ახალი ამბები

„განათლება აღიქმება არა როგორც რეალური წარმატებისა და დამოუკიდებლობის საფუძველი, არამედ ისე განიხილება, როგორც სამკაული“ – გიორგი გახელაძე გამოცდების შედეგებზე საუბროს

„განათლება აღიქმება არა როგორც რეალური წარმატებისა და დამოუკიდებლობის საფუძველი, არამედ ისე განიხილება, როგორც სამკაული“ – გიორგი გახელაძე გამოცდების შედეგებზე საუბროს

„ეს არის მოკლევადიანი ვნებების დაკმაყოფილება ოჯახების, მშობლების, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შვილს თუ სტუდენტის სტატუსი აქვს, უკვე კარგია და ეს თითქოს ამაღლებს მათ სოციალურ პრესტიჟს,“ – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან „ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში“-ს პროფესორი, გიორგი გახელაძე, რომელსაც ვთხოვეთ, 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგები შეეფასებინა, რომლის მიხედვით, 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა მოიპოვა სტუდენტის სტატუსი.

გიორგი გახელაძე, სტუდენტების რაოდენობის ზრდას, უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობის მატებას უკავშირებს. მისი ინფორმაციით, ეს რიცხვი წელს მკვეთრად გაიზარდა.

„ავტორიზებული უმაღლესების რაოდენობა არის გაზრდილი და, შესაბამისად, – მისაღები ადგილების რაოდენობაც, რაც სხვა წლებში ასე არ იყო. ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა კი, მოგეხსენებათ, იმგვარადაა მოწყობილი, რომ ის შეჯიბრებითობის პრინციპზეა დაფუძნებული და ვინც მინიმალურ ბარიერს გადალახავს, თუ ადგილების რაოდენობა მეტია, შესაბამისად, საშუალო კონკურსი უფრო დაბალია და უფრო მეტს ეძლევა შანსი, გახდეს სტუდენტი“, – ამბობს განათლების ექსპერტი.

ის, რომ უფრო მეტი უმაღლესდამთავრებული თუ სტუდენტი გვყავს ქვეყანაში, ვიდრე ამის საჭიროებაა, გიორგი გახელაძის აზრით, ეს მხოლოდ წლევანდელი გამოცდების შედეგი არ არის და განათლების სისტემაში არსებული სიტუაციის ერთგვარი ილუსტრაციაა.

„წლევანდელი შედეგები ილუსტრაცია იმ სავალალო მდგომარეობისა, რაც ჩვენ განათლების სისტემაში გვაქვს. სინამდვილეში, საგანმანათლებლო დაწესებულებები არის უფრო სოციალური უსაფრთხოების ადგილი და არა – ცოდნის შეძენისა თუ პროფესიონალიზმის განვითარების.. აბიტურიენტების განათლების ხარისხის ზრდას ეს ნაკლებად უკავშირდება. თუ ტექნიკური მიზეზი გვაინტერესებს, ეს არის მხოლოდ ზღვარის დაწევის გამო. როდესაც ვამბობთ, რომ 32 ათასი 3 ათასით მეტია წინა წლებთან შედარებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სინამდვილეში ეს არის 10%, რაც მცირე ცვლილებაა და ვერ დავარქმევთ უპრეცედენტოს“, – ამბობს პროფესორი.

გიორგი გახელაძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში სტუდენტების რაოდენობის კიდევ უფრო მომატება იმედგაცრუებულ ახალგაზრდათა რაოდენობას გაზრდის, რადგან საკუთარი თავის რეალიზებას ვერ მოახერხებენ.

„ამ ადამიანების უმრავლესობა როგორც სტუდენტურ, ისე შემდგომ ცხოვრებაში ნაკლებად იგრძნობენ საკუთარი თავს რეალიზებულად, რადგან ინფრასტრუქტურა, გარემო თუ ლანდშაფტი, რაც უნდა ემსახურებოდეს და ხვდებოდეს ამ ახალგაზრდებს სწავლა-განათლების დროს და შემდეგ, ქვეყანაში დღითიდღე უარესდება. უარესდება მდგომარეობა როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით,“ – ამბობს გიორგი გახელაძე, რომელიც EDU.ARIS.GE-ს კითხვას, არის თუ არა ქვეყნის მიზანმიმართული პოლიტიკა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გახდეს სტუდენტი, ასე პასუხობს:

„დიახ, ეს არის ჰიპერცენტრალიზებული სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც არამხოლოდ განათლების სისტემაში გვხვდება. ეს არის მოკლევადიან სოციალურ ვნებებზე, სტაბილურობაზე და ასევე პოლიტიკურ ლოაილობაზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გახდეს სტუდენტი, ქართულ საზოგადოებაში, სადაც სიღარიბესთან ერთად გაუნათლებლობაც სუფევს. ეს გაუნათლებლობა იმაშიც ვლინდება, რომ განათლება აღიქმება არა როგორც რეალური წარმატებისა და დამოუკიდებლობის საფუძველი, არამედ ისე განიხილება როგორც სამკაული ჯერ კიდევ ილიას დროიდან. ამისთვის საკმარისია იხილოთ ილიას სტატიები განათლების შესახებ.

„ეს არის მოკლევადიანი ვნებების დაკმაყოფილება ოჯახების, მშობლების, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შვილს თუ სტუდენტის სტატუსი აქვს, უკვე კარგია და ეს თითქოს ამაღლებს მათ სოციალურ პრესტიჟს. მეორე, რასაც ამ პოლიტიკით ახორციელებენ, მეტი გულის მოგებაა, რომელიც ისეთივე ფსევდო-სოციალური პოლიტიკაა, როგორც საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც ვითომ ყველას გულს იგებს, მაგრამ რეალურად, იმედგაცრუებულს ტოვებს სინამდვილეში მოსახლეობის უმეტესობას, რომელიც უფრო ღარიბია და პრივილეგიას ანიჭებს მდიდრებს. ზუსტად ანალოგიური ამბავია აქაც – 4 წელი, სტუდენტების ოჯახები, კმაყოფილები იქნებიან და ეს არის ამათი ამოცანა.“

განათლების სპეციალისტის აზრით, ქვეყანაში წლებია, გვყავს უმაღლესში ჩარიცხულთა თაობები, რომლებიც იმედგაცრუების ფონზე ემიგრაციაში მიდიან, რადგან სამშობლოში პერსპექტივას ვერ ხედავენ. სტუდენტების რიცხვის ზრდა, როგორც ემიგრაციაში წამსვლელთა რაოდენობის მომატებას, ისე სხვა პრობლემებსაც გამოიწვევს.

„გარდა იმისა, რომ ემიგრაციაში წავლენ და იქ საწყობში თუ სხვაგან იმუშავებენ, მოიმატებს სტუდენტების სტატუსების შეჩერება და შეწყვეტა, იმიტომ, რომ ყველას დაფინანსებას სახელმწიფო ვერ მოახერხებს. ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობასთან ერთად, ჩვენ გვემატება სხვა სტატუს შეჩერებული სტუდენტები გადაუხდელობის, აკადემიური თუ ფინანსური დავალიანებების გამო. მოიმატებს იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც რეალურად მუშაობენ არა იმ პროფესიის მიხედვით, რაზეც სწავლობენ, არამედ დაბალკვალიფიციურ სამუშაოზე – ბენზინგასამართ სადგურებზე, მიმტანებად, სამზარეულოებში, დისტრიბუციაში და ა. შ.,“ – ამბობს გიორგი გახელაძე.

რაც შეეხება იმას, უშლის თუ არა ხელს სტუდენტების გაზრდილი რაოდენობა პროფესიული განათლების პროგრამებს, გიორგი გახელაძის აზრით, პროფესიულ განათლებაზე ეს რადიკალურად ვერ აისახება მანამ, სანამ ქვეყანაში არ შეიცვლება პროფესიული თუ უმაღლესი განათლების შესახებ კანონები.

„პროფესიული განათლებისკენ ლტოლვა ძალიან მცირე ტემპით იზრდება. პროცენტული თვალსაზრისით, უფრო მეტია მსურველთა რაოდენობა წელს წინა წლებთან შედარებით, თორემ თავისთავად მაინც ცოტაა. პროფესიულ განათლებაზე, სტუდენტების სიმრავლე რადიკალურად ვერ აისახება მანამ, სანამ ჩვენთან უმაღლესი განათლების, პროფესიული განათლებისა და განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონი არ შეიცვლება და მინიმუმ, ეს სამი კანონი უმაღლეს განათლებაში არ შემოიტანს ე. წ. პროფესიულ სვეტს.

„უმაღლესი განათლება მთელს მსოფლიოში არის ორი სახის: აკადემიური ანუ მეცნიერული და ყველა დანარჩენი – უმაღლესი პროფესიული განათლება. აკადემიურ განათლებაში, ნორმალურ ქვეყნებში, სტუდენტების 8-დან 10%-მდე მონაწილეობს ქვეყნის განვითარების მიხედვით. ჩვენს უნივერსიტეტებში კი ამით დაკავებულია სტუდენტების დაახლოებით 4-5% და სხვა პროგრამები, როგორც პროფესიული განათლება, ისეა. ჩვენთან ეს პროგრამები მაინც ისე განიხილება, როგორც აკადემიური განათლება. ამიტომაც არის ეს ახალგაზრდებისთვის მეტი ფუჭად დაკარგული დრო და უმაღლესი სასწავლებლები – სოციალური თავშესაფარი“, – ამბობს უნივერსიტეტის პროფესორი.

ასევე იხილეთ:
„სკოლა ხელს უშლის აბიტურიენტს უკეთესად მომზადებაში“ – შალვა ტაბატაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს აფასებს

სუსტია უმაღლესების აკადემიური პროგრამები – ეროვნულ სტრატეგიაში გაწერილი მიზეზები, რის გამოც ახალგაზრდები შრომის ბაზარზე დამკვიდრებას ვერ ახერხებენ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.