ახალი ამბები

EDU.ARIS.GE გილოცავთ შობა–ახალ წელს! – ჩვენი გეგმები 2022–ში!

EDU.ARIS.GE გილოცავთ შობა–ახალ წელს! – ჩვენი გეგმები 2022–ში!

ძვირფასო არის.ჯი – განათლების მეგობრებო,

გვინდა მოგილოცოთ 2022 წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას, წარმატებებსა და წინსვლას თქვენს საქმიანობაში!

დიდი მადლობა ჩვენს ხელმომწერებსა და პარტნიორებს 2021 წლის განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობისთვის, თქვენი ფინანსური მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს თქვენი აქტიურობისთვის, დისკუსიებში მონაწილეობისთვის, ინფორმაციის გაზიარებისთვის, მოსაზრების დაფიქსირებისა და საინტერესო შეფასებებისთვის.

დიდი მადლობა ჩვენს რესპონდენტებს, ექსპერტებს, მრჩევლებსა და მეგობრებს, ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და სისტემატური იქნება.

ეს წელიწადიც, ალბათ, უმეტესობისთვის არ ყოფილა მარტივი.

„გადაგორებული“ – ასეც შეიძლება შეფასდეს განათლებისთვის 2021 წელი, რომელიც სულ რამდენიმე საათში უკვე ისტორიად იქცევა. გადაგორებული იმიტომ, რომ მთელმა წელმა პანდემიასთან ბრძოლაში, საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნა-დაკეტვაში, მასწავლებლების, ლექტორების, სტუდენტებისა და მოსწავლეების ვაქცინაციისკენ მოწოდებაში, დაგეგმილი ცვლილებისა თუ პროექტების გადავადება-გაუქმებასა და უკეთესი მომავლის მოლოდინში გაიარა.

მთელი 2021 წლის განმავლობაში, EDU.ARIS.GE, ვცდილობდით გვეჩვენებინა თქვენთვის, ძვირფასო მეგობრებო, რომ ადამიანების უხასიათობით, დაღლილობითა და, შესაბამისად, ჩვეულზე მეტი გულგრილობით, საქართველოს განათლების სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი ყოველგვარი მორიდების გარეშე სარგებლობდნენ და, ძირითადად, განათლებაზე ფსევდო-ზრუნვით იყვნენ დაკავებულები.

ძალიან მალე ეს ჩვენი შვილების კეთილდღეობაზე აისახება.

2022 წელს ჩვენ აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას, თუ რამდენად ეფექტურად და გამჭვირვალედ იხარჯება მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 90 მილიონი ევრო – პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის“ ფარგლებში. პროექტს, რომლის განცხადებული მიზანია ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ძველი განათლების მინისტრი და ძველი მოადგილე სხვებთან ერთად ხელმძღვანელობენ.

2022 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებულ საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ. დაფინასების ახალი მოდელის პროექტი ჩვენ არ გვინახავს, მაგრამ, როგორც ჩანს, მზად არის. ცვლილებების დაწყებას კი არავინ აანონსებს. რამდენად მოსალოდნელია განათლების სამინისტროში ქმედითი გუნდის გარეშე მსგავსი სირთულის პროექტის შესრულება? ჯერჯერობით ყველაფერი ისევ ფასადურ ცვლილებებზე მიუთითებს.

რასაკვირველია, კიდევ უფრო ყურადღებიანები ვიქნებით მასწავლებლების პროფესიული განვითარების საკითხების მიმართ. გპირდებით, რომ გამოვაქვეყნებთ მეტ საინტერესო ინფორმაციას, ვიქნებით ოპერატიულები და ობიექტურები!

მადლობა, რომ ხართ ჩვენთან,

სიკეთის მომტანი იყოს თქვენთვის ახალი 2022 წელი,

არის.ჯი – განათლების გუნდი

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.