ახალი ამბები

საქსტატი პირველად აქვეყნებს მედიანური ხელფასის სტატისტიკას: 2020-ში — 809 ლარი, 2021-ში — 900

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა არსებობის ისტორიაში პირველად გამოაქვეყნა ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასის სტატისტიკა. აქამდე საქსტატი მხოლოდ საშუალო ხელფასს ითვლიდა. უწყება დღეს, 10 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაშუ წერს, რომ ამ მონაცემებს ყოველწლიურად გამოაქვეყნებს.

ახალი მონაცემების თანახმად, რაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებს ეფუძნება, 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანურმა ხელფასმა 900 ლარი შეადგინა, როდესაც იმავე წელს საშუალო ხელფასი 1305 ლარი იყო.

საქსტატის თანახმადვე, ამ ორ მაჩვენებელს შორის დაახლოებით მსგავსი სხვაობა იყო დაფიქსირებული გასულ წლებშიც. კერძოდ:

  • 2018 წელს საშუალო ხელფასი 1068 ლარი იყო, მედიანური — 700;
  • 2019 წელს საშუალო ხელფასი 1129 ლარი იყო, მედიანური — 792;
  • 2020 წელს საშუალო ხელფასი 1191 ლარი იყო, მედიანური — 809.

საქსტატი პირველად აქვეყნებს მედიანური ხელფასის სტატისტიკას: 2020-ში — 809 ლარი, 2021-ში — 900

ეს მონაცემები აჩვენებს, რომ საშუალო ხელფასი 2018 წელს 50%-ით მეტი იყო მედიანურზე, 2019 წელს — 41%-ით, 2020 წელს — 47%-ით, 2021 წელს კი — 45%-ით.

საქმიანობების სახეების მიხედვით, 2021 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია — 1 509 ლარი;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება — 1 386 ლარი;
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება — 1298 ლარი;
  • მშენებლობა — 1 276 ლარი;

როგორც მოსალოდნელი იყო, 2021 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება.

საქსტატი პირველად აქვეყნებს მედიანური ხელფასის სტატისტიკას: 2020-ში — 809 ლარი, 2021-ში — 900

ახალი სტატისტიკა

საქსტატის ხელფასების სტატისტიკა, რაც წლების განმავლობაში ქვეყნდებოდა კვარტალურად და წლიურად, ეყრდნობა საწარმოთა კვარტალურად ჩატარებულ კვლევას, რომლის ფარგლებშიც 15 000-მდე საწარმოსგან და ორგანიზაციისგან იღებენ ხელფასების შესახებ ცნობებს [წლიურად – 18 000-მდე საწარმოსგან].

თუმცა ეს სტატისტიკა მოიცავს არა ინდივიდუალურ მონაცემებს, – რაც შესაძლებელს გახდიდა სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულებს შორის ხელფასების სხვაობის გაგებას, არამედ დაქირავებულთა რიცხოვნობას და მათზე დარიცხულ სახელფასო ფონდს.

მაგალითად, თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, საშუალო ხელფასი 1625 ლარი გამოდის.

„ნეტგაზეთი“ წლების განმავლობაში წერდა, რომ არსებობს უფრო მოსახერხებელი მეთოდი — მედიანური მაჩვენებლით დათვლა [საშუალო არითმეტიკული ეწოდება მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას. მედიანა კი ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შუაში მოქცეული რიცხვია].

იგივე მოცემულობა რომ ავიღოთ, რაც წინა შემთხვევაში: თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, მედიანურად დათვლის შემთხვევაში, საშუალო ხელფასი — 500 ლარი გამოდის.

საქსტატი 10 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ „მომხმარებელთა მხრიდან ხელფასების სტატისტიკურ მონაცემებზე მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) იწყებს შრომის სტატისტიკის დამატებითი მაჩვენებლის, დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასის წარმოებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემების საფუძველზე. მისი გამოქვეყნება დაგეგმილია წლიური პერიოდულობით“.

„საშუალო თვიური ხელფასის გასაანგარიშებლად საქსტატი ახორციელებს საწარმოებისა და ორგანიზაციების გამოკვლევას, რომლის ფარგლებშიც ყოველკვარტალურად დაახლოებით 15 000 სუბიექტი, ხოლო წლიური პერიოდულობით დაახლოებით 18 000 სუბიექტი გამოიკითხება. გამოკვლევა ითვალისწინებს საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან აგრეგირებული მონაცემების შეგროვებას სახელფასო ფონდის და დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ. აღნიშნული მხოლოდ საშუალო თვიური ხელფასის გაანგარიშების საშუალებას იძლევა და არ არის საკმარისი მედიანური ხელფასის დასადგენად.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებული გამოკვლევის ფარგლებში მედიანური ხელფასის გასაანგარიშებლად, საწარმოებისგან/ორგანიზაციებისგან საჭირო იქნებოდა ინდივიდუალური მონაცემების მოპოვება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა რესპონდენტების ტვირთს. ამიტომ, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მედიანური ხელფასის გაანგარიშება მთლიანად ეფუძნება ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს“, – აცხადებს საქსტატი.

ამ თემაზე გირჩევთ წაიკითხოთ:

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.