მათემატიკა დაწყებითი საფეხურზე – რას მოიცავს საგნის ახალი სტანდარტი და რა უნდა იცოდეს მისი გავლის შემდეგ მოსწავლემ
მიმდინარე წლის ნოემბერში, საკანონმდებლო მაცნეზე, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია და ცვლილებების შესაბამისი 11 დანართი გამოქვეყნდა. კერძოდ, ეროვნულ სასწავლო გეგმაში დაწყებითი საფეხურის სხვადასხვა საგნის სტანდარტი მასში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად გაიწერა.
დაწყებითი საფეხურის მათემატიკის საგნის ახალ სტანდარტში შედეგებისა და სამიზნე ცნებების სახით განსაზღვრულია გრძელვადიანი მიზნები და სწორედ ეს მიდგომა წარმოადგენს მთავარ სიახლესაც.
ვიდრე დოკუმენტში ჩამოყალიბებულ იმ შედეგებს გაგაცნობთ, რასაც სტანდარტი დაწყებითი კლასების (I-IV, I-VI) კლასის მოსწავლეებისთვის ადგენს, გაგაცნობთ საგნის სპეციალისტის შეფასებას და გათვლას, თუ რა შემთხვევაში შეძლებს მოსწავლე სტანდარტით გაწერილ შედეგებზე გასვლას.
რეპეტიტორი და თბილისის182-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა ქათამაძე EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ დაწყებით საფეხურზე სრულიად შესაძლებელია აღნიშნულ შედეგებზე გასვლა, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ კლასს კვალიფიცირებული საგნის პედაგოგი ჰყავს, რომელიც ეფექტურ საგაკვეთილო აქტივობებს იყენებს.
„დაწყებით კლასებში მოსწავლეებს სრული 6 წელი აქვთ იმ მიზნებზე გასასვლელად, რომელზეც სტანდარტშია საუბარი. ვფიქრობ, ეს დრო სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ საკვანძო უნარ-ჩვევების განვითარებაც და მოთხოვნის შესაბამისი ცოდნის ფლობაც. თუმცა დავამატებდი, რომ უდიდესი როლი აქვს პედაგოგს და მის მიერ შერჩეულ სწავლების სტრატეგიებს. მიმაჩნია, რომ ამ სტანდარტის შედეგებზე გასვლის გზა არის კომპლექსური დავალებები და ვფიქრობ, თუ სწორად დავგეგმავთ რა და როგორ ვასწავლოთ, ამ შედეგებზე გასვლა არ გაგვიჭირდება. როგორც აღვნიშნე, 6 წელი ამისთვის სრულად საკმარისია“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს 22 ნოემბერს ხათუნა ქათამაძემ.
ჩვენმა რესპონდენტმა ასევე დაასახელა ის ბარიერიც, რომელიც ხელს უშლის პედაგოგებს, სრულფასოვნად გავიდნენ სტანდარტით განსაზღვრულ ყველა მიზანზე:
„უნდა აღვნიშნო, რომ სახელმძღვანელოები ვერ პასუხობენ ამ მოთხოვნებს. გაკვეთილის დაგეგვმისას სხვადასხვა სახელმძღვანელოთი ვსარგებლობ ზუსტად იმიტომ, რომ ამის გარეშე ვერ გავალ სასურველ შედეგებზე. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ბარიერია და ხელს გვიშლის, მოსწავლე გავიყვანოთ ყველა ჩამოთვლილ კომპეტენციაზე“.
რას ითვალისწინებს მოსწავლის სტანდარტის შესაბამისი კომპეტენციები:
მათემატიკის სტანდარტის შედეგები მოსწავლის ცოდნის თვალსაზრისით I-IV კლასებში ექვს საფეხურს მოიცავს და უნარები, რომელიც მეოთხე კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ასეა ჩამოყალიბებული:
- მათემატიკური ცნებების, ტერმინების და აღნიშვნების კორექტულად გამოყენება ყოფითი ან მათემატიკური პრობლემის გასააზრებლად და წარმოსადგენად;
- რიცხვებს შორის, სიდიდეებს შორის, საგნებსა და საგნების ატრიბუტებს შორის კანონზომიერების ამოცნობა, აღწერა და გაგრძელება მათემატიკური, საბუნებისმეტყველო ან ყოფითი მოვლენების გასააზრებლად;
- რეალური მოვლენის ანალიზის დროს მიზეზშედეგობრივი კავშირების გარკვევა და ახსნა, ლოგიკური მსჯელობით, შესაბამისი ლოგიკური ტერმინების გამოყენებით უმარტივესი დასკვნის გამოტანა, მსჯელობის ხაზის განვითარება;
- ყოველდღიურ ცხოვრებაში ობიექტებსა და პროცესებში მათემატიკური ცნებების, მოდელებისა და მიმართებების შემჩნევა, მათი თვისებების გამოყენება მათემატიკური მოდელის აგებისას, პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას;
- პრობლემის გადასაჭრელად მათემატიკური მეთოდების ანდა თვალსაჩინოების საშუალებით ზუსტი ან მიახლოებითი გამოთვლების შესრულება და მათი შედეგების შეფასება;
- პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება, მოწესრიგება, კლასიფიცირება, წარმოდგენა მათემატიკური მოდელების გამოყენებით, მონაცემების ელემენტარული ანალიზი და შედეგების ინტერპრეტაცია.
მათემატიკის სტანდარტის შედეგები მოსწავლის ცოდნის თვალსაზრისით I-VI კლასებშიც ექვსი საფეხურით განისაზღვრა:
- მათემატიკური ცნებების, ტერმინების და აღნიშვნების კორექტულად გამოყენება ყოფითი ან მათემატიკური პრობლემის გასააზრებლად და წარმოსადგენად;
- რიცხვებს შორის, სიდიდეებს შორის, საგნებსა და საგნების ატრიბუტებს შორის კანონზომიერების ამოცნობა, აღწერა და გაგრძელება მათემატიკური, საბუნებისმეტყველო ან ყოფითი მოვლენების გასააზრებლად;
- რეალური მოვლენის ანალიზის დროს მიზეზშედეგობრივი კავშირების გარკვევა და ახსნა, ლოგიკური მსჯელობით, შესაბამისი ლოგიკური ტერმინების გამოყენებით უმარტივესი დასკვნის გამოტანა, მსჯელობის ხაზის განვითარება;
- ყოველდღიურ ცხოვრებაში ობიექტებსა და პროცესებში მათემატიკური ცნებების, მოდელებისა და მიმართებების შემჩნევა, მათი თვისებების გამოყენება მათემატიკური მოდელის აგებისას, პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას;
- პრობლემის გადასაჭრელად მათემატიკური მეთოდების ანდა თვალსაჩინოების საშუალებით ზუსტი ან მიახლოებითი გამოთვლების შესრულება და მათი შედეგის შეფასება;
- პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება, მოწესრიგება, კლასიფიცირება, წარმოდგენა მათემატიკური მოდელების გამოყენებით, მონაცემების ელემენტარული ანალიზი და შედეგების ინტერპრეტაცია.
როგორ უნდა მიაღწიოს პედაგოგმა ზემოაღნიშნულ შედეგს, დეტალური ინფორმაცია იხილეთ დოკუმენტში.
იხილეთ განახლებული საგნის სტანდარტები
ასევე იხილეთ:
მათემატიკა – დაწყებითი საფეხურის გზამკვლევი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით