ახალი ამბები

გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს – ბუღაძე

გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს – ბუღაძე

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ აცხადებს, რომ პროტესტს გააგრძელებს მანამ, სანამ საქართველო არ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამის შესახებ თავის გამოსვლაში ლაშა ბუღაძემ განაცხადა.

„ჩვენ ისევ აქ ვართ დღეს, როგორც შევპირდით ერთმანეთსა და საქართველოს, ასევე საქართველოს ევროპულ მომავალს. დღევანდელი ჩვენი დემონსტრაცია, ცხადია, ისევ არის ორიენტირებული იმ მნიშვნელოვან ისტორიულ ფოკუსზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირის სივრცეში და ჩვენ არ დავიღლებით, ყოველთვის შევიკრიბებით აქ და მანამდე გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს,“ – თქვა მან.

ბუღაძე აცხადებს, რომ მოძრაობამ და მისმა მხარდამჭერებმა შესთავაზეს ხელისუფლებას მათი პირობები, რომლებიც ეხმიანება ევროკავშირის მოთხოვნებს საქართველოს მიმართ, თუმცა, ხელისუფლებამ ეს არ მოისმინა.

გამოსვლაში ის ასევე იხსენებს თავდასხმებსა და ხელის შეშლის მცდელობებს, რომელიც წინა კვირას მაშინ მოხდა, როდესაც მოძრაობის წევრები რეგიონში კამპანიის „შინ ევროპისკენ“ სასაუბროდ დადიოდნენ.

„ჯერჯერობით მათგან ვხედავთ სრულიად არაადეკვატურ რეაქციას ჩვენს აბსოლუტურად კონსტრუქციულ, მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტზე. მათ დაგვიპირისპირეს ძალადობა, აგრესია, ხელოვნურად შექმნილი ობსტრუქციული ძალები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს რეგიონებში, თბილისში – აბსოლუტურად გაუგებრად, სიძულვილითა და სწორედ პოლარიზებაზე ორიენტირებულობით ესხმოდნენ თავს.

ჩვენ აქედან ვთავაზობთ მშვიდობიან, კონსტრუქციულ გამოსავალს ევროკავშირის სასარგებლოდ, ისინი კი გვიპირისპირებენ აგრესიას, სიძულვილსა და აბსოლუტურად დესტრუქციულ ძალებს. ეს სრულიად მიუღებელია, ევროპული და ქართული ეთიკა გულისხმობს მშვიდობიან, თანმიმდევრულ ბრძოლას და როგორც არ უნდა გვიპირისპირებდნენ თავიდან ხელოვნურ ობსუქტრუციულ ძალებს, ჩვენ მათ დავუპირისპირებთ პრინციპულ, დემოკრატიულ პროტესტს,“.

ბუღაძე ამბობს, რომ მოძრაობა ელოდება ევროკავშირის მიერ სტატუსის მისაღებად დაყენებული პირობების შესრულებას, თუმცა – „არ გვაქვს მოლოდინი, რომ ოცნება ამას გააკეთებს, იმიტომ რომ ჩვენ, ვინც მშვიდობიანად ვსაუბრობთ, გვაძახებენ, თითქოს ომი გვინდა. იმ ადამიანებს კი, ვინც ფიზიკურად და სიტყვიერად თავს გვესხმიან წარმოაჩენენ უსაფრთხოების გარანტორებად,“.


აქცია „შინ ევროპისკენ“ სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით იმართება და მას უერთდებიან ძირითადი ოპოზიციური პარტიები.

მანამდე, აქციები გაიმართა 20 და 24 ივნისს, ამ უკანასკნელის დროს, აქციის მონაწილეებმა რა დროსაც წამოაყენეს მთავარი მოთხოვნები:

„ერთი კვირის ვადაში გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკავშირის 12 მოთხოვნას, სანამ ზამთარი მოვა“.

24 ივნისს, აქციის შემდეგ მოძრაობის „შინ ევროპისკენ“ წევრებმა რეგიონებში ჩაატარეს შეხვედრები. სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს საქართველოს რეგიონებსა და თბილისში ადამიანები ლანძღვა-გინებითა და ზოგ შემთხვევაში ფიზიკური ძალადობით ხელს უშლიდნენ მოსახლეობასთან შეხვედრაში. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნულში ჩართულები არიან „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ასევე, მერიისა და მასზე დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლები.

ამ თემაზე წაიკითხეთ ასევე:

მარნეულის მერიის თანამშრომლებმა სამირა ბაირამოვასთვის ხელშეშლა სცადეს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.