ახალი ამბები

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო წელს პირველად შეიკრიბა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო წელს პირველად შეიკრიბა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სხდომაზე განხილულ იქნა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, ასევე განხილულ იქნა ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი:

„აღსანიშნავია, რომ წელს, თებერვლის მდგომარეობით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საბოლოო ვერსია მზად იყო პარლამენტისთვის წარსადგენად, მაგრამ მკვეთრად შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მიმდინარეობს დოკუმენტის უსაფრთხოების არსებულ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანა. პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის განახლების მიმართულებით, რომლებშიც აგრეთვე აისახება შეცვლილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები.

სხდომის მონაწილეებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მიმდინარეობასა და კონცეპტუალური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის პროცესზეც იმსჯელეს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების სექტორული ნუსხების შედგენის პროცესზე“ – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე და თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2019 წელს შეიქმნა. საბჭო არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მისაღებად შექმნილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სათათბირო ორგანო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის სფეროში მთავარ მაკოორდინირებელ ერთეულს წარმოადგენს. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

საბჭოს ჰყავს მუდმივი და მოწვეული წევრები. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.

საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნას საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნომინირებული და მისი ნდობით აღჭურვილი პირი, ან სხვა პირები, რომლებიც საბჭოს მუდმივი წევრები არ არიან.

საბჭოს სხდომა, როგორც წესი, 3 თვეში ერთხელ იმართება და მას უძღვება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თუმცა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საბჭოს სხდომა ბოლოს გაიმართა 2021 წლის 13 დეკემბერს, მიუხედავად იმისა, რომ უკრიანაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ოპოზიციის წევრები სხდომის გამართვას არაერთხელ ითხოვდნენ.

ჯამში, შექმნიდან, ანუ 2019 წლიდან, საბჭოს სხდომა სულ 7-ჯერაა გამართული.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.