უკრაინის მოსაზღვრე რუსულ ოლქებში 9 მაისის აღლუმებს აუქმებენ
რუსეთის ორ ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, 9 მაისს სამხედრო აღლუმებს არ ჩაატარებენ. ინფორმაციას ბელგოროდისა და კურსკის გუბერნატორები ადასტურებენ.
9 მაისს რუსეთში ნაციზმზე გამარჯვებას ზეიმობენ. ამ დღეს მოსკოვსა და სხვა ქალაქებში ტრადიციული სამხედრო აღლუმი იმართება როგორც ჯარისკაცების, ისე სამხედრო ტექნიკის მონაწილეობით.
“…აღლუმი არ იქნება, რათა არ მოხდეს მტრის პროვოცირება ტექნიკისა და სამხედრო პერსონალის დიდი [რაოდენობის] თავმოყრით ბელგოროდის ცენტრში”, — ციტირებს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” ბელგოროდის გუბერნატორს, ვიაჩესლავ გლადკოვს.
აღლუმის გამართვაზე უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქშიც თქვეს უარი. ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმა დაადასტურა.
ხსენებული ოლქების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ჩაატარებენ თუ არა ე.წ. უკვდავი პოლკის აქციას, რომელიც უკანასკნელ წლებში, ყოველ 9 მაისს ტარდება რუსეთში.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ბელგოროდსა და კურსკში აფეთქებები ხშირია. კიევში ამაზე ღიად არ აუღიათ პასუხისმგებლობა, თუმცა არაერთხელ დაუხასიათებიათ ეს აფეთქებები, როგორც “კარმა” რუსეთის სასტიკი ომის საპასუხოდ.
როგორც The Moscow Times წერს, გასული წლის 9 მაისს, როცა ომი უკვე დაწყებული იყო, სამხედრო აღლუმები კურსკშიც ჩაატარეს და ბელგოროდშიც.
კრემლში დასძენენ, რომ უსაფრთხოების ზომების საფუძველზე აღლუმების გაუქმების საკითხის გადაწყვეტა ოლქების გუბერნატორების გადასაწყვეტია.
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.