ბრიტანეთში მასწავლებლები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით მრავალათასიან აქციებს აანონსებენ
27 აპრილსა და 2 მაისს ბრიტანეთში მასწავლებელთა პროფკავშირები მასშტაბური აქციების გამართვას გეგმავენ, რადგან მთავრობამ ხელფასების გაზრდისთვის საჭირო თანხის აღება სახელმწიფო ბიუჯეტის მაგივრად, სკოლების ბიუჯეტიდან გადაწყვიტა, რაც პროფკავშირთა ლიდერების თქმით, მთლიანი განათლების სისტემაზე ძალიან ცუდად აისახება. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
2022 წელს, ინგლისის მასშტაბით, მასწავლებელთა ხელფასი 5%-ით გაიზარდა და ასევე ითქვა, რომ 2023 წლისათვის ანაზღაურება კიდევ 4.3%-ით გაიზრდებოდა, რის შედეგადაც, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, მასწავლებელთა წლიური შემოსავალი ერთჯერად 1000 ფუნტთან ერთად, £30,000 იქნებოდა.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სექტემბრიდან ხელფასების 4.3%-იანი ზრდა ბრიტანეთში არსებული სკოლების ბიუჯეტიდან უნდა მომხდარიყო, რაც მასწავლებელთა პროფკავშირის აზრით, წარმოუდგენელია.
ინგლისში, ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფკავშირები მთავრობის მიმართ პროტესტის მთავარ არგუმენტად იმას ასახელებენ, რომ სკოლებს არ აქვთ საკმარისი ბიუჯეტი, რათა მასწავლებელთა ხელფასების ზრდა უზრუნველყონ, რადგან თუ ამას იზამენ, მაშინ მოუწევთ, რომ ხარჯები სხვა მიმართულებით შეამცირონ, რაც კიდევ უფრო ნეგატიურ გავლენას იქონიებს სწავლის პროცესზე.
„მასწავლებლების ეროვნული ასოციაციის“, NAHT-ის გენერალური მდივანი, პაულ ვაითმენი აღნიშნავს, რომ მასწავლებლები მთავრობის შეთავაზებით თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ, რადგან მათი გადაწყვეტილება არ არის სათანადოდ გააზრებული და გათვლილი. მან ასევე მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდნენ.
ამის გარდა, Upi-ს ცნობებით, 4 აპრილს, „განათლების ეროვნულმა გაერთიანებამ“, NEU-მ, რომელიც 450 000 ადამიანს აერთიანებს, აპრილ-მაისში დაგეგმილი საპროტესტო აქციების გარდა, საშემოდგომო გეგმებზეც ისაუბრა და ასოციაციის ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ პროტესტი შემოდგომაზეც გაგრძელდეს.
მსგავსი სიტუაციაა იორკშირშიც, სადაც პროფკავშირების ყოველწლიურ კონფერენციაზე დელეგატებმა ხმა მისცეს აქციების ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში გამართვას.
The Guardian-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ინგლისის 8000 საჯარო სკოლაში მომუშავე 29 წლამდე მასწავლებლების 34%, ფულის დაზოგვის მიზნით, დღეში მხოლოდ ორჯერ იკვებება, რადგან გაზრდილი გადასახადების ფონზე, მათი ანაზღაურებით ვერ ახერხებენ, რომ ყველა ხარჯი, მათ შორის კვებისთვის საჭირო თანხა დაფარონ.
ხელფასების ზრდას, მასწავლებლებთან ერთად, ინგლისში სხვა პროფესიის წარმომადგენლები ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ითხოვდნენ, მაგრამ სიტუაცია მალევე დასტაბილურდა.
მთავრობის პოზიცია კი ამ დრომდე უცვლელია. მათი თქმით, სკოლებს შეუძლიათ, რომ ანაზღაურება საკუთარი ბიუჯეტიდან გასცენ, მიმდინარე აქციებს კი „იმედგამაცრუებლად“ აფასებენ და იმუქრებიან, რომ თუ გაფიცვები გაგრძელდება, ანაზღაურების გაზრდის შეთავაზებას საერთოდ გააუქმებენ.
მოამზადა ბაჩანა ტყემალაძემ