“რესპუბლიკური ჩვენი სახლია” — მორიგი პროტესტი საავადმყოფოს დემონტაჟის წინააღმდეგ
თბილისში მედიკოსები ისევ შეიკრიბნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის საწინააღმდეგო აქციაზე. პროტესტი მათ 2 აპრილს, ამავე საავადმყოფოს ეზოში გამოხატეს.
ექიმების მოთხოვნებს შორისაა რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის შენარჩუნება, ისევე როგორც, თანამშრომელთათვის მუშაობის გაგრძელების საშუალების მიცემა რეაბილიტაციის პერიოდში.
“მოთხოვნებია, საავადმყოფოს რეაბილიტაცია მოხდეს ისე, რომ არ შეწყდეს აქ სამკურნალო პროცესი და შენარჩუნდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივი ამ ხნის განმავლობაში”, — უთხრა მედიას რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა მალხაზ გოგუამ.
ექიმ ლალი ჯაფარიძის თქმით, რომელიც ასევე იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, მისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო განაცხადი საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ.
“როგორ შეიძლება ამ საავადმყოფოს დანგრევა? ეს არის ქართული მედიცინის ისტორია და ძალიან ვთხოვ მთავრობას, მოვიდეს გონს. არ შეიძლება ყველაფრის განადგურება. ეს არის ისტორია…” — დასძინა მან.
საავადმყოფოს ეზოში შეკრებილ მედიკოსებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით “რესპუბლიკური ჩვენი სახლია” და “ეს ქვეყანა ჩვენია”.
“ამჟამად მართალია აქ არ ვმუშაობ, მაგრამ ყველაზე გამორჩეული ოპერაციები აქ გავაკეთე. ამიტომაც, მე ყოველთვის მიყვარდა ეს საავადმყოფო და როგორც ყველა, [მეც] ვთვლიდი მას მედიცინის ტაძრად”, — დასძენს კიდევ ერთი ექიმი, შალვა ჭოველიძე.
რესპუბლიკური საავადმყოფო თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და ძვირადღირებულ ადგილზეა განთავსებული.
მარტში ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა “რუსთავი 2”-ს უთხრა, რომ “70-იან თუ 60-იან წლებში” აშენებული შენობა ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს დღევანდელ სტანდარტებს.
“…ამიტომ რეკომენდაციები გვაქვს მიღებული და ფინანსურად უფრო ეფექტიანი იქნება, თუ დაინგრევა და აშენდება ახალი შენობა იმ ზომის და იმ ფორმის, რომელიც ამ სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს და ასევე აღჭურვილი იქნება თანამედროვედ“, — თქვა აზარაშვილმა.
უკვე პირველ აპრილს, “პირველი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში, აზარაშვილმა დასძინა, რომ ხელისუფლებას “საბოლოო გადაწყვეტილება” ჯერ არ მიუღია.
“ის, რაც მე 1 თვით ადრე ვთქვი, ეს იყო წინასწარ დასკვნები, რაც რესპუბლიკურთან დაკავშირებით გვაქვს. მაგრამ წინასწარი დასკვნები არ არის საბოლოო დასკვნა. ახლაც მიდის სამხარაულის [ექსპერტიზის ბიუროში] პროცესი…
“პირველადი შეფასება რაც გვაქვს, წინა ნაწილის საოფისე ფართებად გამოყენება შეიძლება და მეორე ნაწილის სრულ დემონტაჟს ითვალისწინებს…” — დასძინა მან და იქვე დაამატა, რომ შესაბამისი დასკვნების დადების შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.
აზარაშვილის თქმით, კლინიკა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს და ამ პროცესში მნიშვნელოვანია ხარჯთეფექტურობა. მინისტრის თანახმად, ხელისუფლება სრულ პასუხისმგებლობას იღებს თანამშრომელთა ანაზღაურების შენარჩუნებაზე.
“ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ამ პერიოდის განმავლობაში მათ დასაქმებაზე და მინიმუმ დღევანდელი ანაზღაურების გადახდაზე მათთვის. იმ შემთხვევაში, თუ ამ პერიოდის განმავლობაში რომელიმე ამ თანამშრომლის დასაქმება ვერ მოხერხდება, გავაგრძელებთ ამ ანაზღაურების გადახდას მათთვის”, — დასძინა მან.
აზარაშვილის თანახმად, “მომდევნო კვირაში” დაგეგმილია დეტალური პრეზენტაცია საავადმყოფოსთან დაკავშირებით, სადაც “ყველა კითხვას” გაეცემა პასუხი.
31 მარტს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა თავართქილაძემ თქვა, რომ “საუბარი იყო მწვავე, “ბევრი მწვავე კითხვა დაისვა” და დაიგეგმა მომავალი შეხვედრები.
“რა თქმა უნდა, ერთ და ორ შეხვედრაში ვერ გადაწყდება ის საკითხები, რომლებიც გვაწუხებს ჩვენც, მთელ ქვეყანას და მათ შორის, სამინისტროს, ყველაზე უფრო”, — დასძინა თავართქილაძემ.
გარეკანის ფოტო: ვიდეოკადრები “მთავარი არხის” ჩართვიდან
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.