„ზუსტად ვიცი, რომ ეს მერაბიშვილის დაგეგმილი იყო“ – მელია გავრცელებულ ჩანაწერზე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ტელეკომპანია „პირველთან“ აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ჩანაწერის გასაჯაროების უკან ვანო მერაბიშვილი დგას.
მელიას თქმით, „ზუსტად იცის“, რომ აუდიო ჩანაწერის გავრცელება ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა, რომელიც ფიქრობდა, რომ ამას „ერთიანი ნცაიონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შესარჩევად დაგეგმილ არჩევნებზე გავლენის მოხდენა შეეძლო:
„მე მაქვს არათუ გონივრული ეჭვი, ვარაუდიც არა, ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი და მან ჩათვალა, რომ ამ აუდიო ჩანაწერების გავრცელებას შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე. მეტიც, ახლა ვფიქრობ რასაც ვერ ვფიქრობდი დასაწყისში, ალბათ ამ ბატონს ჰქონდა იმედი, ეს ჩანაწერი ეგულებოდა და ფიქრობდა რა კანდიდატითაც არ უნდა დავუპირისპირდე მელიას, მე ეს ჯოკერი მაქვს, გაავრცელებო.
სინამდვილეში, პირიქით მოხდა ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელეს და ძალიან დიდი სხვაობით წააგებენ ამ არჩევნებს. ამოტივტივდა ზედაპირზე ის მანკიერება, რომელსაც მე არასოდეს მივესალმებოდი და თუკი რამე არ მომწონდა ნაციონალურ მოძრაობაში, ზუსტად ეს მეთოდები იყო,“ – ამბობს ნიკა მელია „რეაქციაში.
ჩანაწერში, რომელიც 9 იანვარს გავრცელდა და ავთენტურობა დადგენილი არ არის, მითითებულია, რომ ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაა გაკეთებული. 44-წამიან ჩანაწერში, სავარაუდოდ, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ხმა ისმის და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფას აყენებს.