ახალი ამბები

„ამ დამოკიდებულების გაჩენა საშიშია“ – რა უნდა გაითვალისწინოს სკოლის ლიდერმა, თუ პოზიტიური სასკოლო კულტურის შექმნა სურს

„ამ დამოკიდებულების გაჩენა საშიშია“ – რა უნდა გაითვალისწინოს სკოლის ლიდერმა, თუ პოზიტიური სასკოლო კულტურის შექმნა სურს

„მონიტორინგისა და შეფასების ფუნქცია სკოლის საზოგადოებაში არ არის „კარგისა“ და „დამნაშავე“ წევრების გამოვლენა, იმის ცოდნა, ვის გამოუვიდა და ვის არა, არამედ კითხვაზე პასუხის პოვნაა. გავიგო რატომ მოხდა ეს, შემდეგ კი შევძლო მხარდაჭერა’’, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის განათლების ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ია აფთარაშვილმა სკოლის დირექტორის მსურველებისთვის გამართულ ვებინარზე ისაუბრა, სადაც თემას: „სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება“ განიხილავდა.

ია აფთარაშვილი განმარტავს, სკოლის ლიდერს გონებაში ორი იდეა უნდა ჰქონდეს: სასკოლო კურიკულუმის მონიტორინგისა და შეფასების ფუნქციის მიზნის გააზრება და ცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა განახორციელოს ეს ფუნქცია.

ექსპერტი ამბობს, რომ სასკოლო კურიკულუმი პოზიტიური სასკოლო კულტურის შექმნის წინაპირობაა.

„სასკოლო კულტურამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლის პიროვნული და აკადემიური ზრდა, უნდა იყოს მზრუნველობითი, პატივისცემაზე დაფუძნებული, მაღალი მორალური ღირებულებების გამჭოლი. შექმნას ჩართულობის მაღალი შესაძლებლობები სასკოლო საზოგადოებისთვის, ასევე სასკოლო საზოგადოებას უნდა შეუქმნას მიკუთვნებულობის განცდა. მე რომ მშობელი ვარ, თამამად შემიძლია ვუთხრა სხვა მშობლებს: „იცი, რა მაგარი კურიკულუმი აქვთ ჩვენს მასწავლებლებს?!“ და რაც მთავარია, ამ პროცესში პასუხისმგებლობას ყველა უნდა გრძნობდეს“, – ამბობს ია აფთარაშვილი.

ექსპერტი დირექტორებს აფრთხილებს, რომ იქ, სადაც თავად სკოლის ხელმძღვანელი წყვეტს ვინ არის ლიდერი, სასკოლო კულტურა ფუჭდება და ეს შეცდომა არ უნდა დაუშვან:

„როგორც კი გავაჩენ საზედამხედველო მექანიზმებს და მას ფუნქციურად კი არ შევარჩევ, არამედ რაღაცის გამო, იქ უკვე ფუჭდება სასკოლო კულტურა. მაგალითად, გადავწყვიტე, რომ ვატარებ კვლევას და კვლევის ჩასატარებლად ვნიშნავ ჩემი სუბიექტური აზრით ყველაზე აქტიურ მასწავლებელს. ეს უკვე შეუსაბამოა, რადგან ლიდერები პროცესმა უნდა წარმოშვას და არა ჩემმა დამოკიდებულებამ. უნდა შევძლო ფუნქციური ლიდერების წახალისება, რომლებიც პროცესში აღმოცენდებიან და არა ჩემი შეფასებით ავირჩიო ვინ უფრო ლიდერია“.

ია აფთარაშვილი, ამბობს, რომ განსაკუთრებით საშიშია, როცა სასკოლო საზოგადოების წევრს უჩნდებათ განცდა, რომ ისინი უბრალოდ შემსრულებელები არიან და არა პროცესის მნიშველოვანი და აქტიური წევრები.

„საშიში არის გაჩენა ისეთი დამოკიდებულების, რომ შენ ხარ შემსრულებელი და ეს უნდა შეასრულო. მაგალითად, დაახლოებით 2019 წელს, ერთ-ერთ სოფელში რეფორმის ავკარგიანობაზე საუბრისას მასწავლებელს ვკითხე, რა იყო მისთვის მთავარი გამოწვევა და დღემდე აღფრთოვანებულ ვარ ამ ქალბატონით. მითხრა, ყველაზე მეტად არაკომფორტულად რაც მამყოფებს ის არის, პირღია შოშიის მსგავსად ველოდები რას მომცემენ, რომ გადავყლაპოვო. მასწავლებლისა და სასკოლო საზოგადოების აი ასეთ პოზიციაში ჩაყენება შედეგიანი არ არის. ეს არაეფექტური გზაა. მე [სკოლის ლიდერს] მჭირდება გენერაციული ხედვა, რომ ყველა აკეთებს იმას, რაც კარგად გამოსდის, ყველას აქვს იდეა და ეს იდეები განიხილება. პოზიტიურ სასკოლო კულტურაში ჩართულობა და ღიაობა უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა 14 ნოემბერს გამართული სპეციალური ვებინარის მიმდინარეობისას ია აფთარაშვილმა.

ასევე იხილეთ:

სკოლის ლიდერის სწორი ურთიერთობა თანამშრომლებთან და კომუნიკაციის მოკლე ფორმულა მომავალ დირექტორებს

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.