ახალი ამბები

როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად კომპიუტერი ინტერნეტის გარეშე – პედაგოგის ხერხები დაწყებითი კლასების მოწავლეთა მშობლებისთვის

როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად კომპიუტერი ინტერნეტის გარეშე – პედაგოგის ხერხები დაწყებითი კლასების მოწავლეთა მშობლებისთვის

თუ გაინტერესებთ, როგორ გამოიყენოთ ეფექტურად კომპიუტერი ინტერნეტის გარეშე, ისე, რომ გაითვალისწინოთ თქვენი შვილის ასაკობრივი თავისებურებებიც, ინტერესებიც და შესაძლებლობებიც, მაშინ კითხვა უნდა განაგრძოთ.

ყველა მშობელი ცდილობს, მაქსიმალურად შეამციროს დრო, რომელსაც ბავშვი კომპიუტერთან ატარებს, დაუწესოს შეზღუდვები ინტერნეტის მოხმარებაზე ან სულაც აუკრძალოს მისი გამოყენება გარკვეულ ასაკამდე. სპეციალისტები ამბობენ, რომ კომპიუტერი ინტერნეტის წყაროს გარეშეც სასწავლო რესურსია და მშობელმა ბავშვისთვის მისი ეფექტურად გამოყენება უნდა ისწავლოს. ამისთვის კი, აუცილებლია, იცოდეს კონკრეტულად რისი გამოყენება შეუძლია, რა სიხშირითა და მიზნებით.

კომპიუტერის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი კლავიატურაა, რომელზეც ლათინური ასოები, სიმბოლოები, ე.წ მმართველი სიგნალებია გამოსახული. ბავშვის ასაკობრივი თავისებურებებისა და შესაძლებლობების მიხედვით, თავისუფლად შეგვიძლია, კლავიატურა სასწავლო რესურსად გამოვიყენოთ. მაგალითად, თუ ბავშვი სკოლამდელი ასაკის ან დაწყებითი კლასის მოსწავლეა, შეგვიძლია მივმართოთ რამდენიმე ეფექტურ აქტივობას. გავაცნოთ თითოეული ასო. ფერადი პლასტირის გამოყენებით მონიშნოს რამდენი ასო აქვს ნასწავლი. თავადვე ნახავთ, რომ დროთა განმავლობაში, ყველა ასო ფერადი გახდება, ბავშვი კი არა მხოლოდ ასოებს აითვისებს, არამედ ისწავლის კითხვას, წერას, გაიუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს და სხარტი აზროვნებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

აუდიოჩამწერი, ზეპირად მიწოდებული ინფორმაციის დამახსოვრების საუკეთესო საშუალებაა. მისი დახმარებით შეგიძლიათ გადაამოწმოთ კითხვა, კითხვის ტემპი, ინტონაცია, პაუზების ინტერვალი. არა მხოლოდ პატარებისთვის, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ეს საკმაოდ საინტერესო და განმავითარებელი რესურსია. განსაკუთრებით მაშინ, თუ გვიჭირს ინფორმაციის დამახსოვრება, შენახვა ან უბრალოდ მეტყველების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ვაპირებთ.

კალკულატორი მოსწავლეს ნასწავლი უნარის ცხოვრებაში გადატანისა და გამოყენების საშუალებას აძლევს (მაგ., მაღაზიაში ხურდის გამოთვლა). მე-6 კლასამდე ბავშვები ამ რესურსს განსაკუთრებით აქტიურად იყენებენ, რათა ამოხსნან მაგალითები, ისწავლონ მიმატება-გამოკლება ან გადაამოწმონ სწორედ შეასრულეს თუ არა დავალება.

EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტი ნატო ფერიაშვილი, ინგლისური ენის მასწავლებელია. ის თავადაც მშობელია და ამბობს, რომ კომპიუტერი ინტერნეტის გარეშეც თავისუფლად შეგვიძლია მოვარგოთ იმ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს აქვთ. მისი თქმით, ამისათვის კი გარკვეული ინსტრუქციის მიღება და მარტივი აქტივობების შედგენაა საჭირო.

– როგორია თქვენი პირადი პრაქტიკა, შესაძლებელია, რომ მშობელმა კომპიუტერი ინტერნეტის გარეშეც ეფექტიანად გამოიყენოს?

– ჩემი დაკვირვებით, ყველა ის რესურსი, რომელსაც კომპიუტერი გვთავაზობს, თუნდაც ინტერნეტის გარეშე, შემეცნებისთვის ეფექტური მაღალტექნოლოგიური დამხმარე საშუალებაა და სრულიად თავისუფლად შეგვიძლია, ნებისმიერი ასაკის ბავშვის საჭიროებებს მოვარგოთ. მაგალითისთვის, თუ გვყავს მოსწავლე ან გვყავს შვილი, რომელიც კითხვის სწავლის პროცესშია, კლავიატურის ადაპტაციის გზით, მარტივად შეძლებთ ასწავლოთ ჯერ ასოები, შემდეგ სიტყვები და საბოლოოდ უფრო სწრაფად შეასწავლოთ ენა. ამისათვის საჭიროა ბავშვს მხოლოდ კლავიატურა მისცეთ და ის სამუშაო პროცესისთვის გამოიყენოს, ინტერნეტი მას არ სჭირდება. კლავიატურაზე აღნიშნავს ნასწავლ ასოებს, ასოებს რომლის დამახსოვრებაც უჭირს, მისთვის რთულ და მარტივ კომბინაციებს. თუ ბავშვმა უკვე იცის ასოები და კითხვაც შეუძლია, ვასწავლოთ სიტყვები, მივცეთ წყვილი ფერის პლასტერები და ვთხოვოთ მოძებნოს კლავიატურაზე ასოები, რომლითაც ეს სიტყვები შედგება. ამ ფორმით ეფექტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა ის რესურსი, რომელიც კომპიუტერს აქვს.

– რას ურჩევდით მშობლებს?

– პირველ რიგში გეტყვით, რომ ბავშვი არ უნდა მიეჯაჭვოს კომპიუტერს და ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ინტერნეტი ზრდის ამ მიჯაჭვულობას. არის ეფექტური აქტივობებიც, რომლებიც მშობელმა შეიძლება მიზანმიმართულად შეარჩიოს. ყველამ უნდა იცოდეს და არა მხოლოდ მშობელმა, რომ კომპიუტერი მხოლოდ ინტერნეტის მიღების წყარო არაა და ის ელემენტები, რომლებიც მისი ნაწილია, შეგვიძლია, თავისუფლად მოვარგოთ ბავშვის ინტერესებს. ამისთვის გარკვეული აქტივობის დაგეგმვაა საჭირო, რაც მშობლებს ნამდვილად არ უჭირთ და თავისუფლად ართმევენ თავს. მაგალითისთვის, უცხო ენის შესწავლის პროცესში, აუცილებელია, ადრეულ ასაკშივე ვასწავლოთ ხმის ჩაწერა და მოსმენა. რაც უფრო ადრე შეეჩვევა ბავშვის ყური და მეტყველება უცხო ენას, მით მალე აითვისებს და გაიუმჯობესებს სწორი მეტყველების უნარს.

რასაკვირველია, ეს აქტივობები ეფექტურია, რადგან არ ვიყენებთ ინტერნეტს. მშობლისთვის ასეთი სამყარო უფრო უსაფრთხოდ გამოიყურება, ბავშვისთვის კი სწავლა სახალისო ხდება.

ასევე იხილეთ:

„არ დააზეპირებინოთ ბავშვებს გამრავლების ტაბულა!“ – სწავლების მეთოდი წამყვანი მასწავლებლისგან

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.