ახალი ამბები

დარღვევები გამოვლენილია — ჯიღაურაში ცემენტის ქარხანას დააჯარიმებენ

დარღვევები გამოვლენილია — ჯიღაურაში ცემენტის ქარხანას დააჯარიმებენ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთაში, სოფელ ჯიღაურაში კიდევ ერთხელ შეამოწმა ბეტონის დამამზადებელი საწარმო და არაერთი დარღვევა დაადგინა. აღნიშნული პრობლემის შესახებ რამდენიმე კვირის წინ ნეტგაზეთი წერდა.

ფოტო-ვიდეოზე აღბეჭდილ კადრებშიც ხილული იყო დაბინძურების მასშტაბები, რისი წყაროც სწორედ ბეტონის ქარხანა იყო.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, საწარმოში დამონტაჟებული აირმტვერდამჭერი მოწყობილობა არის გაუმართავი, საიდანაც ხდება მტვრის ნაწილაკების გაფრქვევა, რაც ვიზუალური დაკვირვებითაც ფიქსირდება. ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციის გადაჭარბება შესაბამისი ექსპრეს გაზომვებით დადასტურდა. ასევე დადგინდა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამოა.

უწყებამ სამართალდამრღვევის მიმართ შეადგინა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის 1 ნაწილისა და მე-5 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის, ასევე  78-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით.

77-ე მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა ან მისი უქონლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის “ა” ქვეპუნქტი: ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობის გადამეტება – დადგენილზე 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით;

78-ე მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევას ან/და ამ მოწყობილობების გაუმართაობას. აღნიშნული იწვევს დაჯარიმებას 1 000-დან 10 000 ლარამდე.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა დასრულებული ჯერ არ არის და სხვა სავარაუდო დარღვევების დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება დამატებით მოხდება.

სამართალდარღვევის ოქმებს დეპარტამენტი სასამართლოში გადააგზავნის და სწორედ სასამართლო განსაზღვრავს, რა ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს სამართალდამრღვევს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული
საწარმო 2022 წელსაც შეამოწმეს. გასულ წელს სამართალდარღვევები დაფიქსირებულა.


აღნიშნულ პრობლემაზე სტატია ნეტგაზეთმა მიმდინარე წლის 16 მარტს მოამზადა.

საგურამოსთან ახლოს, ჯიღაურაში, რომელიც ბოლო პერიოდში, ფაქტობრივად, ძვირადღირებულ სააგარაკე სივრცედ იქცა, საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე ათეულ მეტრში უკანონო ცემენტის ქარხანა დგას.

ქარხანა, რომელიც „ქართული ოცნების“ შემწირველს ეკუთვნის, წესით, ახლა არ უნდა მუშაობდეს, რადგან მცხეთის მერიამ მფლობელს ობიექტის დემონტაჟი დაავალა. თუმცა მმართველი პარტიის შემწირველმა მფლობელმა საქმე სასამართლოში გაასაჩივრა, ხოლო სასამართლომ არსებითი განხილვის დასრულებამდე დემონტაჟის გადაწყვეტილება შეაჩერა.

ადგილობრივებმა ნეტაზეთთან იმ გაუსაძლის ყოფაზე ისაუბრეს, რაც ქარხნის მუშაობამ მათ საცხოვრებელ გარემოში გამოიწვია.

ვრცლად წაიკითხეთ აქ:

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.