EU-ს სანქციებში მოხვედრის შემდეგ „იანდექსის“ დამფუძნებელმა თანამდებობა დატოვა
„იანდექს ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი არკადი ვოლოჟი თანამდებობას ტოვებს. როგორც „მედუზა“ წერს, კომპანიამ განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა ახალი სიის გამოქვეყნებიდან ერთ საათში გაავრცელა, რომელშიც არკადი ვოლოჟიც მოხვდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ვოლოჟი ასევე ტოვებს ყველა აღმასრულებელ თანამდებობას „იანდექსის“ შვილობილ საერთაშორისო კომპანიებში. სიახლის ფონზე „მედუზას“ ცნობით, „იანდექსის“ აქციები 10%-ით დაეცა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დღეს, 3 ივნისს ევროკავშირმა დაამტკიცა სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო წესდება. სანქცირებულთა განახლებულ სიაში რუსეთის 65 მოქალაქე და 18 ბელარუსული კომპანია მოხვდა.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე დასავლეთის ქვეყნები და ევროკავშირი რუსეთს სხვადასხვა მიმართულებით უწესებს სანქციებს. ამასთან, ფართოვდება პერსონალური სანქციების სიაც, რომელშიც რუსი მაღალჩინოსნები, ოლიგარქები, პრო-კრემლისტური მედია ორგანიზაციები მათი ხელმძღვანელები და ოჯახის წევრები შედიან.