PSP უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სააფთიაქო ქსელი PSP თურქულ მედიკამენტებთან დაკავშირებით მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გახმიანებულ ინფორმაციას PSP უარყოფს.
მედიკამენტებთან დაკავშირებით საუბრის დასაწყისში ღარიბაშვილმა თქვა, რომ იყო კონკრეტული, “ძალიან ბევრი” მაგალითი, როცა ზოგიერთი წამალი “200-300 ლარი” ღირდა, საქართველოსთვის თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ კი ისინი “გაიაფდა და გახდა 30-40-50 ლარი”.
“ჩვენ ვთქვით, რომ ხარისხიანი წამლების შემოტანა დაიწყებოდა, რაც განხორციელდა წარმატებით”, — დასძინა მან.
პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის, ერთ-ერთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი — რომლის გვარიც იმ მომენტში მან არ დაასახელა — რეფორმის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი.
“მე მესმის, რომ ეს მათთვის იყო საკმაოდ დიდი დარტყმა, ვინაიდან წელიწადში თითქმის 200 მილიონ ლარს დაზოგავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ამ რეფორმის შედეგად…
გაჩნდა უფრო მეტი კონკურენცია, ქვეყანაში შემოვიდა ხარისხიანი თურქული მედიკამენტები, რამაც საგრძნობლად გააიაფა”, — აღნიშნა ღარიბაშვილმა.
აღნიშნულის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მოისმინა “საგანგაშო ინფორმაცია”, “თითქოს PSP-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი”. ბრალდების გახმიანებისას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციას გადამოწმება სჭირდება.
“მაგალითად, როცა შედის მომხმარებელი და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს — ვიცი, რომ დავალებაა, ასეთი ინფორმაცია არსებობს, ამას რა თქმა უნდა გადამოწმება სჭირდება — გამყიდველი ეუბნება, რომ რომელი გნებავთ, ხარისხიანი, ძვირიანი თუ უხარისხო თურქული? ამას რა ჰქვია, თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა? ეს არის მტრობა პირდაპირ”, — განაცხადა მან.
“მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება თითოეულ ასეთ შემთხვევას”, — დაამატა ღარიბაშვილმა.
საპასუხო განცხადებაში სააფთიაქო ქსელი PSP ამბობს, რომ “პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს”.
“ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფიანი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში.
PSP-სთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და შესაბამისად ჩვენი ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან”, — ნათქვამია განცხადებაში.
ხაზს უსვამს რა ღარიბაშვილის ნათქვამს, რომ ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს, PSP იმედს იტოვებს, რომ “ეს უახლოეს მომავალში მოხდება და საზოგადოება ინფორმირებული იქნება”.