ახალი ამბები

ეს ეფექტური აქტივობები თქვენს მოსწავლეებს ეკოლოგიურ წიგნიერებას განუვითარებს

ეს ეფექტური აქტივობები თქვენს მოსწავლეებს ეკოლოგიურ წიგნიერებას განუვითარებს

ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ეკოლოგიური წიგნიერება იმ ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას წარმოადგენს, რომლის სწავლებაც ყველა მასწავლებლის პასუხისმგებლობა უნდა იყოს, განურჩევლად იმისა, თუ რომელ საგანს ასწავლის.

სწორედ საკითხის სწავლების მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე, პედაგოგები აქტიურად ცდილობენ, დაგეგმონ სხვადასხვა შემოქმედებითი ღონისძიება თუ აქტივობები და მოსწავლეებში ეკოლოგიური წიგნიერების განვითარებისთვის ეფექტური სასწავლო გარემო შექმნან.

იმის გასარკვევად, თუ რა გზით ცდილობენ პედაგოგები ამ მართლაც მნიშვნელოვანი მისიის შესრულებას, EDU.ARIS.GE რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგსა და დამრიგებელს, ეკატერინე მინდორაშვილს ესაუბრა. ჩვენი რესპონდენტი მოგიყვებათ, როგორ დაგეგმოთ გაკვეთილი ისე, რომ ეკოლოგიური წიგნიერების კომპონენტი გაითვალისწინოთ და ამასთან, კოლეგებს მრავალფეროვან აქტივობებს გააცნობს.

– პირველ რიგში, გვითხარით, რა არის ეკოლოგიური წიგნიერება, რა ასაკიდან ისწავლება და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი სწავლება ადრეულ ეტაპზე?

– გეტყვით რომ ეკოლოგიური წიგნიერება არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, ადამიანისა და გარემოს ურთიეთქმედების გაცნობიერება, სწორი მიდგომების გააზრება, რაც ხელს უწყობს ბუნების დაცვას. ეკოლოგიური წიგნიერება ისწავლება დაწყებითი საფეხურიდან, რადგან მოსწავლეები დაწყებითი საფეხურიდანვე უნდა ჩამოყალიბდნენ მოქალაქეებად, რომლთაც მომავალში ეცოდინებათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გარემოსადმი ადამიანის ჯანსაღი დამოკიდებულება. მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ პირადი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, რათა მონაწილეობა მიიღონ მის დაცვასა და აღდგენაში, ამის სწავლება კი დაწყებითი საფეხურიდან უნდა მოხდეს.

– გვითხარით იმ საკითხების შესახებაც, რომელსაც მოსწავლეები თემის ფარგლებში სწავლობენ…

– მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლეები ამ თემის ფარგლებში სწავლობენ გლობალურ კლიმატცვლილებას რადგან ეს მსოფლიოს ერთ-ერთი რთული გარემოსდაცვითი პრობლემაა; სწავლობენ ნიადაგთან დაკავშირებულ პრობლემებს. ნიადაგის გარეშე ადამიანი ვერ იარსებებს, ის მხოლოდ მცენარეებს არ ასაზრდოებსდა ამიტომ, მნიშვნელოვანია ნიადგის მოფრთხილებაც, რადგან ნიადაგში მოხვედრილი სამრეწველო ნარჩენები ადამიანის ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს; კიდევ ერთი სასწავლო თემაა წყალი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. წყლის დეფიციტის გამომწვევი მიზეზები, წყლის დაბინძურება და მისი გავლენა, როგორც ცოცხალ არსებებზე, ასევე ადამიანებზე; სწავლობენ ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობას ადამიანის/საზოგადოების კეთილდღეობისთვის. მოსწავლე ამ საკითხების შესწავლის შემდგომ იგებს თუ როგორ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება, მიაყენოს ადამიანის ქმედებამ გარემოს, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას თავად ბუნებრივი გარემო.

– აგვიხსენით, რა გეგმას უნდა მიყვნენ პედაგოგები იმისთვის, რომ ეკოლოგიური წიგნიერების კომპონენტი გაითვალისწინონ?

– მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა და მასში შემავალი საკითხები ორიენტირებულია მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესრულებისკენ. შესაბამისად, პედაგოგებს სასკოლო სახელძღვანელოებიც საშუალებას გვაძლევს, მოსწავლეებს შევასწავლოთ ისეთი საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს მათი სწორი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.

– გაგვაცანით ის აქტივობები, რასაც თემის სწავლების დროს იყენებთ?

აქტივობა #1 

„Indangered species” – გადაშენების პირას მყოფი სახეობები

აღნიშნული აქტივობა განვახორციელე თავად, ინგლისური ენის გაკვეთილის ფარგლებში. მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე მოიძიეს ინფორმაცია გადაშენების პირას მყოფი არსებების შესახებ, შეისწავლეს გამომწვევი მიზეზები, გაიაზრეს ადამიანის პასუხისმგებლობა მსგავსი არსებების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის და შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტი აღნიშნული არსებების შესახებ. ვფიქრობ, მსგავსი აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციის – ეკოლოგიური წიგნიერების განვითარებას.

აქტივობა #2

„Recycle plastic bottles” – პლასტმასის ბოთლების გადამუშავება

სკოლის ყველა მოსწავლე აგროვებს პლასტმასის ნივთებს, რომელიც გარკვეული პერიოდულობით რუსთავის ერთ-ერთ ქარხანაში მიგვაქვს, სადაც მისი მეორადი გადამუშავება ხდება. ამ აქტივობას ინგლისური ენის სწავლების კუთხით, გამოვეხმაურე, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა უცხოური ტექსტი შეისწავლეს თემაზე: რა ზიანს აყენებს პლატმასის ბოთლები ნიადაგს და ზოგადად გარემოს. მათ შექმნეს ბროშურები, სადაც თანატოლებს მოუწოდებენ, არ დააბინძურონ გარემო პლატმასის ბოთლებისგან, ნუ დაყრიან ნარჩენებს ოკეანეებში, რადგან აღნიშნული საფრთხეს უქმნის წყალში მცხოვრებ არსებებს. ეს აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში გარემოსადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

აქტივობა #3

„ჯანსაღი ღიმილი ჯანმრთელი სხეულის საწინდარია“

ჩემი საგნის ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის საკითხს გავდივართ, სადაც მოსწავლეები სწავლობენ, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ერთ-ერთი საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, ჩვენ შეხვედრა მოვაწყვეთ სტომატოლოგთან და ერთ-ერთი კლინიკის წარმომადგენლებთან და ერთ-ერთ კლინიკის წარმომადგენლებთან. ჩვენმა მასპინძლებმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს კბილების ჯანსაღი მოვლის წესის თაობაზე. ინგლსიური ენის ფარგლებში, უცხოურ ენაზე შეადგინეს ბუკლეტები, სადაც მოსწავლეებმა ასახეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რა ზიანს აყენებს ჭარბი რაოდენობით მიღებული ტკბილეული ადამიანის ორგანიზმს, კბილებს.

აქტივობა #4

„მოლაპარაკე მაისური“

ბუნების დაცვასთან, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჩემი სადამრიგებლო კლასის ბავშვებმა შექმნეს თემატური მაისურები. ბუნების პედაგოგის ჩართულობითა და დახმარებით, მოსწავლეებმა მაისურებზე ასახეს დედამიწა და მასში მიმდინარე პრობლემები, შექმნეს სლოგანები, სადაც თანატოლებს ბუნების დაცვის მნიშვნელობისკენ მოუწოდებენ. ინგლისურ ენაზე კი მსგავსი თემატიკის პოსტერები დაამზადეს.

კლასგარეშე აქტივობების როლი 

კლასგარეშე აქტივობების როლი უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მასში მთელი სასკოლო საზოგადოებაა ჩართული. მაგალითისთვის, ჩვენს სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს ხეების გამწვანების აქცია, რაშიც მონაწილეობას იღებენ როგორც მოსწავლეები, ასევე დირექცია და მასწავლებლები. ამასთან, კლასგარეშე აქტივობებიდან ეწყობა ხოლმე „ფლეშმობები“. მაგალითად, ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები და ზებრა გადასასვლელზე მოეწყო „ფლეშმობი“, სადაც მძღოლებს მოუწოდებნენ, რომ დაიცვან საგზაო წესები და გაუფრთხილდნენ როგორც სხვის, ასევე საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მოსწავლეებმა მოაწყვეს შეხვედრა ერთ-ერთ პარკში, სადაც მადლობა გადაუხადეს გამწვანების სამსახურის თანამშრომლებს ქალაქზე ზრუნვისთვის და გადასცეს მადლობის სერტიფიკატები. ამ აქტივობით მოსწავლეები ყველა პროფესიის ადამიანის პატივისცემას სწავლობენ. სწავლობენ მათი შრომის დაფასებას და გამოიმუშავებენ უნარ-ჩვევას, არ დააბინძურონ და გაუფრთხილდნენ ზოგადად ბუნებას და ქალაქს, სადაც ისინი ცხოვრობენ.

ასევე იხილეთ:

კურიკულუმი დაწყებითი საფეხურის კლასებისთვის – სპეციალისტი შექმნის ხერხებზე საუბრობს

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.