ახალი ამბები

ჭონა – რას გულისხმობს ქართული სააღდგომო ტრადიცია ბავშვების მონაწილეობით

ჭონა – რას გულისხმობს ქართული სააღდგომო ტრადიცია ბავშვების მონაწილეობით

„ბები ერთი კვერცხი მომე, ღმერთი მოგცემს ბარაქასა, ჭონა!“ – ეს სიტყვები, ჩემს ბავშვობაში, აღდგომის წინა ღამეს, ქართლის სოფლების თითქმის ყველა სახლის წინ რამდენჯერმე გაისმოდა. ყველამ იცოდა, რომ ამ დღეს, ჯგუფად შეკრებილი მოზარდები, ყველა ოჯახთან ჩამოივლიდნენ „ჭონაზე“ და მათთვის წითელი კვერცხები უნდა მიეცათ. ამიტომაც, ამ დღეს, შეღებილი კვერცხი ოჯახში აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ბებია საგულდაგულოდ გადააწყობდა ხოლმე ჭონაზე მომსვლელთათვის მისაცემ სააღდგომოდ შეღებილ კვერცხებს და ბავშვები ყურდაცქვეტილები ველოდებოდით, როდის მოახლოვდებოდა ჩვენს ჭიშკართან სიმღერის ხმა, რომელიც ბებიასთვის უფლის ანგელოზთა გალობა იყო.

ბავშებმა ვიცოდით, რამდენი მეჭონავეც არ უნდა მოსულიყო ჩვენს ეზოსთან, ყველასთვის უნდა მიგვეცა წითელი კვერცხი და ერთმანეთს ვეცილებოდით, რომელი გავუტანდით მეჭონეებს კვერცხებს, რომლებიც უფლის აღდგომის მახარებლებად ითვლებოდნენ და ძირითადად სკოლის ასაკის ბავშვები იყვნენ. ბებია გვეუბნებოდა, რომ წითელი კვერცხის გაცემა უფლის დახმარებას ნიშნავდა, რადგან, ტრადიციის მიხედვით, ეს კვერცხები ჭონაზე ჩამომვლელებს მათთვის უნდა მიეცათ, ვისაც კვერცხების შეღებვის საშუალება არ ჰქონდა. ქალაქში კი ეს ტრადიცია ფაქტობრივად არ არსებობდა.

EDU.ARIS.GE-სთვის ეთნოლოგ ნინო ღამბაშიძის მიერ მოწოდებულ მასალაში, რომელიც სააღდგომო ტრადიციას, ჭონას ეხება, ვკითხულობთ, რომ ჭონაზე ქართლის ყველა კუთხეში, იმერეთში, მესხეთში, რაჭაში, მთიულეთ-გუდამაყარში და კახეთში დადიოდნენ. ჭონაზე სიარული წესით წითელ პარასკევს იწყებოდა, ზოგან ვნების კვირის ორშაბათს და აღდგომამდე გრძელდებოდა. დაახლოებით 7-8 მამაკაცი, ტყავის ჯუბებში გამოწყობილები, ზოგჯერ ქალებიც და ბავშვებიც კარდაკარ დადიოდნენ, ოჯახს ულოცავდნენ და უმღეროდნენ. ღამბაშიძე წერს, რომ ქალებისა და ბავშვების ჩართვა ამ ტრადიციაში უფრო გვიანი მოვლენაა. ძირითადი ტექსტი, რომელსაც მეჭონეები მღეროდნენ, ყველა კუთხეში თითქმის ანალოგიური იყო და ბებიასათვის ან დედასთვის კვერცხის თხოვნას ითვალისწინებდა.

„ალათასა ბალათასა,
ჩამოვკიდებ კალათასა.
დედი (ბები) ერთი კვერცხი მომე,
ღმერთი მოგცემს ბარაქასა, ჭონააა…“

ეთნოგრაფის მოკვლეულ მასალაში წერია, რომ მეჭონეებს ოჯახი სურსათით ასაჩუქრებდა. ისინი კი ძირითადად კვერცხს ითხოვდნენ. ზოგან მეჭონეებს ღამე გოდრები დაჰქონდათ, მასპინძელს მომავალ აღდგომას ულოცავდნენ და უმღეროდნენ, რის დროსაც ოჯახს ისეთ სიუხვეს უსურვებდნენ, როგორიც შიოს მარანში იყო, რომ სახლში ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყო. მეჭონეებს სიმღერის შემდეგ, შესაძლოა, ფერხულიც შეესრულებინათ, დაეკრათ სალამურზე, გაემართათ ჭიდაობა, ცეკვა-თამაში და სხვა.

„თუ ოჯახი მეჭონეებს ხელცარიელს გაუშვებდა, ისინი დაიწყევლებოდნენ, რაც ცუდის ნიშანი იყო. ბანზეც იცოდნენ ასვლა, რომლის ერდოდან სახლში ჩაუშვებდნენ კალათას, რომ დიასხლისს მასში სანოვაგე, ძირითადად კვერცხი ჩაედო. როგორც წესი, მეჭონეები ერთის ნაცვლად ორ კვერცხს ითხოვდნენ და იძახდნენ: „ოროლობაა, ოროლობაა!“ ზოგჯერ მათ იმდენი კვერცხი უგროვდებოდათ, რომ ბაზარშიც ჰყიდდნენ და აღებული ფულით სურსათს, ღვინოს ყიდულობდნენ, შემდეგ კი ტრადიციულად სააღდგომოდ ქეიფობდნენ“, – წერს ნინო ღამბაშიძე საკუთარ ნაშრომში.

ქართლში ახლაც გაიგონებთ აღდგომის დადგომამდე „ბები ერთი კვერცხი მომე“ შემოძახილს, თუმცა, როგორც სხვა ბევრი ტრადიცია, ჭონაც თითქოს წარსულს ბარდება და ეს ხმა ყველა სოფლის ყველა ოჯახთან წინა სააღდგომოდ აღარ ისმის…

ასევე იხილეთ:

როგორ აღნიშნავენ აღდგომას მსოფლიოს ქვეყნებში

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.