ახალი ამბები

“არათუ მიღება, ინიციირებაც შეურაცხმყოფელია” — სათეატრო სფეროს წარმომადგენლები რუსულ კანონზე

“არათუ მიღება, ინიციირებაც შეურაცხმყოფელია” — სათეატრო სფეროს წარმომადგენლები რუსულ კანონზე

საქართველოს სათეატრო სფეროს წარმომადგენლები “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტზე პარლამენტს მიმართავენ. მათი თქმით, “ამ კანონის არათუ მიღება, არამედ ინიციირებაც კი შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებისთვის”.

პეტიცია manifest.ge-ზე გამოქვეყნდა.

“თანამედროვე ქართული სათეატრო სცენა, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ახერხებს შექმნას სხვადასხვა გავლენისგან თავისუფალი, მრავალფეროვანი სასცენო პროდუქცია, არაერთი მათგანი საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოლაბორაციის შედეგია.

ინიციირებული კანონის მიღების და ამოქმედების შემთხვევაში არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ დაცული იქნება ჩვენი შემოქმედებითი თავისუფლება, რადგან კანონპროექტში ჩვენი საქმიანობის პირობად დასახელებული „კეთილსინდისიერება“ მოიცავს უსასრულო ინტერპრეტაციისა და მანიპულაციის სივრცეს და გვტოვებს ტოტალიტარიზმის საფრთხის პირისპირ.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ სფეროს, რომელსაც ყველაზე მძიმედ შეეხო საბჭოთა რეპრესიები. სიცოცხლე მოუსპეს და საქმიანობას ჩამოაშორეს ქართული თეატრის არაერთი თვალსაჩინო მოღვაწე.

მძიმე ისტორიული გამოცდილება და საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვა გვავალდებულებს გამოვხატოთ ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება აღნიშნული კანონპროექტის მიმართ და მოვუწოდოთ ინიციატორებს მისი გამოწვევისაკენ”, — ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

პეტიციის ტექსტი ღიაა ონლაინ ხელმოწერებისთვის. ამისათვის მხოლოდ სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებაა საჭირო.

ხელმომწერთა სიაში ფიგურირებს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის სახელი და გვარიც, თუმცა თეატრის პრესსამსახურში ამბობენ, რომ რობერტ სტურუას პეტიციაზე ხელი არ მოუწერია.

რა ხდება

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

რატომაა საშიში რუსული კანონი? ნახეთ პასუხები ხშირად დასმულ 5 კითხვაზე:

რატომაა საშიში რუსული კანონი — 5 კითხვა, 5 პასუხი

საქართველოში აპირებენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა, ჩაითვლება „უცხოეთის გავლენის აგენტად“.

მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონპროექტის მიზანია საქართველოში მოქმედი იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკვირდებიან და აკრიტიკებენ ხელისუფლებას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.