გადავწყვიტე, დავბრუნდე მედიაში – უდუმაშვილი ენმ-ს ტოვებს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი პარტიას ტოვებს და მედიაში ბრუნდება. ამის შესახებ მან დღეს 29 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბრიფინგზე უდუმაშვილმა მადლობა გადაუხადა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის წევრებს, შემდეგ კი თქვა:
„მე ვთვლი, და მგონია, რომ მარტო არ ვარ ამაში, რომ დღეს ერთ-ერთი ბრძოლის ხაზი გადის მედიაზე. ისევე როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვასა და დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება და ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომლებიც ვითარდება. ამიტომ, მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავბრუნდე მედიაში. ბრძოლის ველიდან არ გავრბივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა, ვიცვლი დისლოკაციის ადგილს,“.
უდუმაშვილმა არ დაასახელა, თუ რომელ მედიაში მიდის, რადგან „ვიცავ გარკვეულ წესებს“ , თუმცა, დასძინა – „გპირდებით, მალე ერთმანეთს შევხვდებით ეთერში“.
გარეკანი ფოტო: ფორმულა
2017 წლის ივნისში ზაალ უდუმაშვილმა, რომელიც მაშინ „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და 9-საათიანი კურიერის წამყვანი იყო, განაცხადა, რომ ტელეკომპანიას ტოვებდა.
მალევე, ცნობილი გახდა, რომ ის დასთანხმდა შეთავაზებას და ამავე წელს თვითმმართველობის არჩევნებში ენმ-ს მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატი იყო. ის დღევანდელ დღემდე ენმ-ს წევრად რჩებოდა.