ასჯერ გაზომეთ და ერთხელ წადით, ოღონდ არა ღამისთევით – რას ნახავენ მოსწავლეები იმერეთიდან 150 კილომეტრში
ქართულ ხალხურ ანდაზას, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საკუთარი ანდაზით პასუხობს – ასჯერ გაზომეთ და ერთხელ წადით, ოღონდ არა ღამისთევითო. ამ სტატიის მოსამზადებლად EDU.ARIS.GE ენამოსწრებულ იმერლებში ჩავიდა და კარგ რჩევებთან ერთად, საინტერესო მოსაზრებებიც მოაგროვა.
გავარკვიეთ, რომ მაგალითად სამტრედიაში მცხოვრებ მოსწავლეებს გაუმართლათ, თუ ისინი წელს სკოლიდან ბათუმის მონახულებას გადაწყვეტენ, სავარაუდოდ, ამის პრობლემა არ ექნებათ, გეოგრაფიული სიახლოვის გამო. მანძილი აქედან ბათუმამდე 118 კილომეტრია და განათლების სამინისტროს მიერ სასკოლო ექსკურსიების ლოკაციებისთვის დაწესებულ ზღვარს არ სცდება. სამაგიეროდ, სასკოლო ექსკურსიით, ბათუმში ექსკურსიაზე ვერასდროს ჩავლენ ქუთაისელი მოსწავლეები და თავის მხრივ, ვერც ბათუმელი ბავშვები ჩავლენ ქუთაისში სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების სანახავად. გუგლის რუკის მიხედვით, სკოლის ექსკურსია ბათუმიდან მხოლოდ გეგუთის თამარის სასახლემდე ჩავა. რა ღირსშესანიშნაობების ნახვა შეუძლიათ იმერეთიდან ექსკურსიაზე წასულ მოსწავლეებს და როგორი შეიძლება იყოს საექსკურსიო ვარიანტების ჩამონათვალი, ამას სტატიის ბოლოს კიდევ დავუბრუნდებით, იქამდე კი, იმ ქუთაისელი მოქალაქეების საინტერესო მოსაზრებებს წარმოგიდგენთ, რომლებმაც EDU.ARIS.GE-სთან საუბარში სამინისტროს ამ ერთობ „საინტერესო“ გადაწყვეტილებას ახსნა ჩვეული იუმორით მოუძებნეს:
– განათლების მინისტრს ჰკითხეს, რა მიზეზით დაადგინეთ, რომ ექსკურსია მხოლოდ ერთდღიანი იყოსო, ჰოდა, სიცხეებია და გოჭის ხორცი ფუჭდებაო, ეშინიათ, მასწავლებლები არ მოიწამლონ. ? სერიოზულად კი, ვფიქრობ, სამინისტრო სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით უნდა იყოს დაკავებული;
– ალბათ, ღამით ექსკურსიებზე გაპასტვით შეწუხებულმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მიმართეს სამინისტროს, თორემ სხვა რა პრობლემაა, ყველაფერი მოგვარებულია;
– მე ვფიქრობ, აქ ცხოველთა უფლებადამცველების ხელი ურევია, იმდენი გოჭი და ქათამი გადარჩება;
– კონკია წაუკითხავთ და ღამისთევით ექსკურსიები აკრძალეს, კვახად არ გადაიქცნენ ექსკურსიაზე წასულებიო?
– მასწავლებლები ეკითხებიან მინისტრს, ერთდღიანი რომ შემოიღეთ ექსკურსია, რა უნდა მოვასწროთო და მინისტრმა უპასუხა – სკოლიდან წასვლაო.
განათლების სამინისტროს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მშობლების ნაწილი, ზოგიერთ რეგულაციას ამართლებს, უმეტესობისთვის კი ასეთი შეზღუდვები აბსურდულია.
სალომე ჩუბინიძე ორი შვილის დედაა და ერთ-ერთია ვინც ფიქრობს, რომ ექსკურსიებზე დაწესებული რეგულაციები მისასალმებელია და ამას სოციალური პრობლემების არსებობით ხსნის. EDU.ARIS.GE-ს უყვება, რომ დღემდე ახსოვს, როგორ ვერ შეძლო სკოლის ასაკში ერთ-ერთ ექსკურსიაზე წასვლა.
„მეცხრე კლასში ვიყავი, ჩემი კლასი კახეთში წავიდა სამდღიან ექსკურსიაზე. მე ვერ წავედი, ფინანსური პრობლემის გამო, უმეტესობას უჭირდა იმ დროს. ისიც კარგად მახსოვს და მწარედაც, ერთ-ერთმა მასწავლებელმა კლასში რომ თქვა, ჯობს, დედამ საჭმელი არ ჭამოს, ჯობს ისესხოს და შვილი გაუშვასო, როგორ დაგტოვაო… ვინ იცის, კახეთში როდის მოხვდებიო. დღესაც იქნება იგივე სიტუაცია. დარწმუნებული ვარ, იქნება შემთხვევები, როცა ბავშვი იჩაგრება ამ სამდღიანი ფულების ფრიალის გამო. ჩემი აზრია, რომ სტუდენტი წავიდეს ღამის თევით, ზრდასრული თავისი ბიუჯეტით, მაგრამ არა სკოლის მოსწავლე, რომლის უკანაც ოჯახი დგას და ვინ იცის, რამდენი პრობლემით. რაც შეეხება 150 კმ მანძილის რადიუსს, თუ ღამის თევა არ იქნება, მაშინ, ვფიქრობ, შეიძლება, მაგალითად 160 კმ- ში არსებული ძეგლის მონახულება”, – ამბობს სალომე.
EDU.ARIS.GE-ს მეორე რესპონდენტი, ლაშა ბერეკაშვილი, ორი შვილის მამაა და „ახალგაზრდა გიდების ასოციაციას“ ხელმძღვანელობს. გვიყვება, რომ წლებია ტურუსტულ სფეროში მუშაობს და რეგულაციების დაწესებას გაუაზრებელ ქმედებად მიიჩნევს. მისი თქმით, კაბინეტში მიღებულ ამ გადაწყვეტილებას მოსწავლეებისთვის კეთილდღეობის მოტანა არ შეუძლია.
„ექსკურსის დანიშნულებაა ინფორმაციის მიღება, კომუნიკაციების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, დაახლოება, ემოციების გაცვლა, ჰარმონიული თანაცხოვრება და არა რომელიმე ობიექტზე მისვლა და ფოტოს გადაღება“, – ამბობს ლაშა ჩვენთან საუბარში.
რაც შეეხება აკრძალვების სოციალური პრობლემებითა და მოსწავლეთა უსაფრთხოებით გამართლებას, ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ არგუმენტად მსგავსი ფაქტორების მოყვანა არასერიოზულია, რადგან ეს ის საკითხები არაა, რომელთა გადაჭრაც სახელმწიფოს, წესით, არ შეუძლია.
„თუ შეზღუდვებს უსაფრთხოებით ხსნიან, ამით სახელმწიფო გვეუბნება, რომ საქართველოში მოგზაურობა არ არის უსაფრთხო. მსგავსი პრაქტიკა რომელ ქვეყანაში გამოიყენეს, არ მახსენდება. ერთ-ერთი სკოლიდან იყო შემთხვევა, რომ მეორე კლასელი ბავშვები წაიყვანეს ბოდბეში იმიტომ, რომ მასწავლებელსა და მშობლებს უნდოდათ წყალში ჩასვლა ბოდბეში და ამხელა გზა ქუთაისიდან გაატარეს. ასეთი სიგიჟეები უნდა დამთავრდეს. პირველკლასელი ბავშვის ექსკურსიის მანძილი და მერვე-მეცხრე კლასის მოსწავლეთა ექსკურსიის მანძილი უნდა განსხვავდებოდეს. რასაც ჩვენ რეგულაციებით გვიწესებენ, ამის მიხედვით ბათუმელი ბავშვი ვერ ნახავს გელათს ან თბილისელი ვარძიას, სანამ სკოლას არ დაამთავრებს ან მშობელი ცალკე არ წაიყვანს და თუ სოციალური პრობლემებია მიზეზი, ესეც ალოგიკურია, რადგან მაშინ, პირობითად, კოკა-კოლაც უნდა აიკრძალოს? შეიძლება, ყველა ამასაც ვერ ყიდულობს. ამ საკითხს სწორი გადაწყვეტა სჭირდება და არა აკრძალვა“, – ამბობს ლაშა ბერეკაშვილი EDU.ARIS.GE-სთან.
ასოციაცია განათლების სამინისტროს აკრძალვების დაწესების ნაცვლად, გამართული საექსკურსიო მარშრუტების შემუშავებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს, რაც მოსწავლეთა განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაზე.
გაამართლებს თუ არა სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება, ამას მოგვიანებით ვნახავთ. იქამდე, იმერეთიდან სასკოლო ექსკურსიის მოწყობის მსურველთა ინტერესის გათვალისწინებით, შეგვიძლია რუკას გადავხედოთ და სავარაუდო საექსკურსიო მარშრუტები ვნახოთ, რაშიც „ახალგაზრდა გიდების ასოციაცია“ გვეხმარება:
„იმერეთს თავისი ბუნებრივი მდგომარეობა აძლევს საშუალებას, რომ აქ მოსწავლეებმა ბევრი რამ ნახონ ვიდრე, მაგალითად აჭარაში, სვანეთში ან ახალციხეში და ა.შ. ქუთაისიდან შეგვიძლია 12-ვე მუნიციპალიტეტი ავითვისოთ, თავისი კულტურული მემკვიდრეობებით, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, ბორჯომი, გურია, აჭარის ნაწილიც შეგვიძლია. სხვა რეგიონებთან შედარებით, იმერელი ბავშვები ძალიან არ იჩაგრებიან“, – გვიხსნის ლაშა ბერეკაშვილი.
იმერეთის ღირსშესანიშნაობების, მუზეუმებისა და სახლ-მუზეუმების გარდა, იმერელ მოსწავლეებს შეუძლიათ ნახონ:
რაჭა-ლეჩხუმში: ნიკორწმინდას ტაძარი, ბარაკონის ტაძარი, საირმის სვეტები, ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი, მრავალძალის ტაძარი;
გურიაში: ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი, შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი, გომის მთა;
სამეგრელოში: დადიანების სასახლე, მარტვილის მონასტერი, სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენცია;
სამცხე-ჯავახეთის მხარეში: ბორჯომი;
ჩამოთვლილ მეზობელ რეგიონებში მოგზაურობის ათვლის წერტილად ამ შემთხვევაში ქუთაისია აღებული.
რაც შეეხება სხვა პოპულარულ მიმართულებებს, ბათუმის მონახულების შანსი, სკოლის პერიოდში მხოლოდ ხონსა და სამტრედიაში მცხოვრებ მოსწავლეებს ექნებათ, ახალციხეში მოგზაურობას კი ხარაგაულსა და ზესტაფონში მცხოვრები მოსწავლეები შეძლებენ.
ასევე იხილეთ:
მშობელი სასკოლო ექსკურსიებზე: ახალი რეგულაციებით ირღვევა ჩვენი შვილების უფლებები
აზარალებს თუ არა ექსკურსიებზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება შიდა ტურიზმს
მოამზადა ანა ჯიქიამ