რუსმა დიპლომატმა გაეროში პოსტი დატოვა და კრემლი გააკრიტიკა
ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველმა ბორის ბონდარევმა თანამდებობა დატოვა და დაგმო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში აგრესიული ომის გამო.
„ასე არასდროს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის გამო“, — წერს ბონდარევი ჟენევაში დიპლომატებისთვის გაზიარებულ განცხადებაში, რომელსაც UN Watch აქვეყნებს.
UN Watch-ის აღმასრულებელი დირექტორის ჰილელ ნოიერსის შეფასებით, „ბორის ბონდარევი გმირია“.
„ჩვენ ახლა მოვუწოდებთ ყველა სხვა რუს დიპლომატს გაეროში და მთელ მსოფლიოში, მიჰყვეს მის მორალურ მაგალითს და გადადგეს“, — ამბობს იგი.
ბორის ბონდარევი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა დიპლომატიურ სამსახურში.
„ოცი წლის განმავლობაში მე მინახავს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა შემობრუნება, მაგრამ არასოდეს შემრცხვენია ჩემი ქვეყნისა და ჩემი საქმის ისე, როგორც ამ წლის 24 თებერვალს. პუტინის მიერ გაჩაღებული აგრესიული ომი უკრაინასთან და, ფაქტობრივად, მთელ დასავლურ სამყაროსთან, არის არა მხოლოდ დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, არამედ, შესაძლოა, ყველაზე მძიმე დანაშაული რუსი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც ასო Z-თი გადაუსვა ხაზი ჩვენს ქვეყანაში აყვავებული დემოკრატიული საზოგადოების ეტაპობრივი განვითარების იმედებს. მათ, ვინც მოიფიქრა ეს ომი, მხოლოდ ერთი რამ უნდათ — სამუდამოდ დარჩნენ ხელისუფლებაში, იცხოვრონ პომპეზურ, უგემოვნო სასახლეებში. ამისთვის მზად არიან, მრავალი სიცოცხლე გასწირონ“, — წერს იგი.
მისი თქმით, გასული 20 წლის განმავლობაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში სიცრუისა და არაპროფესიონალიზმის დონე მუდმივად მატულობდა, თუმცა ბოლო წლებში ის უბრალოდ კატასტროფული გახდა.
„აშენდა სისტემა, რომელიც თავს იტყუებს. მინისტრი ლავროვი ამ სისტემის დეგრადაციის კარგი ილუსტრაციაა. 18 წლის მანძილზე ის პროფესიონალი და განათლებული ინტელექტუალიდან, რომელთან გათანაბრებაც სამინისტროს ბევრ თანამშრომელს სურდა, იქცა ადამიანად, რომელიც გამუდმებით ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ავრცელებს და მსოფლიოს (ანუ რუსეთსაც) ბირთვული იარაღით ემუქრება! დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის დაკავებული დიპლომატიით. ის თესავს ტყუილს, სიძულვილსა და ომს. რუსეთს აღარ დარჩა მოკავშირეები და ამის მიზეზია ჩვენი ქვეყნის აგრესიული პოლიტიკა და არა ყბადაღებული რუსოფობია, რაზეც გამუდმებით საუბრობენ რუსული ტელევიზიები“, — წერს ბონდარევი.
ის ამბობს, რომ ისწავლა დიპლომატია და სურს, გააგრძელოს მუშაობა თავისი ქვეყნისთის, მაგრამ სახელმწიფო სამსახურში დარჩენა და დამღუპველი პოლიტიკური კურსის გატარება ნიშნავს სამშობლოს ღალატს, რისი გაკეთებაც არ შეუძლია.