„ეს იყო ქაჯობა“ — კობახიძე ბათუმში რუსული გემის საწინააღმდეგო აქციაზე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ქაჯობად“ აფასებს მოქალაქეთა საპროტესტო აქციას, რომელიც 27 ივლისს ბათუმში, რუსული საკრუიზო გემის შემოსვლასთან დაკავშირებით გაიმართა.
კობახიძეს ტვ „იმედის“ ეთერში ჰკითხეს, რას აპირებს ხელისუფლება იმ ფონზე, როცა მას რუსეთის მაამებლური პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ. წამყვანმა გიორგი ფუტკარაძემ ამ კონტექსტში ბათუმში გამართული აქცია ახსენა.
„მე ერთი უხეში ტერმინი მინდა გამოვიყენო. რასაც ხედავთ, მათ შორის, დღეს რაც ვიხილეთ, ეს არის, უბრალოდ, ქაჯობა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქაჯობამ ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს“, — თქვა კობახიძემ და მაგალითად მოიყვანა 1990-იანი წლებიდან 2008 წლის ჩათვლით საქართველოში რუსეთის უშუალო ჩართულობით წამოწყებული ომები.
„ჩვენ ხშირად ვიხსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ყველა წინა ომი, რა თქმა უნდა, აგრესორი იყო რუსეთი, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როცა პრობლემები ექმნებოდა ჩვენს ქვეყანას, ეს, მათ შორის, იყო იმ ქაჯობის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმოამდგენლების მხრიდან ხორციელდებოდა.
სწორედ ეს ჩავაბარეთ ჩვენ წარსულს….
ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება რაციონალური, პრაგმატული პოლიტიკა. ეს არის ერთადერთი რეცეპტი იმისათვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყანას ჰქონდეს განვთარება“, — თქვა კობახიძემ.
რუსული საკრუიზო გემი ბათუმში 27 ივლისს, გამთენიისას ასეულობით რუს ტურისთან ერთად შემოვიდა. მათ მედიასთან დღეს ანტიქართული, შეურაცხმყოფელი კომენტარები გააკეთეს. ერთმა მათგანმა ისიც თქვა, რომ აფხაზეთსაც სტუმრობდა, რაც ქართული ანტისაოკუპაციო კანონმდებლობის დარღვევაც არის. ჯერჯერობით უცნობია, ამ საკითხზე რაიმე რეაგირება მოახდინა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ტურისტთა ნაწილი აქციის მონაწილეებს გემბანიდანაც შეურაცხმყოფელ ჟესტებს უჩვენებდა. გემთან მისასვლელ ტერიტორიას პოლიცია იცავდა.
„Русский корабль, иди на **й“, „აფხაზეთი საქართველოა“ – ისმოდა აქციაზე. მოქალაქეებმა აქციაზე მიიტანეს აფხაზეთის და აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოკადრები.
გემმა ბათუმის პორტი საპროტესტო აქციის ფონზე, დაახლოებით, 21 საატზე დატოვა.