SANGU-ში მედალოსანი სტუდენტები დააჯილდოვეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებს სწავლის დასრულების შემდეგ ოქროსა და ვერცხლის მედალს გადასცემს. SANGU-ში ჩარიცხულ მედალოსან სტუდენტებს კი, წახალისების მიზნით, უნივერსიტეტი ფასიან საჩუქრებს გადასცემს.
31 ოქტომბერს გაიმართა მედალოსანი სტუდენტების დაჯილდოება, სადაც საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა დავით გორგიაშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პაპუნა გურულმა და ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა 10 მედალოსან სტუდენტს საჩუქრები გადასცეს.
ოქროს მედალოსან სტუდენტებს საჩუქრად ლეპტოპი, ვერცხლის მედალოსანს კი პლანშეტები გადაეცათ.
ისინი ემოციებს გვიზიარებენ:
ელენე ხაჭაპურიძე: როდესაც SANGU-ში ჩავაბარე, არ ვიცოდი ამ სასიამოვნო სიურპრიზის შესახებ, ძალიან გახარებული ვარ, რადგან ის შრომა რაც სკოლის ასაკში დამიფასდა, უნივერსიტეტმაც წაახალისა. SANGU-მ მომცა დიდი სტიმული და მოტივაცია, რომ ვისწავლო კარგად.
ირაკლი სარალიძე: ძალიან მოულოდნელი იყო ასეთი საჩუქარი უნივერსიტეტისგან, დიდ მადლობას ვუხდი მათ იმ სტიმულისთვის რაც ამ საჩუქრის მიღების შემდეგ მომეცა.
მიშა გაჩეჩილაძე: სწავლის გასაგრძელებლად SANGU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა პირველ ნომრად ავირჩიე. ლეპტოპის შესახებ არაფერი ვიცოდი, როცა დამიკავშირდნენ და მითხრეს, ძალიან გამიხარდა. დიდი მადლობა მათ ამ საჩუქრისთვის.
ლიზა ბლიაძე: ამ სასიხარულო საჩუქრის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავიგე და ძალიან გამიხარდა. კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტი ვარ, პროფესიიდან გამომდინარე საჭირო ნივთია, შესაბამისად ძალიან გამომადგება როგორც პროფესიულ, ისე პირად საქმიანობაში.
ნიკოლოზ ტყეშელაშვილ: ამ არაჩვეულებრივი საჩუქრის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავიგე, ძალიან ემოციური იყო, დიდი მადლობა SANGU-ს ასეთი წახალისებისთვის.
SANGU ამაყობს გამორჩეული სტუდენტებით და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ.