ახალი ამბები

რამდენიმე ქართველი მოსამართლე აშშ-ში გაემგზავრა

რამდენიმე ქართველი მოსამართლე აშშ-ში გაემგზავრა

რამდენიმე მოსამართლე საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეერთებულ სტატებში გაემგზავრნენ მოსამართლეები: ეკა არეშიძე, ნინო ელიეშვილი, ლევან დარბაიძე და თამარ ჩიხლაძე.

ამის შესახებ ცნობილი მოსამართლე ეკა არეშიძის მიერ გამოქვეყნებული საჯარო პოსტიდან გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ მოსამართლეები ამერიკის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში ჩავიდნენ.

ნინო ელიეშვილი შედიოდა იმ მოსამართლეთა ხუთეულში, რომლის ვიზიტიც თავდაპირველად აშშ-ში იგეგმებოდა, თუმცა მაგთან ოთხმა ვიზიტზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც ნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და სხვები დაასანქცირა.

იმ ფაქტს, რომ მიმდინარე მოვლენების მიუხედავად რამდენიმე მოსამართლე მაინც გაემგზავრა შეერთებულ შტატებში, გამოეხმაურა “სასამართლო გუშაგის” დამფუძნებელი, იუსტიციის უმღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი:

“არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო მოსამართლეების მიმდინარე სასწავლო ვიზიტს აშშ-ში. მოსამართლის ნებისმიერი საჯარო ნაბიჯი თუ გადაწყვეტილება მის მიმართ ნდობაზე აისახება და მიუთითებს, არის თუ არა მედეგი. როგორც იცით, რამდენიმე ხნის წინ მოსამართლეების ნაწილმა უარი თქვა სასწავლო ვიზიტში მონაწილეობაზე (5-დან 4-მა), შესაბამისად აღნიშნულმა აქტმა, ამ კონტექსტში, დატოვა განცდა, რომ ეს იყო არა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, არამედ ზემოქმედების შედეგი.

ასეთ დროს ჩნდება კითხვა: მოსამართლეს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას; ის როგორ შეძლებს განაჩენის გამოტანას დამოუკიდებლად იმ შემთხვევაში, თუ მასზე პოლიტიკურ, შიდა ან სხვა სახის ზეგავლენას ექნება ადგილი?

ამჟამად სასწავლო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება რამდენიმე მოსამართლე. მათ შორისაა ქალბატონი ნინო ელიეშვილი. როგორც ჩანს, ის არ დაემორჩილა კლანურ წესებს და ფსევდო სოლიდარობის აქტში არ მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, პატივისცემას იმსახურებენ ის მოსამართლეები, რომლებმაც 4 მოსამართლის უარის შემდეგ დათანხმდნენ ვიზიტს.

მოსამართლეების ეს გადაწყვეტილება მათ მედეგობაზე მიუთითებს.

განსაკუთრებით ახლა, მოსამართლეების მიმართ ამ ინტენსიური ხელისუფლების განცხადებებისა და საპარლამენტო უმრავლესობის ე.წ. პოლიტიკური სოლიდარობის ფონზე”, – წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

მისი თქმით, უცნაურია, მაგრამ მოსამართლისთვის ღირსების საკითხი გახდა სასწავლო პროგრამაში მონაწილეობაზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებაც კი.

“დაახლოებით 1 წლის წინ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტიდან მიმართა მოსამართლეებს და სოლიდარობისკენ მოუწოდა: “საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე, ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა.” მაშინ მისი განცხადება ეხებოდა ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძეს. ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას მოჰყვა შედეგი, პროგრამაში მიწვეულმა მოსამართლეებმა უარი თქვეს აშშ-ში სასწავლო ვიზიტში მონაწილეობაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს აშშ, რომ მოსამართლეებს ასეთი გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს”, – წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.