ახალი ამბები

თურქი მომღერალი რელიგიურ სკოლებზე ნათქვამი ფრაზის გამო დააკავეს

თურქი მომღერალი რელიგიურ სკოლებზე ნათქვამი ფრაზის გამო დააკავეს

თურქეთში დააკავეს ცნობილი მომღერალი, რომელსაც კონცერტის დროს რელიგიური სკოლების მისამართით ნათქვამი ფრაზის გამო “სიძულვილის გაღვივებას” ედავებიან. გიულშენის დაკავებას წინ უძღოდა სამთავრობო მედიასა და სოც. მედიაში აგორებული კამპანია მის წინააღმდეგ.

როგორც თურქული გამოცემა Bianet წერს, სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ გამოძიება 24 აგვისტოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში გიულშენის კონცერტზე გადაღებული ვიდეო გავრცელდა. ვიდეოს მიხედვით, მომღერალი ამბობს: “ის იმამ-ჰათიფის სკოლაში სწავლობდა. გარყვნილებაც იქიდან გამოჰყვა”.

მომღერლის ნათქვამს აუდიტორიიდან სიცილი მოჰყვა. უცნობია, კონკრეტულად ვის გულისხმობდა გიულშენი.

“იმამ-ჰათიფის” სკოლები წარმოადგენს რელიგიური სკოლების ქსელს, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის პერიოდში განსაკუთრებით გაფართოვდა.

მედიის ცნობით, გიულშენი სტამბოლში, ჩვენების მიცემის შემდეგ დააკავეს. მას “ხალხში სიძულვილისა და მტრობის გაღვივებას” ედავებიან.

მომღერალი “ტვიტერზე” 25 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ვიდეო აპრილში გამართული კონცერტიდანაა. მისი თქმით, იხუმრა და ბოდიშს უხდის ყველას, ვინც გაანაწყენა ხსენებულმა ფრაზამ. გიულშენი ასევე დასძენს, რომ მისი სიტყვები ზოგიერთმა საზოგადოების პოლარიზების მიზნით გამოიყენა.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ მომღერლის წინააღმდეგ გამოძიებამდე, ის სამთავრობო მედიამ და სოც. მედიის მომხმარებლებმა ამოიღეს მიზანში. შეიქმნა ჰეშთეგებიც “ტვიტერზე”, სიტყვებით “დააპარიმრეთ გიულშენი” და “გიულშენ, იცოდე შენი ადგილი”.

Bianet-ის მიხედვით, მომღერალს კონსერვატორები აქამდეც არაერთგზის აკრიტიკებდნენ სცენაზე მისი ჩაცმულობისა და ლგბტ ადამიანებისადმი მხარდაჭერის გამო.

რელიგიურ სასწავლებლებზე გიულშენის განცხადება დაგმეს როგორც თურქეთის მმართველ პარტიაში, ისე მთავრობაში. მმართველ “სამართლიანობისა და განვითარების პარტიაში” ამბობენ, რომ “საზოგადოების ნაწილის მიზანში ამოღება” და “თურქეთის დაყოფის მცდელობა სიძულვილის დანაშაულია”.

თავის მხრივ, მომღერლის დაკავების ფაქტი არაერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა, “ტვიტერზე” კი გავრცელდა გიულშენის მხარდამჭერი ჰაშთაგიც, სიტყვებით “გიულშენი მარტო არ არის”.

“სახალხო რესპუბლიკური პარტიის” — თურქეთის უმსხვილსი ოპოზიციური ძალა — ასამბლეის წევრი სვამს კითხვას, იწყება თუ არა გამოძიება მათ წინააღმდეგაც, ვინც, მისი სიტყვებით, ამბობს, რომ რელიგიური რიტუალების შეუსრულებლობის გამო ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა ან ცემა შეიძლება.

“ვისაც ჰგონია, რომ რეაქციული ფატვებით, აკრძალვებით, სასამართლოთი და ლინჩის კულტურით შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის ხელში ჩაგდება, კარგად უნდა იცოდეს:

ჩვენ დავიცავთ თავისუფალ ხელოვნებას! ჩვენ არ დავთმობთ სეკულარიზმს!” — ნათქვამია კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის, “თურქეთის მშრომელთა პარტიის” განცხადებაში.

გარეკანის ფოტო: İHA

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.