ახალი ამბები

„ფაქტია, გამოცდაზე შესაძლებელია ელექტრონული მოწყობილობის გამოყენება ისე, რომ აბიტურიენტები ვერ გამოიჭირონ“

„სანამ ეს ყველაფერი უფრო მასშტაბური არ გახდება, ეროვნული გამოცდების ფორმატის შეცვლაზე უნდა იფიქრონ და უნივერსიტეტებს გადააბარონ გამოცდების და მისაღები კრიტერიუმების ნაწილი“, – ასე ეხმაურება EDU.ARIS.GE-სთან განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში ერთ-ერთი დავალების ამსახველი ფოტოსურათის ინტერნეტში გავრცელების ფაქტს.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღის ბოლოს, სოციალურ ქსელში, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ერთ-ერთი დავალების ფოტოსურათი გავრცელდა. მასზე დატანილი ტექსტი ნამდვილად შეესაბამება იმ სესიის საკითხს, რომელიც აბიტურიენტებს ჰქონდათ მოცემული.

„ფაქტია, გამოცდაზე შესაძლებელია ელექტრონული მოწყობილობის გამოყენება ისე, რომ აბიტურიენტები ვერ გამოიჭირონ“სოციალურ ქსელში ფოტოსურათის გავრცელების პირველწყარო ამ ეტაპზე არ დადგენილა, თუმცა ის ასევე გააზიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა და ლიტერატორმა, ქეთი ქურდოვანიძემ, რომელმაც გამოცდების ცენტრზე მიუთითა და დაწერა, რომ „მოგიწევთ პასუხის გაცემა იმაზე, თუ როგორ გავრცელდა საგამოცდო ტესტი ინტერნეტით. როგორ მოახერხა აბიტურიენტმა ტესტისთვის ფოტოს გადაღება? სულ მცირე, უნდა გადადგეს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და პასუხი აგოს ყველამ, ვისაც კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა ევალება!“.

შესაძლოა, ცენტრის ხელმძღვანელის გადადგომა ზედმეტად რადიკალური ნაბიჯი იყოს, თუმცა EDU.ARIS.GE-მ მნიშვნელოვნად ჩათვალა, დარგის სპეციალისტებისთვის მოესმინა და მათგან მიეღო შეფასებები რისი მანიშნებელია ასეთი ფაქტები, რამდენად მოქმედებს იგი მისაღები გამოცდების იმიჯზე და აზიანებს თუ არა ეროვნული გამოცდებს, როგორც სანდო ინსტიტუციას.

განათლების მკვლევარი, სიმონ ჯანაშია, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღეს ეროვნული გამოცდები იმ მნიშვნელობას კარგავს, რაც ამ სისტემის დანერგვის დროს იყო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ეროვნული გამოცდების სისტემის შეცვლა. უკეთესი იქნება, თუკი აბიტურიენტებს შეეძლებათ საკუთარი კომპეტენცია სხვა მხრივ დაადასტურონ და ზოგადად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების მიღების პროცესი უნივერსიტეტებს გადააბაროს.

„უფრო მეტად კარგავს აზრს ამდენი ენერგიის ხარჯვა ამ გამოცდებზე. ადგილების რაოდენობა აჭარბებს მსურველების რაოდენობას და ასეთ მიმართულებებზე საერთოდ უაზრობაა, რა საჭიროა ამხელა ძალისხმევა. ამასთან, ეს აზრს კარგავს, რადგან ეს საგამოცდო სისტემა თავისი პროცედურებით შემუშავებულია 2003 წლის პრობლემების შესაბამისად, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობს. უკვე დიდი ხანია ამ სისტემის გადახედვა არის საჭირო, რომ შეფასება ხდებოდეს მრავალმხრივი კრიტერიუმით, მოსწავლეებს შეეძლოთ მათი კომპეტენცია მრავალმხრივად დაადასტურონ“, – აცხადებს განათლების სპეციალისტი.

რაც შეეხება ზემოაღნიშნული ფაქტის ფონზე ეროვნული გამოცდების რეპუტაციულ ნაწილს, სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ „ეროვნული გამოცდების რეპუტაცია არის იმაზე უფრო მაღალი, ვიდრე უნდა იყოს, რადგან საზოგადოებას ჰგონია, ჯერ კიდევ ძალიან მაღალი მნიშვნელობა აქვს ამ გამოცდებს, როგორიც წლების წინ ჰქონდა, როდესაც ეს გამოცდები შემოვიდა“.

„რაც დრო გავა, საზოგადოება მიხვდება, რომ ეს გამოცდები არ შეიძლება იყოს ღირებული, როგორც მაღალი მიღწევა, ან რაღაც განსაკუთრებულად გამჭვირვალე მექანიზმი. ვიდრე სახელმწიფო კატასტროფულ რყევას არ მიიღებს, მანამდე, როგორც ჩანს, სისტემის შეცვლას არ აპირებს“, – ამბობს ჯანაშია.

განათლების მკვლევარი ფიქრობს, რომ რეალურად, გამოსაცდელთა მხრიდან ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების მასშტაბები არ ვიცით და ესეც რომ არა, ეროვნული გამოცდები ვერ უზრუნველყოფს, დაადგინოს, არიან თუ არა აბიტურიენტები მომზადებული უნივერსიტეტისთვის. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენი რესპონდენტი დღის წესრიგში აყენებს გამოცდების ფორმატის ცვლილებისა და პროცესის მართვის უნივერსიტეტებისთვის გადაცემის საკითხს.

„ფაქტია, შესაძლებელია მოწყობილობის გამოყენება ისე, რომ აბიტურიენტები ვერ გამოიჭირონ, უბრალოდ არ ვიცით, რა მასშტაბებით ხდება. სანამ ეს ყველაფერი უფრო მასშტაბური არ გახდება, ფორმატის შეცვლაზე უნდა იფიქრონ და უნივერსიტეტებს გადააბარონ ამ გამოცდების და მისაღები კრიტერიუმების ნაწილი. უნივერსიტეტებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადგილები და ფული განაწილდეს საუკეთესოებს შორის, არამედ ეს საუკეთესოები უნივერსიტეტისთვის მომზადებული იყვნენ.

„ეს გამოცდები ვერ უზრუნველყოფს იმას, საერთოდ არიან თუ არა ეს ადამიანები მომზადებული უნივერსიტეტისთვის. ვიცი სტუდენტები, ვინც უნივერსიტეტში აბარებენ ისე, რომ მე-7 კლასის მათემატიკა არ იციან, მიუხედავად ამისა, ახერხებენ ამ სისტემაში უკეთესი შედეგების ჩვენებას, ვიდრე მისი თანატოლები, რომლებმაც შესაძლოა მე-6 კლასის მათემატიკა არ იცოდნენ. შედეგად ვიღებთ იმას, რომ უბრალოდ გვეცოდინება, ვაწყობთ კონკურსს და სულ ერთია ამის პირობები რა იქნება, რა კომპეტენციას ვამოწმებთ, მთავარია, კონკურსი ჩატარდეს. ასე გინდა წერა-კითხვა შეგიმოწმებია, გინდა სირბილში შეგემოწმებინა ეს ხალხი და მერე ჩაგვერიცხა უნივერსიტეტებში, მაინც სულ ერთია, რადგან სავარაუდოდ, ერთი და იგივე ხალხი ჩაირიცხება“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს სიმონ ჯანაშიამ.

კიდევ ერთი განათლების საკითხების სპეციალისტი კი ყურადღებას ამახვილებს მსგავს ფაქტებზე დროული და სწორი რეაგირების აუცილებლობაზე.

როგორც „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრის“ თავმჯდომარე შალვა ტაბატაძემ განგვიცხადა, მსგავსი ფაქტები ეროვნული გამოცდების დისკრედიტაციას იწვევს და აღნიშნული შესაბამის რეაგირებას საჭიროებს.

„ერთი რამ ცალსახაა, რომ ინფორმაცია არ უნდა გამოდიოდეს გამოცდების მიმდინარეობისას. თუ მიზანმიმართულად ხდება გამოცდების დისკრედიტაცია, ეს არის ცუდი, სერიოზული რეაგირება უნდა იყოს და პასუხი გაეცეს“, – აცხადებს შალვა ტაბატაძე.

რაც შეეხება რეაგირებას, როგორც EDU.ARIS.GE-ს 8 ივლისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უთხრეს, ინტერნეტში ქართულის დავალების ფოტოსურათის გავრცელების ფაქტზე მოკვლევა ჯერ ისევ მიმდინარეობს და ამ დროისთვის სიახლე არ არის.

„ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიის დასრულების შემდეგ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ტესტის ერთი დავალების ფოტო. აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მოკვლევა. აქვე მოგახსენებთ, რომ ტესტის ვარიანტები განსხვავებულია. შესაბამისად, ეს ფაქტი ვერ მოახდენს გავლენას აბიტურიენტთა ობიექტურ შეფასებაზე. აბიტურიენტებს და სხვა გამოსაცდელებს შევახსენებთ, რომ საგამოცდო სივრცეში ელექტრომოწყობილობის აღმოჩენის შემთხვევაში, გამოსაცდელი იხსნება გამოცდიდან და მისი ნაშრომი არ სწორდება“, – გვიპასუხეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყო და მომხდარზე დროულ რეაგირებად ჯერ მოკვლევის დაწყება ითვლება. რა შედეგს დადებს და როდის გამოცდების ცენტრის მიერ დაწყებული ძიება, EDU.ARIS.GE საკითხით ისევ დაინტერესდება.

ასევე იხილეთ: 

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადა თამარ შუკვანმა

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.