა 17-ია, ზღვრული ქულა კი 5,1.
  • რაც შეეხება რაოდენობრივ მსჯელობას, აქ გამოცდის მონაწილეს მაქსიმუმ 19 ქულის აღება შეუძლია, ხოლო ჩაბარებისთვის საჭირო მინიმალური ქულა 4,75-ია.

საინტერესოა სამაგისტრო გამოცდების შეფასების სისტემაც. თითოეულ ტესტურ დავალებას 5 სავარაუდო პასუხი ახლავს, რომელთაგანაც მხოლოდ ერთია სწორი. თითოეული ეს დავალება ფასდება 1, 0 ან – 0.2 ქულით. სწორი პასუხის გაცემისთვის, გამოცდის მონაწილეს 1 ქულა ეწერება, თუ არცერთი პასუხი არ არის მონიშნული, იწერება 0 ქულა, ხოლო არასწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში გამოცდის შეფასებას 0,2 ქულა აკლდება ანუ -0,2 იწერება. შესაბამისად, რეკომენდირებულია, რომ სწორი პასუხის არ ცოდნის შემთხვევაში გამოცდის მონაწილემ ვარაუდით (გარტყმით) არ შემოხაზოს პასუხი. რაც შეეხება ტესტის ანალიტიკური წერის ნაწილს, აქ მოცემული თითოეული დავალება 9 ქულით ფასდება. საერთო ჯამში ანალიტიკური წერის ნაწილში 2 დავალება იქნება დასაწერი. მათი შეფასების კრიტერიუმები კი წინასწარ არის დადგენილი.

ასევე, ცნობილია, რომ სამაგისტრო გამოცდები ნახევრად ელექტრონულ ფორმატში ჩატარდება. ეს ნიშნავს იმას, რომ გამოცდის მონაწილეები ტესტური დავალებების შინაარსს კომპიუტერის ეკრანზე გაეცნობიან, ხოლო პასუხებს წინასწარ მომზადებულ ფურცლებზე დაწერენ, რომლებიც მათ გამოცდის დაწყების წინ გადაეცემათ.

მაგისტრობის მსურველებმა აუცილებად უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება უნივერსიტეტში მოხვედრას არ ნიშნავს. საბოლოო წარმატების მისაღწევად, გამოცდის მონაწილეებმა, სასურველ უნივერსიტეტს ჩაბარების განაცხადით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც ისინი შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას გაივლიან, სადაც მათ ჩაბარებისთვის კონკრეტული უნივერსიტეტების მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ. მაგისტრანტობის მსურველმა იმდენი შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა უნდა ჩააბაროს, რამდენ უნივერსიტეტშიც შეიტანს განცხადებას.

ასევე იხილეთ:

განახლებათი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.