ახალი ამბები

უცხოელი ინსტრუქტორების შევიწროების მცდელობები გუდაურში, რეაგირების გარეშე

უცხოელი ინსტრუქტორების შევიწროების მცდელობები გუდაურში, რეაგირების გარეშე

უცხოეთიდან საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული თხილამურის ინსტრუქტორები გუდაურში თავისუფლად მუშაობას ვერ ახერხებენ, ამის მიზეზი ქართველი ინსტრუქტორების მხრიდან მათი შევიწროების მცდელობებია.

აღნიშნულის შესახებ საუბრობენ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. რამდენიმე დღის წინ ავსტრალიურმა მედიამ გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერდნენ, რომ გუდაურში ათობით უცხოელი, მათ შორის ავსტრალიელები სრიალს ვერ ახერხებდნენ “უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო”.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უცხოელი ინსტრუქტორების ნაწილმა გუდაური დატოვა. გუდაურში ტურების ორგანიზებისგან თავს იკავებენ უცხოელი გიდებიც.

რა ხდება გუდაურში

თხილამურების ინტრუქტორები არიან ადამიანები, რომლებიც სამთო კურორტებზე ჩასულ დამსვენებლებს სრიალს ასწავლიან და ამაში გარკვეულ გასამარჯელოს იღებენ.

იმის შესახებ, რომ ქართველი ინსტრუქტორები უცხოელებს ავიწროებდნენ, თავდაპირველად ინფორმაცია ავსტრალიურმა გამოცემა ABC-მ გაავრცელა. 18 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ათობით უცხოელი, მათ შორის ავსტრალიელები “უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო” მუშაობას ვერ ახერხებენ.

“საქართველოში, გუდაურის კურორტზე მყოფი საერთაშორისო ინსტრუქტორები აცხადებენ, რომ მათ მუდმივად ავიწროებენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ემუქრებიან ადგილობრივების ჯგუფები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ [უცხოელებს] საქართველოში მუშაობის უფლება არ აქვთ”, – წერს ავსტრალიური მედია.

შევიწროების ამსახველი კადრები ასევე გადაიღო და საკუთარ ვლოგში აღწერა პოლონელმა ინსტრუქტორმა, რომელმაც მოგვიანებით საქართველო დატოვა კიდეც.

“მოგესალმებით მზიანი გუდაურიდან. ამ დროს ჩაფხუტსა და სათვალეებს ვატარებ, რადგან მათ გარეშე აქ გადაადგილება სახიფათო ჩანს იმ კონფლიქტის ფონზე, რომელიც რამდენიმე დღეა მწვავდება ქართველ მოთხილამურეებთან…

პოლიციამ გვითხრა, რომ რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვისრიალოთ, თუმცა ადგილობრივ მოთხილამურეებს, როგორც ჩანს, ეს დიდად არ აინტერესებთ”, – ჰყვება პოლონელი ინსტრუქტორი ვლოგში, რის შემდეგაც ამბობს, რომ ქართველებმა უცხოელებს გონდოლაზე შესასვლელი ჩაუკეტეს და ამის ამსახველ ვიდეოსაც ურთავს თან.

ვიდეოში ჩანს, რომ გონდოლის შესასვლელში მართლაც დგას ხალხი, იქვეა პოლიციის თანამშრომელიც. როდესაც უცხოელი ინსტრუქტორი უახლოვდება გონდოლის შესავლელს, ამბობს რომ აქვს მთავრობისგან, იუსტიციის სახლში მიღებული მუშაობის უფლება, რაზეც ქართველი მოთხილამურე ეუბნება, რომ “შეუძლია ავიდეს და მარტომ ისრიალოს”.

“აქ გინდა მუშაობა? შეგიძლია მარტო ახვიდე და ისრიალო. გასაგებია? შენ აქ ვერ იმუშავებ”, – მიმართავს ქართველი მოთხილამურე უცხოელ ინსტრუქტორს.

უცხოელი ინსტრუქტორის შეკითხვაზე, თუ რატომ არ აქვს კლიენტებთან ერთად სრიალის შესაძლებლობა, ქართველი არ პასუხობს და მიმართავს, რომ კამერა დაწიოს.

აღნიშნულ კადრებში არ ჩანს პოლიციის მხრიდან რეაგირება.

პოლონელი მოთხილამურის ვლოგში ასევე არის მის მიერ გადაღებული კადრები, სადაც ჩანს რომ გონდოლისკენ მიემართება, რა დროსაც ვიღაც აჩერებს და ისმის ქართული გადალაპარაკება: “არ შეუშვა”. ამის შემდეგ პოლონელი ვლოგერი მიდის პოლიციასთან, რომელიც რამდენიმე მეტრის მოშორებით დგას.

“თავს დამესხნენ”, – ეუბნება პოლონელი პოლიციას ინგლისურად, რაზეც პოლიცია პასუხობს, რომ არ ესმის ინგლისური და მიმართავს, რომ ესაუბროს რუსულად.

“კაცები დამესხნენ თავს. მე მივდიოდი გონდოლისკენ და 4-5 ადამიანმა მითხრა “არა, არა”, დამიჭირეს ხელით და ქურთუკით”, – ამბობს პოლონელი რუსულად, პოლიცია კი ეკითხება, დაარტყეს თუ არა მას, რის შემდეგაც კადრი წყდება და გრძელდება იმ დროს, როცა პოლონელი როგორც თავად აღწერს, კრიმინალურ პოლიციასთან მიდის. თუმცა მათი რეაგირების კადრები ვიდეოში ნაჩვენები არ არის.

“თავდაპირველად მივედი ჩვეულებრივ პოლიციასთან. მათ მითხრეს, რომ წავსულიყავი კრიმინალურ პოლიციასთან და ისინი ჩაიწერდნენ ჩვენებას. მეც მივედი მათთან, მომისმინეს და მითხრეს, რომ იქნებოდა მოლაპარაკებები. სრულიად უსარგებლო”, – ამბობს მოთხილამურე.

აღნიშნულ ვიდეოში ასევე ჩანს კადრები, სადაც ქართველები გონდოლაზე ასვლის უფლებას არ აძლევენ უცხოელს მანამ, სანამ ის არ გაიხდის ქურთუკს, სადაც აწერია, რომ ინსტრუქტორია. ამ დროს პოლიციის თანამშრომელი დგას ადგილზე, თუმცა კადრებში არ ჩანს, რომ მას უცხოელი მოთხილამურის დასაცავად, რეაგირება აქვს.

პოლონელი ინსტრუქტორი აცხადებს, რომ ქურთუკების გამოცვლა უცხოელებისთვის, ფაქტობრივად, სრიალის ერთადერთი შესაძლებლობაა.

ქართველი ინსტრუქტორების მხრიდან ხელშეშლასა და მუქარაზე საუბრობენ არამხოლოდ უცხოელი, არამედ უცხოურ სკოლაში მომუშავე ქართველი ინსტრუქტორებიც.

ერთ-ერთი მათგანი, სოფო ნიკოლაძე “ნეტგაზეთს” უყვება, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში სრიალისას ქართველი ინსტრუქტორები დღეში რამდენჯერმე აჩერებენ და ეკითხებიან, ვინ არის და სადაურია. მისი თქმით, თუ იგებენ, რომ ინსტრუქტორი უცხოელია, უყრიან თხილამურებს, აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებიან.

“ყველაფერს აკეთებენ ხელით შეხების გარდა, ჩხუბი არ მომხდარა. ალბათ თავს იკავებენ, პოლიციაში წასვლისგან.

რამდენიმე დღის წინ პირადად ჩემთან მოვიდა ასეთი ადამიანი. სკოლის [დაბრენდილი] ზედა მაცვია და იმით ვსრიალებ. პრობლემა ჰქონდა, რატომ მუშაობ უცხოელებთან, რატომ ეხმარები მათ, გაიხადე ზედაო. ავუხსენი, რომ ეს ჩემი სამსახურია, გადასახადებს ვიხდი, ჩემი სკოლის ზედა მაცვია და ვერ გავიხდი იმიტომ, რომ ვმუშაობ.

მითხრა, არ მაინტერესებს რას აკეთებო, დაიწყო მუქარა, მერე სხვანაირად დაგელაპარაკებიო, რის გამოც წავედი პოლიციაში საჩივლელად”, – გვიყვება სოფო.

მისი თქმით, ის ადგილობრივ პოლიციას არ ენდობა, რის გამოც თავდაპირველად საჩივარი თბილისში, ერთ-ერთ განყოფილებაში დაწერა.

“ჩემი ყველა მეგობარი მაგას მეუბნება, რომ არ ეხმარება პოლიცია და რეალურადაც, სამი კვირაა ასეთი ამბავია და პოლიციას არც ერთი ადამიანი არ გადაუყვანია განყოფილებაში, ის ადამიანები, ვინც იგინებიან და აგრესიას გამოხატავენ, ხომ შეიძლება რომ გაარიდონ იმ ადგილს. ამიტომ, უნდობლობა გამოვუცხადე ადგილობრივ პოლიციას, თბილისში წავედი, თუმცა შემდეგ მითხრეს, რომ გუდაურის განყოფილებაში დამეწერა განცხადება და მიხედავდნენ ამ საქმეს”, – ამბობს სოფო.

მისი თქმით, ქართველ ინსტრუქტორთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. სოფოს ასევე ეშინია, რომ მის უცხოელ მეგობრებს არ დაუშავონ რამე. მისი თქმით, რამდენიმე მათგანმა უკვე დატოვა გუდაური და სასრიალოდ ბახმაროში წავიდა, რადგან, როგორც ამბობდნენ, “მუშაობას მაინც ვერ ახერხებდნენ”.

სოფო განმარტავს, რომ უცხოელი ინსტრუქტორები საქართველოში სამუშაოდ არიან ჩამოსული და აქვთ ხარჯებიც, მათ შორის ბინის ქირა, რომლის გადახდასაც ასეთ პირობებში ვერ შეძლებენ და ქვეყნის დატოვება მოუწევთ.

მისი თქმით, უცხოელი ინსტრუქტორები საქართველოში წინა წლებშიც იყვნენ და იყო გარკვეული ინციდენტებიც, თუმცა წელს ვითარება მკვეთრად გამწვავებულია. სოფოს ფიქრობს, რომ ამის მიზეზი უთოვლობაა, რადგან მხოლოდ ორი ტრასაა გახსნილი და ყველას ერთი და იგივე ადგილზე უწვეს მუშაობა.

რა მიზეზებზე საუბრობს ქართველი ინსტრუქტორი

“ნეტგაზეთი” ესაუბრა გუდაურში ერთ-ერთი ქართული სათხილამურო სკოლის წარმომადგენელს, შალვა აბრამიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ “ქართველი ინსტრუქტორების პროტესტს” უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, აქვს “საფუძველი და მიზანი”.

შალვა აღნიშნავს, რომ პირადად არ შესწრებია ქართველი ინსტრუქტორების მხრიდან უცხოელებისთვის ხელშეშლის ფაქტებს, თუმცა ადასტურებს, რომ ქართველი ინსტრუქტორები უცხოელებს სპეციალური სერტიფიკატის ჩვენებას სთხოვენ, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ ნამდვილად აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია.

აღსანიშნავია, რომ ქართულ სამთო კურორტებზე მუშაობისთვის სერტიფიკატი საჭირო არაა, არც ქართველი და არც უცხოელი ინსტრუქტორებისთვის.

შალვა განმარტავს, რომ ქართველებს პრობლემა არ აქვთ იმ უცხოელ ინსტრუქტორებთან, რომლებსაც საერთაშორისო სერტიფიკატი გააჩნიათ, თუმცა ისინი არ ემხრობიან კურორტზე “დაბალკვალიფიციური” უცხოელების მუშაობას. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ როგორც ის ამბობს, გუდაურში ახალი სპორტსკოლები იხსნება და დაახლოებით 100-მდე ინსტრუქტორი ემატება კურორტს.

“ვისაც საერთაშორისო სერტიფიკატი გააჩნია, იმისთვის კარი ყოველთვის ღიაა. აქ საუბარია უფრო დაბალკვალიფიციურ მუშახელზე, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე. არ ვიცი რა სარგებელს ტოვებს ის საქართველოში, თუმცა რაღაც მომენტში გააკეთებს ფულს და წავა…

საერთაშორისო სერტიფიკატი ვისაც გააჩნია, ის კარგად ვიცი და ის ისრიალებს, არავინ ზღუდავს მას. არავინ არავის ეჩხუბება, უბრალოდ აქ ჩნდება შეკითხვა – გვაჩვენე შენი სერტიფიკატი, ვინ ხარ, ჩამოხვედი, ჩემთან [ქვეყანაში] მუშაობ, სერტიფიკატი მაინც მანახე”, – ამბობს შალვა.

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რამდენად შედის ქართველი ინსტრუქტორების უფლებამოსილებაში, რომ უცხოელებს სერტიფიკატების ჩვენება მოსთხოვონ, შალვა განმარტავს, რომ ეს “შედის მათ მოქალაქოებრივ მოვალეობაში”.

მისი თქმით, ამის საჭიროებას ხედავს იმიტომ, რომ საქართველოში არ არსებობს რეგულაციები, რომლითაც გაკონტროლდებოდა ინსტრუქტორების კვალიფიკაცია.

შალვას თქმით, ამ ეტაპზე ქართველი მოთხილამურეებისთვის მთავარი მიზანი სწორედ ასეთი რეგულაციების შემოღებაა, რასთან დაკავშირებითაც მოთხილამურეებს მუშაობა დაწყებული აქვთ და ხელისუფლებასთანაც აქტიური კომუნიკაცია გააჩნიათ.

“ჯერ ძალიან დასაწყის ეტაპზეა, რამდენიმე ჯგუფი მუშაობს, რომლებიც შეჯერდებიან. ჯერ ბევრმა აზრმა უნდა მოიყაროს თავი და საბოლოო ჯამში მივიდეთ იქამდე, რა მიზანიც გვაქვს”, – ამბობს ის.

შეკითხვაზე, რეგულაციების შემოღებამდე როგორ ხედავს უთანხმოების მოგვარების გზას, შალვა აბრამიშვილი პასუხებს: “ამაზე შევთანხმდებით შიგნით, მოთხილამურეების ოჯახში”.

რა ზიანს აყენებს ინსტრუქტორების კონფლიქტი საქართველოს

ქართველების მხრიდან უცხოელი ინსტრუქტორების შევიწროების შედეგად დისკომფორტი ექმნებათ გუდაურში მყოფ ტურისტებსაც.

მაგალითისთვის, ზემოთ აღნიშნულ ვიდეოში, რომელიც პოლონელი მოთხილამურის ვლოგში მოხვდა, ჩანს, რომ ქართველი ინსტრუქტორები აჩერებენ ისეთ უცხოელ ინსტრუქტორებსაც, რომელთაც თან კლიენტები ახლავთ. კადრებში ვხედავთ, რომ ქართველი ინსტრუქტორები უცხოელებს აიძულებენ დამოუკიდებლად დაეშვან სათხილამურო ტრასაზე, ამ დროს კი ტურისტები ტრასის წვერზე რჩებიან.

ისრაელელი ტურების ორგანიზატორი, რომელსაც საქართველოში ყოველწლიურად ასობით ტურისტი ჩამოჰყავს, “ნეტგაზეთს” უყვება, რომ შექმნილი დაძაბული ვითარების გამო საქართველოში ტურისტების ჩამოყვანისგან წელს თავის შეკავებას გეგმავს.

ელიოტ ვერკოვიცის თქმით, საქართველოს 11 წლის განმავლობაში, ყოველ სეზონზე სტუმრობდა, მიმდინარე წელს კი გუდაურში 600-მდე ტურისტის ჩამოყვანას გეგმავდა, თუმცა მათმა ნაწილმა თავად გააუქმა ვიზიტი მას შემდეგ, რაც ორმა სათხილამურო სკოლამ შეატყობინა, რომ მათი უცხოელი ინსტრუქტორები მომსახურებას ვერ შეძლებდნენ.

ვერკოვიცი განმარტავს, რომ მისი ტურისტები უფრო მეტად უცხოელ ინსტრუქტორებთან სწავლას ამჯობინებენ, რადგან მათ ინგლისური უფრო კარგად იციან.

“რამდენიმე შემთხვევა მქონდა, როდესაც ჩემმა სტუმრებამ ქართველი ადგილობრივი ინსტრუქტორი დაიქირავეს და მათ საშინელი გამოცდილება ჰქონდათ.

მე ვერ ჩამოვიყვან ტურისტებს, თუ მათ არ ეყოლებათ კარგი ინსტრუქტორები, რომლებიც ინგლისურად გამართულად საუბრობენ. ზოგ ქართველ ინსტრუქტორს კარგად ესმის ინგლისური, წერაც შეუძლია, მაგრამ საუბარი უჭირს და სრიალის შესწავლის დროს ეს კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის უფლება. ჩაუტაროს სახელმწიფომ გამოცდები [უცხოელ ინსტრუქტორებს] და შემდეგ ხალხი თავად გადაწყვეტს უცხოელ ინსტრუქტორთან ურჩევნიათ თუ ქართველთან”, – ამბობს ვერკოვიცი.

მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლას მიმდინარე კვირაში გეგმავდა, თუმცა უთოვლობის და დაძაბული ვითარების გამო, სხვაგან წასვლას ამჯობინებს.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ჩამოვიდოდა თუ არა საქართველოში წელს, მეტი ტრასა რომ გახსნილიყო, ვერკოვიცმა გვიპასუხა, რომ თავად ჩამოვიდოდა, თუმცა ტურისტების ჩამოყვანისგან თავს შეიკავებდა ინსტრუქტორებთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა?

გუდაურში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბრობს “საქართველოს სამთო კურორტების ასოციაცია”. მისი პრეზიდენტის, გეგა სალუქვაძის განმარტებით, ქართველი და უცხოელი ინსტრუქტორების პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელია გარკვეული რეგულაციების შემოღება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ინსტრუქტორების სერტიფიკატების საკითხი.

თუმცა, მისი შეფასებით, ეს პრობლემის გადაჭრის ხანგრძლივი პერსპექტივაა, ამჟამად კი პრიორიტეტულია, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს. მისი განცხადებით, მიმდინარე ვითარების დასარეგულირებლად ამჟამად მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს, მათ შორის ჩართულია გუბერნატორი და მთის ტრასების სააგენტოც. სალუქვაძე აღნიშნავს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ამ საკითხზე არაერთი შეხვედრაც გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფოს, ასევე სპორტული სკოლების წარმომადგენლებიც.

“ახლა ხელისუფლებას უფრო მომლაპარაკებლის და გამშველებლის ფუნქცია აქვს”, – ამბობს ის.

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია პრობლემის სწრაფი მოგვარება, რადგან ამბავი გავრცელდა საერთაშორისო მედიაშიც, რაც საქართველოს უარყოფითად წარმოაჩენს და არამხოლოდ ინსტრუქტორები, არამედ ქვეყანა ზიანდება.

“ეს არის ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც არ შეიძლება განიხილოს ცალკე. საბოლოოდ ყველა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება”, – ამბობს ის.

საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციისთვის პრობლემის მოგვარების საჭიროებაზე საუბრობს პარტია “ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრი, თაზო დათუნაშვილიც.

მისი თქმით, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები სათანადო რეაგირებას არ მოახდენენ, გუდაურში არსებული ვითარება საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას შელახავს.

“პოლიციამ უნდა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და როდესაც ადამიანები სხვას ემუქრებიან და შეურაცხყოფას აყენებენ სიტყვიერად, პოლიციამ უნდა მოახდინოს ამის პრევენცია, ან ამაზე ჰქონდეს რეაგირება.

ვსაუბრობთ სახელმწიფოს მინიმალურ ფუნქციაზე, რომ დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი. მაშინ რისთვის გვყავს პოლიცია, თუ შეგვიძლია თემური წყობილების პრინციპით გადავწყვიტოთ მაგალითად კომერციული დავები”, – ამბობს დათუნაშვილი.

რაც შეეხება პრობლემის გრძელვადიან მოგვარებას, დათუნაშვილიც მიიჩნევს, რომ საჭიროა ქვეყანაში გარკვეული რეგულაციების არსებობა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეეცადა სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე განცხადებას არ აკეთებენ. ჩვენ ასევე დავუკავშირდით ტურიზმის ადმინისტრაციასაც, სადაც ეკონომიკის სამინისტროსთან გადაგვამისამართეს, თუმცა ჩვენს კითხვებზე, თუ რა რეაგირება ჰქონდა სამინისტროს, პასუხი არ მიგვიღია.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.